NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია "დიეგო მარადონაზე" "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ დაესწრო, რომლის დაწყებამდე მოედნის კიდიდან CBS Sports-ის პირდაპირ ეთერში ნეაპოლური გუნდისა და იტალიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ჯანფრანკო ძოლასთან ერთად ჩაერთო.
ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ქართველი სუპერვარსკვლავის თამაშის სანახავად სან-ფრანცისკოდან ჩავიდა, პატარა ქვეყნისთვის ხვიჩა კლასის ფეხბურთელის ყოლა პატივია, ტრიბუნებზე საქართველოს დროშების დანახვისას მეუღლეს უთხრა, რომ ნახევარი საქართველო იქ იყო და ასეთი თანადგომა არ აკვირვებს, ვინაიდან NBA-ში თამაშისას "ოლ სტარის" გამოკითხვაში 1.5 მილიონი ხმა მიიღო.
ფაჩულიას თქმით, ქართველებს სპორტი,
მეტადრე ფეხბურთი, უყვართ და ხვიჩას ქომაგობა არ აკვირვებს.
მოგვიანებით ფაჩულია კვარაცხელიას შეხვდა და "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ამ ახალგაზრდას ნათელი მომავალი აქვს. "კვარა", გააგრძელე გაბრწყინება და ამ მოგზაურობით დატკბი. ვამაყობ შენით, ძმაო".