საუკეთესო და ყველაზე ცუდი შეფასება - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი

AutoSharing Option
კვიპროსი - საქართველოს (1:2) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი მამარდაშვილი (6.0) - "ვალენსიას" კიპერი კარის ხაზზე ბრწყინვალეა და ერთხელ მშვენიერი დარტყმა მოიგერია, რომელიც მისსავე შეცდომას მოჰყვა, "მამარდამ" ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა. შეხვედრის დასრულებას ბევრი არაფერი აკლდა, როცა გიორგიმ საკუთარ კარში კუთხური "გამოიგონა".

Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძე (6.0) - მისი პოზიციიდან კვიპროსელებმა პრობლემები ნაკლებად შეგვიქმნეს, თუმცა ის პირველ ტაიმში გააფრთხილეს და მეტოქემ სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. კაკაბაძის ცენტრალურ მცველად თამაშს ის უპირატესობა აქვს, რაზეც მატჩის წინ ვწერდით,
მრავალფეროვანია და შეტევაში ბურთის ამოტანა უფრო მარტივად შეუძლია.

გურამ კაშია (6.0) - კაპიტნის განსაკუთრებული შეცდომა არ გვახსენდება. გურამი თანაგუნდელებს კარგად აზღვევდა, თუმცა დაცვის ორგანიზების ის უნარი, რაც გააჩნია, ნაკლებად ჩანდა, განსაკუთრებით, სტანდარტული მდგომარეობების დროს.

ლუკა ლოჩოშვილი (5.5) - "კრემონეზეს" მცველს შეხვედრა ჩაუვარდა - "აკიდებული" თერთმეტმეტრიანი, წაგებული ორთაბრძოლები... აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ეპიზოდში კარგი ტექნიკური მონაცემები გამოავლინა.

გიორგი გოჩოლეიშვილი (5.5) - "შახტარის" ფლანგელი მისთვის ყველაზე ჩვეულ პოზიციაზე ვიხილეთ, თუმცა, მოულოდნელად, პასიური მატჩი გამოუვიდა. მისმა ვიზავმა, ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა კორეიამ, ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მარცხენა ფლანგისგან განსხავებით, "გოჩოს" თანაგუნდელებისგან საკმარისი დახმარება არ ჰქონდა, რაც მას მეტ სივრცეს მისცემდა.

ნიკა კვეკვესკირი (5.5) - მოედნიდან გასვლისას ის თავადაც ხვდებოდა, რომ ცუდი მატჩი ჰქონდა. არსებულ სქემასა და ფეხბურთელებში ნიკას პირველ რიგში ართმევა და მეტოქის იერიშის ჩაშლა ევალებოდა, რასაც თავი ვერ გაართვა. ამავდროულად, შუა ხაზში მოძრაობა და სისხარტე გვაკლდა. პრესინგის თამაში ჩვენს "აქილევსის ქუსლად" რჩება, რომელსაც რა თქმა უნდა, გუნდური მუშაობა სჭირდება და მხოლოდ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული არაა.

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილი (7.0) - ნაკრების ნახევარდაცვას "კიტეს" დაბრუნება დაეტყო, თუმცა მას კიდევ უფრო მეტი შეუძლია როგორც დაცვით, ასევე შემოქმედებით ნაწილში.

ირაკლი აზაროვი (7.5) - ირაკლის მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა, ფლანგს კარგად ამწვავებდა და კვარაცხელიასთან შეთამაშებაც მაღალ დონეზე იყო. მატჩის ბოლოს მას დაღლილობა დაეტყო.

გიორგი ჩაკვეტაძე (5.5) - შესაძლოა, ყველაფერი იმის ბრალია, რომ სულ სხვანაირი "ჩაკვე" გვახსოვს, თუმცა მისი თამაში კრიტიკული იყო. გიორგის შეტევაშიც მეტი მოეთხოვებოდა და ნახევარდაცვით სამუშაოებშიც, გოლის გატანა შეეძლო, რაც ვერ გამოიყენა. იყო ეპიზოდი, როცა ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას მისამართით პასი დააგვიანა და ბურთი დაიკარგა. ვიცით გიორგის რესურსი და გვსურს, ის სანიოლის ნაკრებში მაქსიმალურად გამოყენებული იყოს.

ხვიჩა კვარაცხელია (8.5) - უკვე მეორე სანაკრებო მატჩია, ხვიჩას შეხვედრის გამორჩეულ ფეხბურთელად ვაღიარებთ. ის უეფამ კვირის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა. "კვარას" ძალიან წარმატებული დრიბლინგები ჰქონდა და იმას, რომ ყველაფერი გოლით არ დასრულდა, ორი მიზეზი ჰქონდა - თანაგუნდელების მიერ ვერგამოყენება და მისი არაზუსტი დარტყმები. სრული ყურადღებისა და მის მიმართ გამოჩენილი სიხისტის მიუხედავად, კვარაცხელია მაინც ახერხებდა, სივრცეები ენახა და თამაში გაემწვავებინა. ხვიჩა ნამდვილი ლიდერი იყო - დაცვაში ჩასვლით, ბრძოლით, გადამდები მოტივირებით, სხვისთვის სივრცეების გათავისუფლებით.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე (8.0) - ის ცივსისხლიან ფორვარდად იქცა, რომელმაც მოწინააღმდეგეს შეცდომა არ აპატია და გოლად აქცია. ამავდროულად, გიორგი მოძრავია და ბურთს მხოლოდ საჯარიმოში არ ელოდება.

ლუკა გაგნიძე (6.0) - ჩვენს საყრდენ ზონას მისი მონაცემების მოთამაშე ნამდვილად სჭირდება. მიუხედავად რამდენიმე არაზუსტი პასისა, ლუკა თამამია, მუდმივად გამწვავებაზე ფიქრობს, მოძრავია და მისი შემოსვლის შემდეგ შეტევა უფრო სწრაფი გახდა.

საბა ლობჟანიძე (6.5) - მისი სისწრაფის შესახებ კარგად მოგვეხსენება. ნორვეგიელებთან მატჩის მსგავსად, მან თამაში ახლაც გაამწვავა და გამოაცოცხლა. მეტი დრო რომ ჰქონოდა, უფრო მეტსაც მოახერხებდა.

Sportall.Ge

ზურიკო დავითაშვილი (7.0) - შესაძლოა, ის გავაკრიტიკოთ, თუმცა საქართველოს ნაკრების დღევანდელი ფორმაციისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა. მშვენიერი გოლი გაიტანა. ზურიკო შოტლანდიაში სასტარტოდან დაიწყებს, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდელებს უნდა შეუერთდეს.

ბუდუ ზივზივაძე, ლაშა დვალი
- შესაფასებლად ცოტა დრო ჰქონდათ. ისე, ბუდუს საჭიროება მუდმივად საგრძნობია. რაც შეეხება დვალს, კუთხურის დროს პრობლემები მატჩის ბოლოსაც გვქონდა, რაც შოტლანდიელებთან შეხვედრამდე საფიქრალია.

Sportall.Ge

ვილი სანიოლი (7.0) - უკვე მეორე მატჩია, სანიოლი მეორე ტაიმში გარდატეხის შეტანას ახერხებს და სასურველ შედეგს აფიქსირებს, თუმცა გარკვეული ფაქტორები კრიტიკას კვლავ საჭიროებს - შემადგენლობის შერჩევა, გუნდის შეთამაშების პრობლემა, ტაქტიკურ მრავალფეროვნებაზე უარის თქმა, ცვლილებების დაგვიანება. მწვრთნელს წარმატებისთვის გარკვეული გამართლებაც სჭირდება, ვილი კი იღბლიანი მწვრთნელია.

altსანიოლისა და ქეცბაიას დუელის შეფასება და მნიშვნელოვანი გამარჯვება ხარვეზებით...

alt"ჩაკეტეთ ეგ მანდ, არ გამოუშვათ" - ქეცბაიას რეაქცია, როდესაც ხვიჩა კვიპროსის ავტობუსში ავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
არ ვფიქრობდი,რომ ლოჩოშვილს ამ თამაშში,ძირითადში დააყენებდა.იმიტომ არა,რომ არ მომწონს,არამედ იმიტომ,რომ ვიცოდი,კვიპროსელები,ტანმორჩილები,ტექნიკურები და სწრაფები არიან.ასეთი ზორბა მცველისათვის,მათ წინააღმდეგ თამაში,ყოველთვის გაზრდილი რისკია,ლუკა კი,ისედაც რისკიანი მცველია.დარწმუნებული არ ვარ,რომ იმ მომენტში პენალტი მართლა იყო,მაგრამ რაც მოხდა,ესეც გაბარიტებში დიდმა სახვაობამ გამოიწვია და სხვა დროსაც,ცქვიტი შემტევების აყოლა,ლუკას ძალიან უჭირდა.მისი თამაში,უფრო შოტლანდიასთან უნდა ყოფილიყო,ათლეტი,ათლეტების წინააღმდეგ.ახლა კი,არ ვიცი,გაჭიმული კუნთი რამდენად მისცემს თამაშის საშუალებას.არავისთვისაა საიდუმლო,რომ კვეკვესკირს შეუძლია გრძელი პასის გაკეთება და უჭირს მჭიდრო პრესინგში თამაში.ეს ქეცბაიამ ყველაზე კარგად იცის და დიდი პრობლემებიც შეუქმნა მას.ართმევებზე კი,არასდროს ყოფილა განსაკუთრებით ძლიერი და ეს ახლაც აშკარად ჩანდა.გაგნიძე,უაღრესად პერსპექტიული ბიჭია,მაგრამ მოსკოვის დინამოში,ნამეტანი დიდხანს მოუწია დარჩენა და სეზონის ბოლოს,ეგ გუნდი,სრულიად უმართავი,უმწვრთნელო ჩანდა.ბოლოსკენ,ლუკასაც ცოტა უწევდა თამაში და აშკარად,სხვებივით,ისიც არეული ჩანდა.ამ თამაშშიც ძალიან სარისკო განივი პასი გააკეთა და ერთი სიტყვით,ჯერ კარგი დამრიგებელი და შემდეგ კი,ცოტა დროც სჭირდება,დასაღვინებლად!კვარა,მაინც ცენტრისაკენ იყო შემოწეული და შესაძლოა აზრი ჰქონოდა მისთვის და ჩაკვესათვის სამოქმედო არეალის სრული თავისუფლების მიცემას.მარცხნიდან აზაროვი,ისედაც აქტიური იყო და ჩაკვეს შიგნით შეწევით,გოჩოლეიშვილსაც გაეხსნებოდა შეტევის ზონა.ჩაკვე და კვარა კი,კომბინირებით და პასების განაწილებით,უფრო სახიფათოები იქნებოდნენფლანგებზეც და ცენტრიდანაც.საკმაოდ ბევრი წერდა,ხვიჩას დრიბლინგები,უშედეგო იყოვო,მაგრამ რატომ?ფლანიდან დრიბლინგს რომ აკეთებ,კარის წინ,ვინმე უნდა გაიხსნას ბურთის მისაღებად და დრიბლიორისათვის არჩევანის დასატოვებლად.სწორედ ეს არ ხდებოდა.მიქაუტაძეს მცველები მისდევდნენ,სხვები კი,პასიურ პოზიციებზე იდგნენ და უყურებდნენ.ზურიკოს გოლი გაიხსენეთ,ლობჟანიძე გვერდიდან, საჯარიმოსკენ დაიძრა და იქვე,საჯარიმოში ზურიკოს მისცა პასი,მანაც ბურთი შეიგდო და ბილიარდის სიზუსტით შეაგორა შორეულ კუთხეში.ხვიჩასთანაც ასე რომ ეთამაშათ,გაცილებით მეტი სიმწვავე იქნებოდა.გაიხსენეთ,ხვიჩამ საჯარიმოს ხაზთან დრიბლინგის შემდეგ,შორეულ ძელთან,საბა ლობჟანიძეს მისცა პასი,მან მიიღო,პირდაპირ კარში დარტყმა ვერ გაბედა(რომ გაებედა,ადვილი შესაძლებელია გაეტანა) და სადღაც საპენალტოსთან ახლოს,უკვე სიღრმიდან დაძრულ ხვიჩას უპასა.მართალია ხვიჩას,ერთი შეხებით დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა,მაგრამ ეს სწორედ ის იყო,რაც სხვებს უნდა გაეკეთებინათ,ხვიჩას დრიბლინგების დროს.
ჩვენი კარის წინა და საყრდენების ზონა,დაცვის დროს,კატასტროფა რომ არის,ყველა ვხედავთ და ჯერ საიმედო,არც არავინ რომ გამოჩენილა,ესეც ფაქტია.მგონი ახლა მაინც გაიგო ბევრმა,ჯაბა კანკავას ფასი.
აქ პრესინგზეც ეწერა და უკვე კაი ხანია,რაც სანიოლმა თქვა,ჩვენი ფეხბურთელები,პრესინგს კი არა,პრესინგის იმიტაციას აკეთებენო.ჰოდა ამ თამაშშიც,ჩვენ პრესინგი ვერ ვნახეთ და რაც ვნახეთ,ის მომენტებში,იმიტაციადაც ვერ ჩაითვლებოდა.მაინც მგონია,რომ რიგი ფეხბურთელები,ფიზიკურად მაინც ვერ არიან მზად და ეს პრობლემა,მუდამ პრობლემად გვრჩება.
სოსო
16:53 19-06-2023
2
არ არის ობიექტური ლოჩოშვილის და კვეკვესკირის ერთნაირი შეფასება. კარგი მატჩი ჰქონდა ლოჩოშვილს და პენალტს მანდ 10-დან 7 არბიტრი არ დადებდა. რატომღაც იჩაგრება ეს ბიჭი, მიუხედავად იმის, რომ მუდმივად პროგრესირებს. მე ძალიან მომეწონა მისი შეტევაში ჩართვებიც.
ქომაგი
13:24 19-06-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული