შანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია. წარმატებული სტარტი მნიშვნელოვანია, პირველი მეტოქე კი სერიოზულია. ნორვეგიელებს კარგი გუნდი და მათ შორის, ორი გამორჩეული ფეხბურთელი, მარტინ ოდეგორი და ერლინ ჰოლანი ჰყავთ. მათთან დაპირისპირებამდე ამხანაგურ შეხვედრას მონღოლეთის ნაკრებთან ჩავატარებთ, სადაც ვილი სანიოლის გუნდი ხასიათზე მოსვლას შეეცდება, გენერალურ რეპეტიციასთან ერთად კი, გარკვეული სიახლეების დანერგვასაც ველით.

ვისი ყოფნა გაგვიკვირდა...

ფრანგი დამრიგებლის სიაში ლუკა გაგნიძის ყოფნა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. 20 წლის ნახევარმცველს თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს - კარგად ხედავს მოედანს,
იცის გამამწვავებელი პასი და არც სითამამე აკლია. თუკი ჩვენს ნაკრებს პრობლემები სადმე აქვს, ეს მინდვრის შუა ნაწილია, სადაც პრესინგის დაძლევა და ინიციატივის აღება გვიჭირს. სავარაუდოა, რომ გაგნიძეს შანსი ამხანაგურ მატჩში მიეცემა. სანიოლის ნორვეგიელებზე ბევრი ექნება ნაფიქრი და თუკი უკვე შეჩვეული ტაქტიკური სქემის შეცვლას გადაწყვეტს და ნახევარდაცვაში მეტ მოთამაშეს გამოიყენებს, დიდი შანსია, ეს სწორედ მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელი იყოს. ლუკა სტანდარტებსაც სახიფათოდ ასრულებს.

Sportall.Ge

გაგნიძის მოწვევის შესახებ ჩვენ ადრეც დაგვიწერია. ყველას სურვილი იყო, მას შექმნილი მდგომარეობით ესარგებლა და ევროტურნირებს მოწყვეტილი რუსეთის ჩემპიონატი დაეტოვებინა, თუმცა ისიც ვნახეთ, პოლონეთის ჩემპიონატში კარგად ვერ აეწყო. ლუკა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, ახლა კი შანსი ნაკრებშიც უნდა გამოიყენოს. შეგახსენებთ, სიაში კიდევ ერთი მისი თანაგუნდელი, საბა საზონოვია. ის რუსეთის პრემიერლიგაში საკმაოდ ხისტი მცველია, 12 თებერვალს, "ხიმკის" წინააღმდეგ გააძევეს, დაბრუნების შემდეგ კი 2 სხვადასხვა მატჩში კვლავ გააფრთხილეს. საბა ფიზიკურად ძლიერი უკანახაზელია და მასზე დაკვირვებასაც მონღოლეთთან ველით.

სიაში ვისმა ყოფნამაც გაგვაკვირვა, გიორგი ბერიძეა. არაერთხელ პირიქით ყოფილა, როცა "ანკარაგიუჯუს" შემტევი გაცილებით უკეთეს ფორმაში გვინახავს, სიაში კი ვერ ამოვიკითხეთ. ვნახოთ, მას დრო რამდენად მიეცემა.

ცენტრალურ მცველებს შორის არსებული დიდი კონკურენციის (კაშია, ხოჭოლავა, კვირკველია, საზონოვი, ტაბიძე) გამო ნაკრებში ლაშა დვალის გამოჩენას, რომელიც ერთ დროს ძირითადის შეუცვლელი წევრი იყო, მაინც ნაკლებად ველოდით. თუკი სანიოლი ნორვეგიასთან სიახლესა და  4-მცველიანი ტაქტიკის დაბრუნებას გადაწყვეტს, დვალის ან ტაბიძის განხილვა მარცხენა მცველის პოზიციაზეც შეგვიძლია, რაც ადრეც გვინახავს. რეალობას ვერ გავექცევით, როგორც ირაკლი აზაროვს, ასევე გიორგი წიტაიშვილს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვთ, გურამ გიორბელიძე კი ეროვნული ლიგაში ახლახან დაბრუნდა და განაცხადს მიღმაა.

Sportall.Ge

ვის ველოდით...

რა თქმა უნდა, იტალიურ "კრემონეზეში" მოთამაშე ლუკა ლოჩოშვილს სიაში ყველა ელოდა. სანიოლი ამ შემთხვევაში ქებას იმსახურებს, რადგან მან შემადგენლობის შერჩევისას კლუბების დონით არ იმოქმედა. ლოჩოშვილს ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა და ჯერ სათანადოდ არც დაბრუნებულა (მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა), ფორმაში არმყოფი მოთამაშე კი ვილიმ გამოძახებულებში არ შეიყვანა. საქართველოს ნაკრებში გვახსოვს პერიოდები, როცა შემადგენლობის შერჩევა იმდროინდელი სათამაშო დროის მიხედვით არ ხდებოდა, რაც სწორი მიდგომა არ იყო.

სიაში ლევან შენგელიას არყოფნაც გვეუცნაურა. საბერძნეთში მოთამაშე გამოცდილ ფლანგელს უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში (0:3 მაროკოსთან) მთელი მარცხენა ფრთის კონტროლი დაევალა და გაჩნდა განცდა, რომ ამ პოზიციაზე სხვა დროსაც გამოიყენებდნენ.

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მასზეც დაახლოებით იმას ვიტყვით, რაც გიორგი ბერიძეზე დავწერეთ. კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 გოლი გაიტანა და ახლა იმაზე შედეგიანია, ვიდრე თუნდაც ნოემბერში, როცა ნაკრებში ვიხილეთ.

გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველების სიის მიღმა დარჩენა ცოტა უცნაურია. მაგალითად, ვლადიმერ მამუჩაშვილი სანიოლის რჩეულებში, ფაქტობრივად, მუდმივად იყო, თან ის ახლა საკმაოდ კარგ ფორმაშია...

Sportall.Ge

რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

ვილი სანიოლის არაერთხელ უთქვამს, რომ ნაკრებში მოსახვედრად საკლუბო პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ზოგჯერ იძულებულია, ამა თუ იმ მოთამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამაზე თვალი დახუჭოს. სიაში ასეთი ფეხბურთელი კვლავ არის. ბუდუ ზივზივაძემ ტრავმის შემდეგ კლუბი გამოიცვალა და გერმანულ "კარლსრუეში" ჯერ მხოლოდ 7 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა კრიზისი დაძლია და სანაკრებო შეხვედრებამდე ერთ-ერთ ლიდერ "ჰაიდენჰაიმთან" დაპირისპირება ელის, სადაც იმედია, ბუდუსაც ვნახავთ.

ზივზივაძე საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რაც უკანასკნელი "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე კარგად დავინახეთ. ახლა გიორგი მიქაუტაძეს ბევრი გააქვს, თუმცა ბუდუს კარგი თამაში ძალიან გვჭირდება.

Sportall.Ge

ტრავმა

იმედია, არსებულ სიაში იძულებითი კორექტივები აღარ შევა, ოთარ კიტეიშვილის ტრავმა კი ძალიან სამწუხაროა. ის საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა და მინდვრის შუაში მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ოთო დროულად უნდა ათამაშდეს და ივნისისთვის "ჯვაროსნებთან" ერთად იყოს...

შეგახსენებთ, მონთოლეთსა და ნორვეგიას ბათუმში, 25 და 28 მარტს ვუმასპინძლებთ.

altსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი მატჩებისთვის

altსაქართველოს ნაკრები - ფორმაში (არ)მყოფები, ტრავმირებულები და რესურსი

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

altმიქაუტაძემ ნაკრებშიც უნდა გაიტანოს - როგორი იქნება კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება?

altჩაკვეტაძე ფორმაშია - რამდენად მოხერხდება მისი კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნაკრებში?

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

მკითხველის კომენტარები / 19 /
მოცემულ მომენტში არაფრის ფუფუნება არ გვაქვს , გარდა მეკარისა , კვარაცხელიასა და თითქმის მიქაუტაძისა .
ტარიელი
14:19 17-03-2023
0
კიტეიშვილის არ ყოფნა ძალიან სამწუხაროა, ის დიდი ძალაა ჩვენი ნაკრებისათვის.
ქობულეთიდან
11:14 17-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული