შვეიცარიის ჩემპიონატი ტოპლიგებს დაშორდა და არც 20-გზის ჩემპიონი "ბაზელია" ბოლო დროს აქ დომინანტი - ეს საქმე უფრო "იანგ ბოისს" გადაულოცა. შვეიცარიის ნაკრები საერთაშორისო რეიტინგში
ბაზელურ კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს. გერმანელი სპეციალისტები აქ ერთმანეთს ენაცვლებიან, თუმცა გუნდმა ეს სეზონიც ცუდად დაიწყო, პირველივე ტურში "გრასჰოპერსთან" (1:2) დამარცხდა. დიდი იმედებით ნაყიდი 20 წლის ფრანგი ფორვარდი ტიერნო ბერი გააძევეს. წინა წელს მან ბელგიურ "ბევერენში" 20 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა.
მართალია, ფაბიან ფრეიმ ხსენებულ მატჩში გაიტანა, თუმცა 34 წლის გამოცდილი ნახევარმცველი გუნდისთვის მაინც უკვე გუშინდელი დღეა და სიგუას შანსი იქნებ სწორედ აქაა, მისი შეცვლა უმტკივნეულოდ და ეფექტურად შეძლოს. გუნდის ახალი თავკაცი უპირატესობას 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს. გაბრიელს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია.
ვილი სანიოლს ბევრი უნახავს და არც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, შედარებები იოლად აკეთოს, მან კი სიგუა ლეონ გორეცკას შეადარა. "ბაიერნის" 28 წლის ნახევარმცველი ის კაცია, ჩაშლა და შეტევა ერთნაირი წარმატებით რომ გამოსდის და თამაშში მრავალფეროვნების შეტანა შეუძლია. გაბრიელი ფიზიკურად ძლიერია, ტანმაღალიც (1.90 სმ) და თამამიც. ძალიან ბევრ კომპონენტზე დაკვირვება რომ არა, ის შვეიცარიელთა ინტერესის სფეროში ვერ მოხვდებოდა. გერმანია აქ ტერიტორიულადაც ახლოსაა და თამაშის სტილითაც. რა თქმა უნდა, ის სხვა სივრცეში გადავიდა, მაგრამ თუკი თავდაჯერებული და ძველებურად შემართული იქნება, იქნებ მართლაც არაა შორს გერმანიის გზა. გორეცკა "ბოხუმიდან" "შალკეში" დაახლოებით ამ ასაკში გადავიდა. მასში დიდი პოტენციალი ჩანდა, რომელიც 2-3 წელიწადში სრულად გამოვლინდა.
შვეიცარიის ჩემპიონატში ქართველების წარმატებული და წარუმატებელი მაგალითებიც გვაქვს. რაც შეეხება "ბაზელს", აქ მიხეილ ყაველაშვილი თამაშობდა, ცოტა შეხვედრაში საკმაოდ ბევრიც გაიტანა, მისმა გუნდმა კი ჩემპიონობა უკანასკნელ ტურში, დრამატულად დაკარგა და "ციურიხს" დაუთმო.
"ბაზელს" შვეიცარიის ჩემპიონატი 2017 წლის შემდეგ არ მოუგია. გასულ წელს გუნდი კონფერენს ლიგის ნახევარფინალში იყო, ახლა კი ამ ტურნირზე "ტობოლთან" ჩაერთვება. დიდი შანსია, სიგუა ამ ზაფხულს მეორე ყაზახურ გუნდს დაუპირისპირდეს. თბილისის "დინამოსთან" ეს ისტორია წარმატებული არ გამოდგა, ახლა კი იმედია, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. წყვილში გამარჯვებული ჩრდილოირლანდიური "დერისა" და ფინურ "კუპს" შორის საუკეთესოს შეხვდება.
სიგუამ ეროვნულ ნაკრებში უკვე ითამაშა, დებიუტი მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა და სანიოლის გაფართოებულ სიაში ის აუცილებლად იქნება, შუა ხაზში ცვლილებები გვჭირდება!..
შენ კიდევ ყაველაშვილიო))