გუშინ, 20 აპრილს სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატების თამაშები გაიმართა.
სასიხარულოა, რომ სერია ა-ში ითამაშა ლევან მჭედლიძემ, ის მეორე ტაიმიდან ჩაერთო საქმეში და საგოლე პასი გააკეთა, თუმცა მისი "ემპოლი" სპალთან მაინც დამარცხდა 2:4.
ხორვატიაში ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა". გორიცელებმა გასვლაზე "ინტერ ზაპრეშიჩთან" ფრედ 2:2 ითამაშეს. მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა, 22-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.
საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩაატარა შეხვედრა ჯაბა ჯიღაურის "გრენობლმა". "გრენობლი" სახლში "ლენსთან" დამარცხდა 0:2. ჯიღაური 83-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
ბუნდელისგის საგზურისთვის მებრძოლმა
"უინიონ ბერლინმა" სტუმრად "ფიურტს" ვერ მოუგო და მესამე ადგილი დაკარგა. ბერლინელთა შემადგენლობაში 77-ე წუთიდან თამაშობდა აკაკი გოგია, რომლის გუნდიც არც ისე კარგ ფორმაშია სეზონის ბოლოს და უკანასკნელი 5 მატჩია ვერ იგებს.
ტური გაიმართა უნგრეთში. უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლი "ჰოლოდაში" სტუმრად "დებრეცენთან" დამარცხდა. ბუბა დაუშვილმა დამარცხებულთა რიგებში მატჩი სრულად ჩაატარა. ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "უიპეშტი" სახლში "ჰონვედს" დაუპირისპირდა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. გიორგი ბერიძე "უიპეშტის" ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. ხოლო "ჰონვედის" რიგებში განაცხადში მოხვდა ზაქარია ბეგლარიშვილი, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. ბაჩანა არაბულის "პუშკაშის აკადემიამ" 1:0 დაამარცხა "მეზოკოვეშ ჟორი". არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, გოლი 72-ე წუთზე გავიდა. ჩემპიონობას მიუახლოვდა ლაშა დვალის "ფერენცვაროში", რომელმაც საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა უახლოესი მდევარი "ვიდი" და 11 ქულით გაუსწრო. დვალმა სრულად ჩაატარა შეხვედრა და შესაძლოა, მომავალ ტურშივე გახდეს უნგრეთის ჩემპიონი.
ქართველებმა ყაზახეთშიც ითამაშეს. ელგუჯა ლობჯანიძის "ტარაზი" სახლში "ყარაღანდის შახტიორთან" დამარცხდა 1:2. ლობჯანიძე 90 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა მოედანზე. ასევე 90 წუთი გაატარა მინდორზე "ტობოლის" ორივე ქართველმა- ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ. ქართველების გუნდმა პირველად დაკარგა ქულები წლევანდელ სეზონში და სახლში ფრედ 0:0 ითამაშა "ჟეიცუსთან". ტობოლი ყაზახეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, "ასტანას" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
სამ მატჩში მიიღეს მონაწილეობა ქართველებმა რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში. "უფამ" სახლში ტულის "არსენალს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. "არსენალის" შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა გია გრიგალავამ, ხოლო უფელი ჯიმი ტაბიძე ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა. "მოსკოვის დინამოსთან" გასვლაზე დამარცხდა ჯანო ანანიძის "კრილია სოვეტოვი"- 1:0. ანანიძე 75-ე წუთამდე იმყოფებოდა მოედანზე. საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" ფრედ ეთამაშა თანაქალაქელ ცსკა-ს- 1:1. კვირკველიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავად ითამაშა, თუმცა ცსკას-ს გოლის დროს ჩალოვის შეჩერება ვერ შეძლო.
სლოვაკეთში ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო ლუკა ლოჩოშვილის "ჟილინამ", ამჯერად "სერედთან" 1:2. ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური მცველი 90 წუთის განმავლობაში იყო მოედანზე.
ლა ლიგა 2-ში ჩაატარა შეხვედრა გიორგი აბურჯანიას "ლუგომ". აბურჯანიამ სრულად ითამაშა შეხვედრაში, თუმცა მისი კლუბი "გრანადასთან" სახლში დამარცხდა 1:2.
შვეიცარიაში "ლუცერნმა" "სენტ გალენი" გასვლაზე 2:1 დაამარცხა. ოთარ კაკაბაძე "ლუცერნის" მწვრთნელმა მოედანზე 94-ე წუთზე შეუშვა.
დილით გამართა თავისი შეხვედრა "სან ხოსე ერსქუეიქსმა". კალიფორნიელებმა "კანზას სიტი" 4:1 დაამარცხეს. გურამ კაშია ტრავმის გამო გუნდის განაცხადში არ ყოფილა, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
sports.ru: "ლოკომოტივი" ულამაზესი სეივებით "მეკარე" საბა კვირკველიამ გადაარჩინა
ლევან მჭედლიძემ საგოლე გადაცემა გააკეთა - "ემპოლი" დამარცხდა და მდგომარეობა დაუმძიმდა [VIDEO]