ქალაქ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტელეკომპანია "რიონთან" გაკეთებულ კომენტარში "ტორპედოსა" და იტალიელ ინვესტორებს შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"ველოდებით ჩვენც, გრძელდება მოლაპარაკებები. სულ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი და შეჯერების შემთხვევაში იტალიელები მზად არიან, გადაიბარონ "ტორპედო" და ჩადონ ინვესტიციები ჩვენს გუნდსა და მის განვითარებაში.
იყვნენ ჩამოსულები, გავაცანით ჩვენი პირობები, ასევე გავეცანით მათ პირობებს. ახლა უკვე ვმუშაობთ და ველოდებით, რა როგორ დასრულდება. ყველას სურვილია, "ტორპედოს" საკითხი დადებითად გადაწყდეს. ამიტომ, როგორც სამხარეო ადმინისტრაცია, ისე მუნიციპალიტეტი და ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურს ვაკეთებთ აღნიშნული საკითხის სასურველად გადასაჭრელად.
კონკრეტული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, "ტორპედოს" დავალიანების გასასტუმრებლად ვადა 26 იანვრამდე აქვს. ვალის არგადახდის შემთხვევაში ქუთაისური კლუბი ეროვნულ ლიგას დატოვებს. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად "ტორპედოს" 2 დღე აქვს დარჩენილი.