3 ქართველი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში! - რამდენი ლეგიონერი გვეყოლება ევროპულ ტურნირებზე?

AutoSharing Option
ევროთასებზე ბოლო პერიოდში არცთუ ისე ბევრი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს.

ამ სტატიაში იმ ქართველი ფეხბურთელების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც ევროსარბიელზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს და ასევე მათ შესახებ, ვისაც ამის შანსი აქვს.

ჩემპიონთა ლიგის პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს საბა კვირკველია. როგორც იცით, მისი "ლოკომოტივი" რუსეთის ჩემპიონი გახდა და პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად პირველი ორი გუნდი ხვდება.

რაიმე სასწაული თუ არ მოხდა, წლევანდელის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ იასპარეზებს დავით ხოჭოლავასა და გიორგი არაბიძის "შახტარი".

დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-2 ადგილზე
მყოფ კიევის "დინამოს" 5 ქულით უსწრებენ.

უკრაინის ჩემპიონატიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი გადის, მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გაინაღდა ვაკო გვილიას "ლუცერნმა", რომელმაც აღნიშნულ წარმატებას გუშინ "სენტ გალენის" დამარცხების შემდეგ მიაღწია.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის მცირე შანსი აქვს გიორგი ქვილითაიას ვენის "რაპიდს".

ქართველი ფორვარდის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე მე-2 ადგილზე მყოფ "შტურმს" 5 ქულით ჩამორჩება, ეს პოზიცია კი უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გარანტიას იძლევა.

სამაგიეროდ, "რაპიდს" განაღდებული აქვს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის გურამ კაშია და მისი "ვიტესი", რომელმაც ამისკენ გუშინ დიდი ნაბიჯი გადადგა.

არნემელები საშინაო ასპარეზზე პლეი-ოფში თამაშობენ და გუშინ გასვლით შეხვედრაში "დენ ჰააგი" 5:2 გაანადგურეს.

დიდი შანსია იმისა, რომ "ვიტესიც" და გუნდის ქართველი კაპიტანიც მომავალ წელს ევროპულ ასპარეზზე ვიხილოთ.

ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ ევროპის ლიგაზე მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა".

საჩემპიონო ჯგუფში, სადაც ქართველის გუნდი ასპარეზობს, "გენტი" 32 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

ჯგუფში სულ 6 კლუბი ასპარეზობს. პირველი ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის საშუალებას იძლევა.

მე-3 და მე-4 ადგილები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის. "გენტი" მე-4 ადგილზე მყოფ "შარლერუას" 1 ქულით, მე-3-ზე მყოფ "სტანდარტს" კი 6 ქულით ჩამორჩება.

1-ელ და მე-2 ადგილებთან დაწევის საშუალება ჩაკვეტაძის გუნდს აღარ აქვს, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, სხვაობა კი 10 ქულა და უფრო ბევრია.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის თეორიული შანსი აქვს გიორგი მერებაშვილის "პლოცკს", რომელიც 2 ტურით ადრე ჩემპიონატის დასრულებამდე, მე-2 ადგილზე მყოფ "ლეხს" 5 ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავა", რომელიც რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის ჩინებული შანსი აქვს ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკს". ქართველი ნახევარმცველის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მე-2 პოზიციაზეა, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის საშუალებას იძლევა.

"სპარტაკი" ბოლო ტურში მოსკოვის "დინამოს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარიც".

ევროპის ლიგის პირდაპირ ჯგუფში თამაშის ჩინებული შანსი აქვს სანდრო კობახიძის და ანდრო გიორგაძის "ვორსკლას". მათი გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-3 პოზიციას იკავებს, მდევარ ლუგანსკის "ზორიას" კი 2 ქულით უსწრებს.

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკესკირის "ტობოლიც".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული