კვიპროსის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში, რომელსაც 7 022 მაყურებელი დაესწრო, "ანორთოსისი" გასვლაზე "აპოელს" დაუზავდა - 0:0.
ფამაგუსტური გუნდის კარს საიმედოდ იცავდა გიორგი ლორია. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადში არ შეიყვანა. ვინაიდან ეს გადადებული შეხვედრა იყო, ჯანო ანანიძეს მასში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ნიკა კაჭარავა კი სათადარიგო იყო.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა სამჯერ არ დანიშნა "აპოელის" კარში პენალტი. ბოლოს მასპინძლებმა შეუტიეს და ლორიამ 95-ე წუთზე თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო მორიგი იერიშისას მისი კარი უკვე ძელმა იხსნა.
"ანორთისისი" 40 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ომონიას" 2 ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსან "აპოელს" - 5 ქულით და 8 თებერვალს "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.
ნამატჩევს ქეცბაიას არაობიექტურ მსაჯობაზე არაფერი უთქვამს, განაცხადა, რომ ქულაზე მეტს იმსახურებდნენ და შეგირდები შეაქო.