ესპანეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან 8 სექტემბერს ჩასატარებელი მატჩისთვის თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა და სასტუმრო "მერიოტში" დაბინავდა. საღამოს მათმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ და ფეხბურთელმა როდრიმ პრესკონფერენცია გამართეს, "დინამო არენაზე" სავარჯიშოდ გავიდნენ და პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
როგორც გაირკვა, მათი ტვირთი მადრიდიდან არ გამოაგზავნეს და გუნდი ბუცების და ხელთათმანების გარეშე დარჩა. ესპანელებმა მოედანზე ბურთების გარეშე ივარჯიშეს და გასახდელში გავიდნენ.
ესპანური მედიის ცნობით, საფეხბურთო ამუნიციას ხვალ დილით ჩამოუტანენ, რის შემდეგაც ივარჯიშებენ კიდეც.
"მარკა" წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც თბილისში პრობლემა ექმნებათ - 2021 წლის მარტში "დინამო არენაზე"
ელექტროენერგია გამოირთო, ვერ ივარჯიშეს, ტელეფონის შუქზე შხაპი მიიღეს და სასტუმროში დაბრუნდნენ.