"სამშობლო სულ უფრო და უფრო ძლიერ მიხმობს" - განაცხადა კონსტანტინე მარადიშვილის მამამ, რომელსაც შოთა არველაძის წინააღმდეგ უთამაშია და რომლის მწვრთნელი თემურ მახარაძე იყო

AutoSharing Option
უკვე კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაციები, რომ მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და „ჯვაროსნებში“ თამაშს აპირებს. Geo Team-მა კი გვაცნობა, რომ მარადიშვილმა საქართველოს მოქალეობა უკვე მიიღო. ამაზე არაერთგვაროვანი კომენტარი გააკეთა კონსტანტინეს მამამ და აგენტმა კობა მარადიშვილმა.

კონსტანტინე მარადიშვილი რუსეთის პრემიერლიგაში ვარსკვლავად არ ითვლება, თუმცა უდავოდ კარგი ფეხბურთელია და იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდში ერთობ პრობლემატურია. ამდენად, ვინმეს დასაწუნებლად, სამწუხაროდ, საქმე ნამდვილად არ გვაქვს. მარადიშვილის საკითხმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგი მისი ნატურალიზაციის მომხრეა, ზოგი
- წინააღმდეგი.

Sportall.Ge

კონსტანტინე მოსკოვშია დაბადებული, ცსკა-ს აღზრდილია, 2021 წლის სექტემბერში „ლოკომოტივში“ გადავიდა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა; ახლახან იჯარით „ურალში“ უპირებდნენ გაშვებას, მაგრამ კლუბები ფინანსურ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. 12 აგვისტოს „კრილია სოვეტოვთან“ შეცვლაზე შესულმა კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით თავის გუნდს ფრე (1:1) მოუპოვა. მას რუსეთის 20 და 21-წლამდელთა ნაკრებში საერთო ჯამში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 2021 წლის მაისში კი რუსეთის ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. თუ მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დადასტურდა, ჩვენს ნაკრებში საასპარეზოდ ფიფასგან თანხმობა უნდა მიიღოს, როგორც ეს გიორგი წიტაიშვილის შემთხვევაში მოხდა.

კონსტანტინეს აგენტი მისი მამა, კობა მარადიშვილია, რომელმაც 2020 წელს matchtv-სთან ინტერვიუში ისაუბრა. რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ:

„მე კახეთში, სოფელ მუკუზანში გავიზარდე. შესაძლოა, გაგიგიათ, იქ საქართველოში საუკეთესო ღვინოს აყენებენ. სიჭაბუკისას არ მომწონდა სოფელში ცხოვრება, ნებისმიერი ხერხით გაქცევას ვცდილობდი და 13 წლისა თბილისის ოლიმპიური რეზერვის სპორტულ სკოლაში მოვხვდი. ორი წლის შემდეგ მამაკაცებთან საბჭოთა მეორე ლიგაში ვიბრძოდი. „იმედის“ შემადგენლობაში. იქ იმიტომ მოვხვდი, რომ ძალიან სწრაფად დავრბოდი. სოფელში გადარბენაზე ჩემს ძაღლს ვეჯიბრებოდი და პირველ ოც მეტრზე ვასწრებდი კიდეც.

საყრდენ ზონაში ვთამაშობდი, ჩემს გუნდთან ერთად მთელი საბჭოთა კავშირი შემოვიარე. ვერ ვიტანდი წაგებას. ძალიან ემოციურად ვთამაშობდი. ახლაც, ამხანაგურ შეხვედრებში 25 წლის ბიჭებს ვლანძღავ, რომლებიც პირველი 15 წუთის შემდეგ დალასლასებენ. ხანდახან ჩემი დაყვირების მერე გასახდელში გადიან - არ შეუძლიათ ჩემთან თამაში. მე კი არ შემიძლია დამარცხება - ჭკუიდან გადავდივარ.

ვის წინააღმდეგ მითამაშია საქართველოში? შოთა არველაძეზე უფრო ცნობილს ვერავის გავიხსენებ. ერთხელ ჩვენ შორის როგორღაც მცირე შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. წვიმდა, დავიფიცე, რომ არც ერთხელ არ გავატარებდი და ჩვენ სულ ტალახში ვვარდებოდით. ხან ის მეცემოდა ზემოდან, ხან მე მას. საბოლოო ჯამში უხეშად მკრა ხელი, მაგრამ როგორც კარგად აღზრდილ ადამიანს შეეფერება, შემდეგ გასახდელში შემოვიდა და ბოდიში მოიხადა.

„იმედიდან“ მხოლოდ ხვიჩა შუბითიძემ გაითქვა სახელი, გერმანიაში წავიდა, მეორე ბუნდესლიგაში ითამაშა. „ჰალეში“ მისი შვილი ლუკა თამაშობს. ის კოსტიას თანატოლია.

ყოველთვის საყრდენად არ ვთამაშობდი. როდესაც ჩვენი სპორტული სკოლის ბაზაზე მეორე ლიგის გუნდი შექმნეს, მწვრთნელმა თეიმურაზ მახარაძემ მოულოდნელად მარცხენა ფლანგზე დამაყენა (ხელით მემარჯვენე ვარ, ფეხით - ცაცია). ოღონდაც მეთამაშა და თუნდაც კარში ჩავეყენებინე. თუმცა 18 წლის ასაკში მყესები გამეწყვიტა. დღემდე მაწვალებს. ორი ოპერაცია გავიკეთე. ბევრი ექიმი არ იყო და მახარაძემ თბილისის „დინამოს“ ბაზაზე ზაქარია (ზაქრო) თელიასთან წამიყვანა. მან ჩემი მუხლი ნახა, მწვრთნელს შეხედა და თავი გააქნია. ისე გამოუვიდა, უშანსოდააო. მაშინ მენისკის გამოც კი ასრულებდნენ კარიერას“.

კოტე მარადიშვილი იხსენებს, რომ ოპერაციის გასაკეთებლად მოსკოვში დასთან გაემგზავრა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, ვინაიდან ძალიან უნდოდა თამაში, „დილას“ განაცხადში შეიყვანეს, 200 ლარი ხელფასი დაუნიშნეს, მაგრამ მისთვის მთავარი ფული კი არა, დიდება იყო, სამი თვის მერე მიხვდა, რომ ასეთ დონეზე თავის წარმოსაჩენად ერთი-ორი წელი ყველა უნდა გაებრდღვნა, უკვე თითქმის 30 წლის იყო, ობიექტურად შეაფასა ყველაფერი, მოსკოვში დაბრუნდა, კომერციას მიჰყო ხელი და ფეხბურთს დღემდე თავისი სიამოვნებისთვის თამაშობს.

კოტე მარადიშვილმა 1992 წელს, როცა სპორტული სკოლა დაასრულა, მწვრთნელის დიპლომი მიიღო, შვილს ვარჯიშებზე ეხმარებოდა, რომელიც საშუალო სკოლაშიც კარგად სწავლობდა, ცსკა-ს ახლგაზრდული გუნდის კაპიტანი იყო, ლიდერული თვისებები გააჩნია, თავმდაბალია, მშვიდია, უაზროდ პასს არავის არ მისცემს და დაფარული გადაცემის გაკეთება ეხერხება.

Sportall.Ge

კოტემ თქვა, რომ ყოველ ზაფხულს ჩამოდის საქართველოში: „როგორც წესი, ავტომობილით მივდივარ. აქედან იქამდე ორი ათასი კილომეტრია. გზის დასაფარად 24 საათია საჭირო. დიდებული შეგრძნებაა. როდესაც კავკასიონის ქედს გაივლი, შენ გარშემო ღრუბლებია. პირდაპირი მნიშვნელობით. თითქოს ზეცაში იმყოფები. ქართველისთვის მშობლიური მიწა ნებისმიერ ფულსა და სიამოვნებაზე უფრო ძვირფასია. რუსეთი ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, სამშობლო მეც სულ უფრო და უფრო ძლიერ მიხმობს“.

მკითხველის კომენტარები / 45 /
ეს მამაცხონებული თუ მუკუზნელია და ასე ვენებს იჭრის სამშობლოს სიყვარულით, შვილი ასეთი უჯიშო რატომ გაზარდა, საინტერესოა? თუკი საზონოვს ასეთი შეგნებული მამა აღმოაჩნდა , მარადიშვილის მამას ტვინი შეუცვალა რუსმა ცოლმა? ამ ბავშვის ბრალი აშკარად არ არის, მამამ ვერ ივარგა. რაც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, თუ ეს ბიჭი მართლა გამოადგება ჩვენს ნაკრებს და თავადაც სურვილი აქვს, გამოვიყენოთ. თუ ვერ გაქაჩავს, კალთებს არავინ დაახევს. კონკურენცია მაინც იქნება
: )))))))
17:43 15-08-2023
2
ფლამარიონი და არაბიძე გამოიძახეთ ნაკრებში,ვისაც ეს ეხება!!!!
სოსო
22:43 14-08-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული