ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" კონტრაქტი ივლისში გააფორმა, როცა თავისუფალი აგენტის სტატუსით ხაბაროვსკის სკა დატოვა.
გთავაზობთ მონაკვეთს ინტერვიუდან, რომელიც ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს.
- გიორგი, თქვენ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით... იქნებ თქვენი კარიერის შესახებ მოგვიყვეთ...
- დავიბადე თბილისში. ერთ-ერთ საბავშვო გუნდში ვთამაშობდი, რის შემდეგაც "დინამო თბილისში" გადავედი.
ამას მოჰყვა "დინამოს" მე-2 გუნდში თამაში, რის შემდეგაც დედაქალაქელთა ძირითად გუნდში აღმოვჩნდი.
იქ 2 წელი გავატარე და "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედალიც
2007 წელს რუსთავის "ოლიმპში" გადავედი, შემდეგ კი მახაჭყალის "ანჟით" ჩემი ლეგიონერის კარიერა დაიწყო.
- ქართველი ფეხბურთელისთვის "დინამო თბილისში" თამაში დიდი პატივია, ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა, ეს ყველას ოცნებაა. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.
ჩემთვის მეორე ოცნების ახდენა ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. ასე რომ, ჩემს თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ.
- მეგობრობთ დღეს კიდევ რომელიმე ადამიანთან, რომელიც იმ დროს "დინამოში" ირიცხებოდა?
- როდესაც "დინამოს" მე-2 გუნდში ვთამაშობდი, ძალიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ვაჟის ახლო მეგობარი ვიყავი.
ასევე არის კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც კიდევ ვმეგობრობ.
- თქვენ რუსეთის მოქალაქეობაც გაქვთ?
- დიახ, ასეა. რუსეთის პასპორტი იმიტომ მომცეს, რომ ლეგიონერებზე ლიმიტი იყო და ამ დროს "ანჟიში" ვთამაშობდი.
მახაჭყალური კლუბის პრეზიდენტმა საჩუქარი გამიკეთა. ამის შემდეგ გუნდში ლეგიონერად აღარ ვითვლებოდი.
- ამ დროს პოლიტიკურ მოტივს არ უმოქმედია? საქართველოს და რუსეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. როდესაც სამშობლოში დაბრუნდით, პრობლემები არ შეგექმნათ?
- არა, მე ქართველი ვარ და ეს სამუდამოდ ასე იქნება. ეს უბრალოდ ჩემი საფეხბურთო კარიერაა და მეტი არაფერი.
- გადავიდეთ ნაკრებზე. ალბათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გემახოვრებათ...
- დიახ, 2008 წელს ესტონეთს ვეთამაშეთ. ორი დღის შემდეგ კი პორტუგალიის ნაკრებს დავუპირისპირდით. ამ მატჩების შემდეგ 7 წელი ნაკრებში არ მიძახებდნენ და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ.
- საინტერესოა... ალბათ, ფიქრობდით, რომ თქვენი სანაკრებო კარიერა დასრულებული იყო...
- ბუნებრივია. საბედნიეროდ, ნაკრებს 2015 წელს დავუბრუნდი, როდესაც მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე იყო და მას ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი.
- რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად ეროვნული ნაკრებიდან?
- ორი წლის წინ ჩვენ ესპანეთი გასვლაზე 1:0 დავამარცხეთ. ეს ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის დამარცხება ბევრს ნიშნავს.
"ფურია როხა" ჩვენ წინააღმდეგ ნამდვილად იბრძოდა და მოედანზე ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ინიესტა არ იყო, რომელიც მეორე ნახევარში გამოჩნდა.