კვარაცხელია და ოსიმენი - სტიქიური უბედურება მეტოქეთათვის და მორიგი დიდი გამარჯვებების მოლოდინი

AutoSharing Option
სიამაყე და სიხარული - აი, ორი დიდებული გრძნობა, რასაც ქართველი გულშემატკივარი განიცდიდა „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ. მოლოდინი დიდი იყო, ნერვიულობაც, რამეთუ ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო შეხვედრები ჩვეულ დონეზე ვერ ჩაატარა და ჩვენი ყველა ფიქრი იმასთან იყო დაკავშირებული, როგორ ითამაშებდა „იუვესთან“, რომელმაც ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო.

რა თქმა უნდა, გამარჯვებისა და კვარაცხელიას იმედი გვქონდა, მაგრამ მთლად ასეთ შედეგს ძნელად თუ წარმოვიდგენდით. ჩენ ვიხილეთ ტურინული გუნდის სრული და უპირობო კაპიტულაცია, რომელმაც ერთ მატჩში ჩემპიონატზე ხუთი გოლი 1993 წლის შემდეგ
პირველად გაუშვა და „ნაპოლისთან“ იმდენივე გაუშვა, რამდენიც წინა 12 ტურში ერთად აღებული. გამარჯვების მთავარი შემოქმედები კი უდავოდ ხვიჩა და ვიქტორ ოსიმენი იყვნენ. დეტალებზე აღარ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ.

ქართველს უკვე შეხვედრის წინ ეტყობოდა სრული მობილიზაცია, ნერვიულობაც, ვიდრე თამაში დაიწყებოდა, მოედნის ცენტრში თავისთვის ჩუმად ლოცულობდა და შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო! ოსიმენის პირველი გოლი ხვიჩას მიერ ნახევარბრუნში დარტყმულ ბურთს მოჰყვა და სამწუხაროა, რომ ეს საგოლე მოქმედებაში არ ჩაეთვალა. 39-ე წუთზე ოსიმენის პასი მიიღო, შენსისთან პირისპირ დარჩა, მყისებრ შეაფასა ვითარება და გააკეთა ის, რაც დიდ ფეხბურთელს უნდა გაეკეთებინა: მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და ბურთი კუთხეში გაუტანა. გავიხსენოთ რაჰმანის გოლი: ყველა კუთხურის მაღალ ჩოწოდებას ელოდა, ხოლო „კვარამ“ ძლიერად დაბალი ტრაექტორიით გაუშვა ბურთი. ამან იმუშავა, რაც შეიძლება ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაცია გახლდათ. ჩემი აზრით, საუკეთესო ოსიმენზე გაკეთებული საგოლე გადაცემა იყო, როდესაც ისე აუგდო ბურთი, როგორც კალათბურთისას (დანქი) - იუველური სიზუსტითა და სიჩქარით. მოკლედ, ჩინებულმა დუეტმა თამაში გააკეთა და მეტოქეთათვის ნამდვილ სტიქიურ უბედურებას წარმოადგენს.

ოსიმენი მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ 79-ე წუთზე შეცვალა, კვარაცხელია კი 89-ეზე, მიზნმიმართულად, რათა გულშემატკივრებს ოვაციებით გაეცილებინათ. ვერაფერს იტყვი, მართლაც ლამაზი ჟესტი გამოუვიდა, მადლიერი ტიფოზები ხვიჩას ფეხზე წამოუდგნენ და კარგი და შედეგიანი თამაშისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქართველმა ქომაგებმაც გავიხარეთ, ვინაიდან არ შეიძლება ასეთ დიდ მატჩში შენი თანამემამულის ესოდენ წარმატებულმა ასპარეზობამ სიამაყის გრძნობა არ მოგგვაროს - ასეთი რამ ხომ ყოველდღე არ ხდება. „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ 10 ქულით გაექცა, სკუდეტოსკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ჩემპიონთა ლიგაზეც დიდი ბრძოლები, ჩვენ კი იმედია მორიგი გამარჯვებები და ხვიჩას ბენეფისები გველის. გუშინ მან ამის იმედი კვლავ ჩაგვისახა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მაპატიეთ, მაგრამ ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ხვიჩას ათასჯერ მეტი თაყვანისმცემელი ყავს საქართველოში, ვიდრე ჩასაფრებული ნაბიჭვარი? ამ ჩასაფრებულებმა ხვიჩა კი არა საქართველო გაყიდეს ფოჩიან კამფეტებზე და მათთვის ხვიჩა ვინ არის? გთხოვთ ნუ აზვიადებთ ნაბიჭვრების ნაქნავს, რადგან ისინი აბსოლუტურ უმცირესობაში არიან და ხვიჩას 100%-იანი მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა, ვიდრე ის რომ რამდენიმე ჩასაფრებული ნაბიჭვარი ყავს.
ჟორა
02:29 15-01-2023
13
თითქოს ჩემი შვილი იყოს ისე მიხარია. ეს არის რაც ჩვენნაირ პატარა და განსაკუთრებულ ერს გვჭირდებოდა. არგენტინელებს უყვართ ალბათ მესი ისე როგორც ჩვენ ხვიჩა. სხვა არმახსენდება
ქართველი
00:05 15-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული