საქართველოს ნაკრებმა ცალკარა თამაშში ანდორას პირველი ტაიმი 1:0 მოუგო

AutoSharing Option
13 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩის პირველი ტაიმი ანდორას 1:0 მოუგო.

ამ მატჩის მოლოდინი დიდი იყო. ჯერ ერთი, ერთა ლიგამ ქართველ გულშემატკივრებში იმედი გააღვივა, თანაც სტარტზე მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ და მითუმეტეს იმან, რომ ანდორელთა დამარცხების შემთხვევაში ჯვაროსნები სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო განიმტკიცებენ.

მეტოქე გუნდის მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ყაზახეთთან მიღწეული ფრის შემდეგ განაცხადა, რომ ყაზახთა გუნდი საქართველოზე ძლიერია, რაც უფრო ალბათ, წარმატებით გამოწვეული ეიფორიაში მყოფი კაცის ნათქვამი გახლდათ და ის რომ მართალი არ იყო, ჩვენმა ნაკრებმა უნდა დაამტკიცოს.

ნახევრადსამოყვარულო გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ანდორელებს პირველ ნომრად თამაში უბრალოდ არ შეუძლიათ, დაცვაში ჩადგომით და იშვიათი კონტრშეტევებით ცდილობენ მიზნის მიღწევას და უნდა ითქვას, ეს უკანასკნელ ხანს გამოსდით კიდეც. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო სწრაფი გოლის გატანა, რაც თამაშს გახსნიდა და შეხვედრა ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართებოდა.

იმის გამო, რომ ზედ მატჩის წინ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა ოქრიაშვილმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მის ნაცვლად ნიკა კაჭარავა დააყენა სასტარტოში. მოკლედ, ვერა დ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება. შეგახსენებთ, ოქრიაშვილის გარდა ტრავმირებულნი არიან თავდამსხმელები ლევან მჭედლიძე და გიორგი ქვილითაია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოწინააღმდეგე თავიდანვე მთელი გუნდით შეტევაში ჩადგა და ჩვენმა გუნდმა შეუტია. შეუტია ორივე ფლანგიდან, აქტიურად. ორი გაცუდებული მომენტის შემდეგ სტუმრებმაც მიიტანეს ჩვენს კარზე იერიში და მეკარე ლორიას მოუწია საქმეში ჩართვა. ერთი სიტყვით, ანდორა თავს უნარიანად იცავდა და სწრაფი გოლის გატანა ვერ მოხეხრდა.

26-ე წუთზე ნავალოვსკის ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ასცდა. 30-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებისას ბურთი კარში კვირკველიამ თავით დაარტყა და გოლკიპერმა გადარჩინა თავისი გუნდი და 31-ე წუთზე ლოგიკური გოლიც გავიდა - ყაზაიშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ჯვაროსნებმა შეტევები გააგრძელეს და ნავალოვსკის თავური ოდნავ ასცდა კარს.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ანდორა
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (31)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კაჭარავა

ანდორა: გომესი, მარტინესი, უოლესი, რებესი, ლიმა, ვიეირა, სან ნიკოლასი, ცერვოსი, რუბიო, ლოვერა (გარსია 44), როდრიგესი

altსაქართველოსა და ანდორის ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული