გიორგი მამარდაშვილი (6.0) - "ვალენსიას" კიპერი კარის ხაზზე ბრწყინვალეა და ერთხელ მშვენიერი დარტყმა მოიგერია, რომელიც მისსავე შეცდომას მოჰყვა, "მამარდამ" ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა. შეხვედრის დასრულებას ბევრი არაფერი აკლდა, როცა გიორგიმ საკუთარ კარში კუთხური "გამოიგონა".
ოთარ კაკაბაძე (6.0) - მისი პოზიციიდან კვიპროსელებმა პრობლემები ნაკლებად შეგვიქმნეს, თუმცა ის პირველ ტაიმში გააფრთხილეს და მეტოქემ სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. კაკაბაძის ცენტრალურ მცველად თამაშს ის უპირატესობა აქვს, რაზეც მატჩის წინ ვწერდით,
გურამ კაშია (6.0) - კაპიტნის განსაკუთრებული შეცდომა არ გვახსენდება. გურამი თანაგუნდელებს კარგად აზღვევდა, თუმცა დაცვის ორგანიზების ის უნარი, რაც გააჩნია, ნაკლებად ჩანდა, განსაკუთრებით, სტანდარტული მდგომარეობების დროს.
ლუკა ლოჩოშვილი (5.5) - "კრემონეზეს" მცველს შეხვედრა ჩაუვარდა - "აკიდებული" თერთმეტმეტრიანი, წაგებული ორთაბრძოლები... აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ეპიზოდში კარგი ტექნიკური მონაცემები გამოავლინა.
გიორგი გოჩოლეიშვილი (5.5) - "შახტარის" ფლანგელი მისთვის ყველაზე ჩვეულ პოზიციაზე ვიხილეთ, თუმცა, მოულოდნელად, პასიური მატჩი გამოუვიდა. მისმა ვიზავმა, ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა კორეიამ, ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მარცხენა ფლანგისგან განსხავებით, "გოჩოს" თანაგუნდელებისგან საკმარისი დახმარება არ ჰქონდა, რაც მას მეტ სივრცეს მისცემდა.
ნიკა კვეკვესკირი (5.5) - მოედნიდან გასვლისას ის თავადაც ხვდებოდა, რომ ცუდი მატჩი ჰქონდა. არსებულ სქემასა და ფეხბურთელებში ნიკას პირველ რიგში ართმევა და მეტოქის იერიშის ჩაშლა ევალებოდა, რასაც თავი ვერ გაართვა. ამავდროულად, შუა ხაზში მოძრაობა და სისხარტე გვაკლდა. პრესინგის თამაში ჩვენს "აქილევსის ქუსლად" რჩება, რომელსაც რა თქმა უნდა, გუნდური მუშაობა სჭირდება და მხოლოდ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული არაა.
ოთარ კიტეიშვილი (7.0) - ნაკრების ნახევარდაცვას "კიტეს" დაბრუნება დაეტყო, თუმცა მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია როგორც დაცვით, ასევე შემოქმედებით ნაწილში.
ირაკლი აზაროვი (7.5) - ირაკლის მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა, ფლანგს კარგად ამწვავებდა და კვარაცხელიასთან შეთამაშებაც მაღალ დონეზე იყო. მატჩის ბოლოს მას დაღლილობა დაეტყო.
გიორგი ჩაკვეტაძე (5.5) - შესაძლოა, ყველაფერი იმის ბრალია, რომ სულ სხვანაირი "ჩაკვე" გვახსოვს, თუმცა მისი თამაში კრიტიკული იყო. გიორგის შეტევაშიც მეტი მოეთხოვებოდა და ნახევარდაცვით სამუშაოებშიც, გოლის გატანა შეეძლო, რაც ვერ გამოიყენა. იყო ეპიზოდი, როცა ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას მისამართით პასი დააგვიანა და ბურთი დაიკარგა. ვიცით გიორგის რესურსი და გვსურს, ის სანიოლის ნაკრებში მაქსიმალურად გამოყენებული იყოს.
ხვიჩა კვარაცხელია (8.5) - უკვე მეორე სანაკრებო მატჩია, ხვიჩას შეხვედრის გამორჩეულ ფეხბურთელად ვაღიარებთ. ის უეფამ კვირის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა. "კვარას" ძალიან წარმატებული დრიბლინგები ჰქონდა და იმას, რომ ყველაფერი გოლით არ დასრულდა, ორი მიზეზი ჰქონდა - თანაგუნდელების მიერ ვერგამოყენება და მისი არაზუსტი დარტყმები. სრული ყურადღებისა და მის მიმართ გამოჩენილი სიხისტის მიუხედავად, კვარაცხელია მაინც ახერხებდა, სივრცეები ენახა და თამაში გაემწვავებინა. ხვიჩა ნამდვილი ლიდერი იყო - დაცვაში ჩასვლით, ბრძოლით, გადამდები მოტივირებით, სხვისთვის სივრცეების გათავისუფლებით.
გიორგი მიქაუტაძე (8.0) - ის ცივსისხლიან ფორვარდად იქცა, რომელმაც მოწინააღმდეგეს შეცდომა არ აპატია და გოლად აქცია. ამავდროულად, გიორგი მოძრავია და ბურთს მხოლოდ საჯარიმოში არ ელოდება.
ლუკა გაგნიძე (6.0) - ჩვენს საყრდენ ზონას მისი მონაცემების მოთამაშე ნამდვილად სჭირდება. მიუხედავად რამდენიმე არაზუსტი პასისა, ლუკა თამამია, მუდმივად გამწვავებაზე ფიქრობს, მოძრავია და მისი შემოსვლის შემდეგ შეტევა უფრო სწრაფი გახდა.
საბა ლობჟანიძე (6.5) - მისი სისწრაფის შესახებ კარგად მოგვეხსენება. ნორვეგიელებთან მატჩის მსგავსად, მან თამაში ახლაც გაამწვავა და გამოაცოცხლა. მეტი დრო რომ ჰქონოდა, უფრო მეტსაც მოახერხებდა.
ზურიკო დავითაშვილი (7.0) - შესაძლოა, ის გავაკრიტიკოთ, თუმცა საქართველოს ნაკრების დღევანდელი ფორმაციისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა. მშვენიერი გოლი გაიტანა. ზურიკო შოტლანდიაში სასტარტოდან დაიწყებს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდელებს უნდა შეუერთდეს.
ბუდუ ზივზივაძე, ლაშა დვალი - შესაფასებლად ცოტა დრო ჰქონდათ. ისე, ბუდუს საჭიროება მუდმივად საგრძნობია. რაც შეეხება დვალს, კუთხურის დროს პრობლემები მატჩის ბოლოსაც გვქონდა, რაც შოტლანდიელებთან შეხვედრამდე საფიქრალია.
ვილი სანიოლი (7.0) - უკვე მეორე მატჩია, სანიოლი მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას ახერხებს და სასურველ შედეგს აფიქსირებს, თუმცა გარკვეული ფაქტორები კრიტიკას კვლავ საჭიროებს - შემადგენლობის შერჩევა, გუნდის შეთამაშების პრობლემა, ტაქტიკურ მრავალფეროვნებაზე უარის თქმა, ცვლილებების დაგვიანება. მწვრთნელს წარმატებისთვის გარკვეული გამართლებაც სჭირდება, ვილი კი იღბლიანი მწვრთნელია.
სანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...
"ჩაკეტეთ ეგ მანდ, არ გამოუშვათ" - ქეცბაიას რეაქცია, როდესაც ხვიჩა კვიპროსის ავტობუსში ავიდა [VIDEO]