26 წლის მიხეილ როსტიაშვილი თავდამსხმელია. ქართულ ფეხბურთში "ვიტ ჯორჯიიდან" გამოჩნდა, სადაც 2006-11 წლებში თამაშობდა. 2010 წელს, მცირე ხნით, ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, საიდანაც "ვეტერინარებს" დაუბრუნდა. მერე იყო "სამტრედია" (2012-13), იურმალის "სპარტაკი" (2014), პირველი ლიგის "ბორჯომი" (2015-16),
თავის დროზე, როსტიაშვილი საქართველოს ჩემპიონატში ურიგოდ ნამდვილად არ თამაშობდა, იყო ასაკობრივი ნაკრებების წევრი - ზაურ სვანაძე 19-წლამდელებში ათამაშებდა, ხოლო კახა ცხადაძე ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდა.
...დაგვეთანხებით, უცებ არაფერი ხდება - როცა ცსკა-ში გაცილებით სახელიან ქართველებსაც კი არ იწვევენ, მესამე ქართული ლიგის მოთამაშით რუსული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის დაინტერესება დაუჯერებლად მოგვეჩვენა და ხუმრობად ჩავთვალეთ.
მაგრამ "შევარდენი 1906"-ის პრეზიდენტმა გეგი კიკაბიძემ ეს ამბავი დაადასტურა:
"როსტიაშვილი? დიახ, ის ნამდვილად მოსკოვშია. ცსკა-მ ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნა. მეც ასე ვიცი, რომ არმიელთა მთავარ გუნდში მიიწვიეს და ძირითად შემადგენლობასთან ერთად უკვე ივარჯიშა. მაგრამ ვინ მიიწვია და მისით როდის დაინტერესდნენ, ეს ჩემთვის უცნობია", - გვითხრა კიკაბიძემ.
აი, ასეთი ისტორიაა. მიხეილ როსტიაშვილს მოსკოვში დავუკავშირდით...
- გავიგეთ, რომ მოსკოვის ცსკა-ში ვარჯიშობთ. საქართველოს მესამე ლიგიდან რუსულ გრანდში მიწვევა ზღაპარს ჰგავს. როგორ, რანაირად?
- თავიდან მეც არ მჯეროდა და დღემდე მიკვირს. არადა, მართლა ცსკა-ში ვვარჯიშობ.
- მთავარ გუნდში?
- დიახ, მთავარ გუნდში.
- კი მაგრამ, არმიელები თქვენით როდის დაინტერესდნენ?
- 2014 წელს ლატვიაში, იურმალის "სპარტაკში" ვთამაშობდი, სადაც ჩემი მწვრთნელი იყო რომან პილიპჩუკი. ძალიან საინტერესო პიროვნებაა. მუშაობდა მოსკოვის "დინამოში", დონეცკის "ოლიმპიკში", ტაჯიკეთის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში, 2016 წლიდან კი მოსკოვის "სპარტაკშია", სადაც ბოლოს მასიმო კარერას ასისტენტი გახლდათ.
ახლახან პილიპჩუკს მოსკოვის ცსკა-ს სელექცია ჩააბარეს და... მოულოდნელად დამიკავშირდა. მას იურმალაში მუშაობის პერიოდშიც მოვწონდი და გამიხარდა, სამი წლის შემდეგ რომ გამიხსენა. მაგრამ, თქვენი არ იყოს, ეს მეც უტოპიად მომეჩვენა. მაგრამ პასპორტში ვიზა რომ ჩამირტყეს, თვითმფრინავის ბილეთი და სასტუმროს ნომერი რომ დამიჯავშნეს, მაშინ მივხვდი, რომ უტოპია არ იყო და ჩემს თავს ძალიან მაგარი ამბავი ხდებოდა. მოსკოვის ცსკა ძალიან ძლიერი გუნდია და აქ ვარჯიში პატარა საქმე არ არის.
- მოსკოვში როდის ჩახვედით?
- მეხუთე დღეა, აქ ვარ. მთავარ გუნდში მხოლოდ ერთხელ, "სპარტაკთან" თამაშის შემდეგ ვივარჯიშე, ახლა "იანგ ბოიზთან" სტუმრად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში (გუშინ ცსკა-მ ეს თამაში 1:0 მოიგო - რედ.) და მე დუბლებში მავარჯიშეს. თუმცა წინასწარ გამაფრთხილეს, რომ სამი თვის განმავლობაში დამაკვირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ პერიოდში ამხანაგურ შეხვედრებშიც ვითამაშებ და ვნახოთ, რა იქნება...
- საქართველოს მესამე ლიგის კი არა, უმაღლესის ლიგის გუნდის მოთამაშესაც გაუჭირდება ცსკა-ს ფიზიკური დატვირთვების დაკმაყოფილება. თქვენ როგორ ეგუებით?
- მსგავსი დატვირთვები ცხოვრებაში არასოდეს მქონია. ახლაც ვარჯიშიდან მოვედი და სიარული მიჭირდა. მაგრამ მთავარია, რომ ვუძლებ. ამისთვის მადლობა "შევარდენს", სადაც ბოლოს ვვარჯიშობდი.
- რას ფიქრობთ, ცსკა-ში დარჩენა რეალურია?
- რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იქნება. მაგრამ პილიპჩუკმა პირდაპირ მითხრა, რომ ამ დონის კლუბში თუნდაც 3 თვე ვარჯიში წამადგება და აქ თუ არა, სხვა რუსულ კლუბში მაინც მოეწყობი, მაგრამ 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ, დარჩებიო. მეც რას ვკარგავ? 3 თვე საუკეთესო პირობებში ვივარჯიშებ და ვეცდები, თავი გამოვიჩინო.
- გუნდში როგორ მიგიღეს?
- ძალიან თბილად და მეგობრულად დამხვდნენ. სიმართლე გითხრათ, ამას ვერც წარმოვიდგენდი...
* * *
...სხვათა შორის, მიხეილ როსტიაშვილი პირველი ქართველი არ არის, რუსეთის ცნობილ კლუბში საქართველოს ჩემპიონატის დაბალი ლიგიდან რომ მოხვდა. 18 წლის იყო მათე ღვინიანიძე, 2005 წელს რეგიონული ლიგის "ნორჩი დინამოელიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" რომ აიყვანეს. შემდეგ კი "მიუნხენ 1860"-სა და "სევასტოპოლში" ითამაშა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა კი 2006 წლის შემდეგ 8-ჯერ მოირგო...16 წლის გახლდათ ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი საბა კვირკველია, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის (ასევე მესამე ლიგის) გუნდში რომ თამაშობდა და 2009 წელს იქიდან სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" მიიწვიეს. რუსული კარიერაც სწორედ ამის შემდეგ აიწყო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"