კოხრეიძე: "გრენობლს" საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნების შესაძლებლობა აქვს

AutoSharing Option
“საბურთალოს” ყოფილმა კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა გიორგი კოხრეიძემ დედაქალაქური კლუბი ორი კვირის წინ დატოვა და ახლა უკვე საფრანგეთში, “გრენობლის” შემადგენლობაში განაგრძობს კარიერას. “კოხრეს” ევროპაში დავუკავშირდით და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ. ლაპარაკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ:

- უკეთ ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. სავარაუდოდ 10 დღეში გუნდთან ერთად დავიწყებ საწვრთნელ პროცესს. მეუბნებიან, 40 დღეში უკვე თამაში შემეძლება, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩემს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” საექიმო შტაბს მადლობას გადავუხდი, რომლებიც თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებულები და პროფესიონალები არიან.
ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მალე ფეხზე დავმდგარიყავი.

- ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვედით. როგორ შეეწყვეთ ახალ გარემოს, ადაპტაცია ხომ არ გიჭირთ?
- ძალიან ლამაზი და მთიანი ქალაქია. ჯერჯერობით სასტუმროში ვცხოვრობ, თუმცა რამდენიმე დღეში სახლს გადმომცემენ და იქ გადავალ საცხოვრებლად. ამ ეტაპზე ვარჯიშების დროს ინგლისურად მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ უკვე შემირჩიეს მასწავლებელი და იქით კვირიდან ფრანგულის სწავლებას შევუდგები.

- საფრანგეთში ჩასვლისთანავე კლუბის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად წარგადგინეს. როგორ დაგხვდნენ ადგილობრივები?
– ძალიან თბილ გარემოში მოხდა ეს ყველაფერი. ოფიციალური წარდგენის შემდეგ, სტადიონი დამათვალიერებინეს, რომელმაც ჩემზე დიდ შთაბეჭდილება მოახდინა. გაიხსენეს ჩემს მიერ გატანილი გოლი საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრების კარში. ასევე, გამაცნეს ფან-კლუბი, რომლებიც წარმატებასა თუ გასაჭირში ყოველთვის გვერდში უდგანან “გრენობლის”.

- საფრანგეთის ლიგა-2 სტარტს შაბათს იღებს. როგორია წლეულს “გრენობლის” გეგმები?
- პირველი მატჩი და ზოგადად ჩემპიონატის სტარტი, ყოველთვის ჭირს, თუმცა მასპინძლები ვართ და ბუნებრივია სამ ქულას ვგეგმავთ. რამდენიმე ტურს გამოვტოვებ, შემდეგ მეც შევუერთდები გუნდს და იმ მიზნების მიღწევაში დავეხმარები, რომელიც აქვს. “გრენობლის უძლიერესთა რიგებში დაბრუნება სურს, ამის შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია. შარშანდელი ბირთვი შენარჩუნებულია. იცით, რომ გასულ წელს ფლეი-ოფში დამარცხდა გუნდი, არადა ახლოს იყო მიზანთან.

- გაიხსენეთ, როგორ მოხდა საფრანგეთში თქვენი ტრანსფერი?
- სიმართლე გითხრათ, ასე უცებ წასვლას არ ველოდი. გეცოდინებათ, რომ მძიმე ტრავმა მქონდა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დავიწყე თამაში, მაგრამ ისევ გამიმიზეზდა. ინდივიდუალურად უკვე ვარჯიშობდი, როდესაც ეს ვარიანტი გამოჩნდა. მე, რომ ახლა “გრენობლში” ჩავირიცხე, უდიდესი დამსახურებაა “საბურთალოს” ხელმძღვანელების. ძალიან დამეხმარნენ და ყველანაირად ხელი შემიწყეს. ბევრი კარგი მოგონებები მაკავშირებს “საბურთალოსთან”, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მადლობა ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც მიმუშავია.

“საბურთალოში” ბევრი ნიჭიერი ბავშვი ეუფლება ფეხბურთს. მჯერა, ისინი სწორად განვითარდებიან და კიდევ ბევრ ფეხბურთელს გაუზრდიან საქართველოს. ახლა, 6 ფეხბურთელი პირველ გუნდში დაწინაურდა. “საბურთალო” ტრადიციას აგრძელებს და ნიჭიერ სპორტსმენებს გზას უხსნის ჯერ პირველ გუნდში, შემდეგ კი ევროპაში.

- თქვენი ბავშვობა რომ გაიხსენოთ – როდის დაინტერესდით ფეხბურთით?
- 6 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთზე შევედი. მაშინ “იბერიაში” იუზა წილოსანთან დავიწყე ვარჯიში. პირველი ნაბიჯები სწორედ მასთან იყო, მან შემაყვარა საწყის ეტაპზე ფეხბურთი. 14 წლისა უკვე “საბურთალოს” აკადემიაში გადმოვედი, ვოვა მუსერიძესთან. თავდაპირველად, მესამე გუნდში მოვხვდი, მაგრამ ნელ-ნელა გავიარე ყველა ეტაპი, მალე კი პირველ ლიგაში აღმოვჩნდი. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით უკვე უმაღლე ლიგაში თამაშის უფლებაც მოვიპოვეთ. უძლიერესთა რიგებში რომ ვითამაშე პირველად 16 წლის ვიყავი. ჭიაბრიშვილთან მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა, მასთან ჩამოვყალიბდი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. “საბურთალოს” შემადგენლობაში მოვიგე სამივე ტიტული – გავხდი ჩემპიონი და თასის გამარჯვებული, ასევე სუპერთასის მფლობელიც.

- ფაქტობრივად, ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ, გარდა ეროვნული ნაკრებისა. როგორ ფიქრობთ, როდის დადგება დრო, როდესაც ქვეყნის პირველი ნაკრების მაისურას მოირგებთ?
- დიახ, ყველა ასაკობრივ ნაკრებში მაქვს ნათამაშები. ახლა, ჩემი ოცნებაა მოვხვდე ეროვნულ ნაკრებში. რა თქმა უნდა, იქამდე კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო, მაგრამ არც ეს დღეა შორს. იმედია მალე ჩავდგები ჩვეულ ფორმაში, დავიმსახურებ გამოძახებასა და ავიხდენ ოცნებას.

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული