აქვე, ბულგარეთთან წინა მატჩის ნავარაუდებზეც ვთქვათ. ჩვენს ვერსიას მხოლოდ 2 არ დაემთხვა - მთავარმა მწვრთნელმა საბა ლობჟანიძის დასვენება გადაწყვიტა, ხოლო ირაკლი აზაროვი, რომლის განაცხადში დაბრუნებასაც ვვარაუდობდით, სასტარტოში ვიხილეთ.
გიბრალტარსა და ბულგარეთთან მატჩებში საქართველოს ნაკრების 23-კაციან განაცხადში ცვლილებები იყო. ფრანგი დამრიგებელი ცდილობს,
ფეხბურთელები, რომლებიც ჯერ განაცხადშიც არ ყოფილან:
გრიგოლ ჩაბრაძე, ლუკა ლოჩოშვილი (მცველები), ბექა მიქელთაძე (ფორვარდი).
მოთამაშეები, რომლებიც განაცხადში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ:
გიორგი მამარდაშვილი, ლაზარე კუპატაძე (მეკარეები), ლაშა დვალი (მცველი), სანდრო ალთუნაშვილი (ნახევარმცველი).
ჯერჯერობით, 1 წუთითაც არ დაუსვენიათ:
გიორგი ლორია (მეკარე), დავით ხოჭოლავა (მცველი)
მაკედონიაში, რომელ ნაკრებსაც თბილისში ევროპის ჩემპიონატის საგზური დავუთმეთ, ყველაზე რთული მატჩის მოლოდინში ვართ, მაგრამ გარკვეული როტაცია მაინც მოსალოდნელია.
მეკარე
რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ სანიოლისთვის პირველი მეკარის ცნება მნიშვნელოვანია და ივნისის 4-ვე შეხვედრაში გიორგი ლორიას ვიხილავდით. "ჯვაროსნების" კარის დარაჯს განვლილ მატჩებში შეცდომა არ დაუშვია.
საქართველოს ნაკრებში შექმნილი პოზიტიური ატმესფეროსა და ვილი სანიოლის დამოკიდებულებების გამო იმის ალბათობა საკმაოდ გაიზარდა, შანსი "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიიღოს. შესაძლოა, ეს ახლაც მოხდეს ან მე-4 ტურში, ბულგარეთთან თბილისში.
ცენტრალური მცველები
გასულ მატჩში ცენტრალური მცველების სამეულში ცვლილება ვიხილეთ. ფაქტია, ამ ზონაში შეცდომები მიღებულ გოლებად დაგვიჯდა.
გურამ კაშიას გარეშე ჩვენი ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია. ის დაცვის ხაზს უნარიანად ხელმძღვანელობს და მოტივირების კუთხითაც დიდ საქმეს აკეთებს.
ლოგიკურად, იმის დრო მოვიდა, თავისი შანსი ლაშა დვალმა მიიღოს, რომელიც სანიოლის კეთილგანწყობით ყოველთვის სარგებლობდა. თუკი ვილი "ფენერცვაროშის" მცველის გამოყენებას გადაწყვეტს, მაშინ დასვენების საშუალება დავით ხოჭოლავას უნდა მიეცეს.
შესაძლოა, ფრანგი დამრიგებელი ოთარ კაკაბაძის როტაციის საჭიროებაზე ფიქრობს, რომელმაც წინა მატჩში ფლანგზე ითამაშა. ამ შემთხვევაში, ხოჭოლავა მარჯვენა ცენტრალური მცველი უნდა იყოს.
ფლანგები
საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება - ამის თქმა გადაჭრით შეიძლება. მან დაისვენა და მარჯვენა ფლანგზე ახალი ენერგიით ველით.
ირაკლი აზაროვს ბულგარეთში მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა გიორგი წიტაიშვილი, რომელიც გიბრალტართან ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მომჯობინდა და მისი ძირითადში დაბრუნება საკმაოდ ლოგიკურად მიგვაჩნია. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი.
მოედნის ცენტრი
ალბათ, უკვე მოვიდა დრო, ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში ვიხილოთ. ნახევარმცველს ბევრი გაუცდა და წინა მატჩებში ცოტა დროს იღებდა, სადაც თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაინც ახერხებდა. გვგონია, რომ ამაზე სამწვრთნელო შტაბიც ფიქრობს.
გიორგი აბურჯანია კარგ ფორმაშია, თუმცა, შესაძლოა, ახლა დასვენების საშუალება მიეცეს და მისი ადგილი "კიტემ" დაიკავოს. ჩრდ. მაკედონიელების შესრულებით კიდევ უფრო რთული პრესინგი უნდა ვნახოთ, ვიდრე ეს ბულგარეთში იყო, რასაც ოთო ალღოს კარგად აუღებს.
ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან ცოტა ითამაშა, როტაციაში უკვე მოხვდა და მაინც უფრო ნაკლებად გვგონია, კიტეიშვილმა ის შეცვალოს.
შემტევები
ჯერ არ ვიცით, სანიოლი რა განლაგებას აირჩევს, თუმცა, სავარაუდოდ, 3-4-2-1 უნდა ვიხილოთ. გასვლით მატჩში ისევ ზურიკო დავითაშვილს ველით, რომელიც სანიოლის ტაქტიკურ გეგმებს იდეალურად ერგება.
გამოიკვეთა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების შესაძლებლობა მოედნიდან ადრე გაყვანით თუ მიეცემა (მის ადგილს ვაკო ყაზაიშვილი იკავებს). ის, რომ "კვარა" მინდორზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდეს, გამორიცხული გვგონია.
გიორგი მიქაუტაძე ბულგარეთში აქტიურად ჩაერთო, თუმცა ბუდუ ზივზივაძეს კარგი შეხვედრა ჰქონდა. ვვარაუდობთ, რომ ახლა ისევ ბუდუ დაიწყებს, მიქაუტაძის სასტარტოში ყოფნას (ისევე, როგორც გიორგი ჩაკვეტაძის) ბულგარეთთან თბილისში ველით.
შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფს ლიდერობს, ჩრდ. მაკედონიას კი 4 ქულა აქვს. სკოპიეში შეხვედრა 9 ივნისს (22:45 სთ) გაიმართება და მას როი რაინშრაიბერი (ისრაელი) გაუძღვება, რომელიც ყვითელ-წითელი ბარათების "მოყვარულად" მიიჩნევა.
საუკეთესო სანიოლი - საქართველოს ნაკრების შეფასება
კომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს...