ლუკა წულუკიძე: "ურალში" არ მივარჯიშია, მხოლოდ კონტრაქტი გავაფორმე

AutoSharing Option
“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ლუკა წულუკიძე, რომელსაც კარიერა რუსულ “ურალში” უნდა გაეგრძელებინა, თბილისურ კლუბს დაუბრუნდა. უკრაინაში რუსული აგრესიის გამო ფეხბურთელმა ფიფას წესებით ისარგებლა და “ურალთან” კონტრაქტი შეაჩერა.

წულუკიძეს ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ - გავახსენებინეთ პირველი ნაბიჯები “საბურთალოს” აკადემიაში, ასევე, პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში. ფეხბურთელმა “კარლსრუეში” სტაჟირებასა და 19-წლამდელთა ნაკრებზეც ილაპარაკა.

- ლუკა, ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდით, “საბურთალოში” რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეთ. როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი და როდიდან უნდა ველოდოთ 20-კაციან განაცხადში ყოფნას?
- გეგმაზომიერად მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი, გუნდთან ერთად ვემზადები,
საწვრთნელ პროცესში სრულყოფილად ვმონაწილეობ. თბილისურ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ოფიციალურადაც დავრეგისტრირდი. ხოლო, თუ როდის ვიქნები 20-კაციან განაცხადში, ამას მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტენ.

- “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ხართ. გაიხსენეთ, როგორ აღმოჩნდით “საბურთალოში”?
- წარმოშობით ზესტაფონელი ვარ, ბავშობაში იქ ვთამაშობდი ფეხბურთს. ერთ დღეს “საბურთალოს” ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ მომიწია თამაში, მწვრთნელებმა შემამჩნიეს და თბილისურ აკადემიაში თამაში შემომთავაზეს. ასე აღმოვჩნდი “საბურთალოში”. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ვიყავი განათხოვრებული, მაგრამ შემდეგ “საბურთალოს” დავუბრუნდი.

- თქვენი პროგრესი ძალიან მალე მოხდა - გაიარეთ ყველა ასაკობრივი გუნდი, რის შემდეგაც დუბლშემადგენლობის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ გიხმოთ. მალევე კი ლევან კორღალიძემ “საბურთალოს” მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მოგცათ. ქობულეთში ცვლილებაზე შეხვედით და ეროვნულ ლიგაში პირველი გოლიც გაიტანეთ. როგორ გაიხსენებთ ამ ყველაფერს?
- ჯერ ბახვა ამბიძესთან 17-წლამდელთა გუნდში ვიყავი, შემდეგ 19-წლამდელებში გადამიყვანეს. ამის მერე თემურ შალამბერიძემ “საბურთალო-2"-ში დამაწინაურა, რის შემდეგაც მალევე მთავარი გუნდის 20-კაციან განაცხადში მოვხვდი. ლევან კორღალიძემ “შუქურას” წინააღმდეგ ცვლილებაზე შემიყვანა. სადებიუტო მატჩს ვატარებდი “საბურთალოს” მთავარ გუნდში. ორმაგად სასიხარულო იყო ის, რომ მიუხედავად მდევრის როლში ყოფნისა, მოვიგეთ და გამარჯვების გოლი მე გავიტანე. ვისარგებლებ შემთხვევით და ლევან კორღალიძეს, თემურ შალამბერიძესა და ბახვა ამბიძეს ნდობისთვის მადლობას გადავუხდი.

- ამის შემდეგ “ურალში” აპირებდით კარიერის გაგრძელებას, მაგრამ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო კვლავ საქართველოში დაბრუნდით…
- “ურალის” შემადგენლობაში არ მივარჯიშია, მხოლოდ სამედიცინო შემოწმება მქონდა გავლილი და კონტრაქტისთვის ხელი მოწერილი. “ურალი” უკრაინაში რუსული აგრესიის გამო დავტოვე და სამშობლოში ჩამოვედი.

- “ურალამდე” კი “კარლსრუეში” სტაჟირება იყო. რამდენად კმაყოფილი დარჩით?
- გერმანიაში ორი კვირის განმავლობაში ვიყავი, ძალიან ნაყოფიერი სტაჟირება გამომივიდა. ბევრი რამ შევიძინე და ვისწავლე. ამ ხნის განმავლობაში “კარლსრუეს” ბაზაზე ვცხოვრობდი. გარკვეული დაკვირვების შემდეგ გერმანელებმა ჩემი დატოვება გადაწყვიტეს, მაგრამ 31 იანვარს სატრანსფერო ფანჯარა იკეტებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ 18 წლის არ ვიყავი, ხელშეკრულებას ხელს ვერ მოვაწერდი. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე “საბურთალოს” ფეხბურთელი ვარ და გუნდში ადგილის დამკვიდრებაზე ვფიქრობ.

- ცოტა ხნის წინ 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში იასპარეზა, სადაც ვერ შეძლო წარმატებით გამოსვლა. როგორი ჯგუფი იყო და რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?
- საერთო ჯამში, თანაბარი ჯგუფი იყო და თავისუფლად შეიძლებოდა წარმატებით თამაში. მართალია, რუმინეთთან დიდი ანგარიშით წავაგეთ, მაგრამ… როდესაც 1:2 იყო, ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. ამავდროულად, უმცირესობაში დავრჩით. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ფეხბურთელებზე. ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით. ისლანდიის ნაკრებთან ვიგებდით და 3 ქულა ბოლო წუთებზე დავკარგეთ. ბოლო შეხვედრაში ხორვატიის ნაკრები კი დავამარცხეთ, მაგრამ ეს გამარჯვება საკმარისი არ იყო ჯგუფში წარმატების მისაღწევად.

- 19-წლამდელთა ნაკრების შემდეგ უკვე 21-წლამდელთა ნაკრებია. ახალგაზრდულ ნაკრებამდე ერთ ნაბიჯში ხართ. ხომ არ ელით გამოძახებას?
- რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ ყველა ნაკრებში ვითამაშო. გამიხარდება, თუ მომავალში 21-წლამდელთა ნაკრებში ვითამაშებ, შემდეგ კი ეროვნულში, მაგრამ ახლა 19-წლამდელთა ნაკრებში ვარ და ამ გუნდის წარმატებაზე ვფიქრობ. ხვალ შვეიცარიაში მივემგზავრებით, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული