მონდომებული ხვიჩა, "აკადემიური" ჩაკვეტაძე, უბურთოდ დარჩენილი მიქაუტაძე... - ქართველების უქმეები და პერსპექტივები

AutoSharing Option
აგვისტოს შუა ნაწილიდან ფეხბურთი ჩვენს ყოველდღიურობაში უფრო მეტ ადგილს დაიკავებს - ტოპ-ჩემპიონატები ეტაპობრივად იწყება, საუდის არაბეთში კი არაერთ საინტერესო ფეხბურთელს ვხედავთ. ყველაზე დიდი ინტერესით ქართველ ლეგიონერებს ვაკვირდებით, რომელთა თამაშში თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, გასულ სეზონში ხომ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მატჩებს მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა...

Sportall.Ge

ხვიჩა და გიორგი

ნეაპოლელებმა ახალი სეზონის დაწყებამდე ერთგვარი გენერალური რეპეტიცია ჩაატარეს და კვიპროსის "აპოლონი" (2:0) დაამარცხეს. რა დასკვნებს გამოიტანს მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, ამას ვნახავთ.

რაც შეეხება კვარაცხელიას ბოლო მატჩს, შეხვედრის სტატუსის მიუხედავად, ქართველ გარემარბს მონდომება
ეტყობოდა, ბურთის მოსაპოვებლად და შეტევაში დასაბრუნებლად რამდენჯერმე აქტიურად იბრძოლა. "კვარამ" ერთ ეპიზოდში ძალიან ეფექტურად ითამაშა და ისიც შეგვახსენა, რატომაც უყვარს მილიონობით გულშემატკივარს. როგორც იწერება და ამის ნამდვილად გვჯერა, ჩვენებური გარკვეულ ასპექტებზე დამატებით მუშაობს. როგორც წინა მატჩებმა გამოაჩინა, გარსია სტანდარტული მდგომარეობების შესრულებას სწორედ 77-ე ნომერს ანდობს. ხვიჩას ახლა რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ცოტათი მონატრებული გოლის გატანაა, რაც მას კიდევ უფრო კარგ ხასიათზე მოიყვანს და თავდაჯერებასაც მოუმატებს.

"ნაპოლი" გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" შაბათს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე ესტუმრება. რაც შეეხება სერია "ა"-ს მეორე ქართველს, კვერნაძემ თასზე მიღებული დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა. ის თამამად უტევს და კარში დარტყმას ცდილობს, შემტევს კი, უპირველესად, ეს ევალება. გიორგის კიდევ უფრო მეტის რესურსი აქვს და კვარაცხელიას წინააღმდეგ ის გარკვეულ დროს რომ მიიღებს, ამის წინაპირობა ნამდვილად არსებობს.

Sportall.Ge

"მამარდას" გუნდის პერსპექტივები...

ისევ დავინახეთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" წელსაც მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. ქართველ კიპერს ახლა ბევრი მოგერიება არ ჰქონია, თავი ერთხელ გამოიჩინა, თუმცა, "სევილისთან" (2:1) გამარჯვების მიუხედავად, "ღამურები" იმ გუნდს არ ჰგავს, უპირატესობას თავად რომ ეუფლება და მოწინააღმდეგეს ნაკლებ შანსს შეაქმნევინებს. სტარტი მშვენიერია, ბარახას გუნდმა მაქსიმალურად ბევრი ქულა უნდა მოიპოვოს და გასული სეზონის მსგავსად, დასარჩენად ბრძოლა არ დასჭირდეს. "ვალენსია" მორიგ მატჩს ისევ პარასკევს, 18 აგვისტოს, ჩვენი დროით 23:30 საათზე ჩაატარებს და "მესტალიაზე" "ლას პალმასს" დაუხვდება. პირველი სერიოზული გამომცდელი 17 სექტემბერსაა, მადრიდის "ატლეტიკოს" სახით.

Sportall.Ge

უფრო თამამად, გიორგი!

გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" სადებიუტო მატჩში მოგვეწონა, გუნდში სულ რამდენიმე დღის მისულს მონდომება, სიტუაციასთან კარგად მორგება და ზედმეტი მოწიწების გარეშე თამაში შევატყვეთ. მართალია, მისი გუნდი მაშინ დიდი ანგარიშით იგებდა, თუმცა "ჩაკვესგან" "პლიმუტთან" უფრო მეტს ველოდით. როცა ქართველი ნახევარმცველი ბურთითაა, იგრძნობა, რომ მოედანს კარგად ხედავს და მნიშვნელოვანი პასების გაკეთება შეუძლია, ამის განხორციელებას კი ზედმეტად აკადემიურ სტილში ცდილობს. ჩემპიონშიპში გიორგის უფრო მეტი ორთაბრძოლის მოგება, სწრაფი და თავდაჯერებული გადაწყვეტილებების მიღება დასჭირდება. პოტენციალით, ტექნიკითა და პასის კულტურით ჩაკვეტაძეს ამ ლიგაში საკუთარი ხელწერის გატარება შეუძლია.

"უოტფორდს" მომდევნო ტურში (შაბათს, 19 აგვისტოს, 18:00 სთ) "სტოკთან" რთული სტუმრობა ელის. ქართველი შუახაზელი დროს აუცილებლად მიიღებს, მთავარი მწვრთნელი მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია. 2 მატჩის შემდეგ 4 ქულა მშვენიერი დასაწყისია და უოტფორდელებს ამბიციური მიზნების დასახვა შეუძლიათ.

Sportall.Ge

მიქაუტაძე ბურთით და უბურთოდ...

მშვენიერ ფორმაში და სატრანსფერო დაკვირვების ქვეშ მყოფმა გიორგი მიქაუტაძემ და მისმა "მეცმა" ლიგა 1-ში პირველი შეხვედრა ჩაატარეს და (1:5) განადგურდნენ. "რენმა" შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო, ტემპს მუდმივად მასპინძლები აკონტროლებდნენ. მიქაუტაძესთან ბურთი საერთოდ არ ტრიალებდა და ასეთ დროს რთულია, ფორვარდს რაიმე მოსთხოვო. ჩვენებური მინდვრის ცენტრში იწევდა, რათა თავისი გუნდისთვის ბურთი შეენარჩუნებინა; შემდეგ ფლანგიდან გამწვავებას ცდილობდა, რაც ერთხელ მშვენივრად გამოუვიდა და "მეცმა" ანგარიში გაათანაბრა, თუმცა იოლად შესამჩნევი იყო, ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. გატანის შანსები "ცხრიანსაც" ჰქონდა.

რა დავინახეთ? - მიქაუტაძის გუნდი საკმაოდ სუსტია და მთავარი მიზანი არგავარდნა უფრო უნდა იყოს. სუბიექტურობის გარეშე, "ჟორჟი" ამ გუნდის მთავარი ფეხბურთელია, გასაგებია, მისი წასვლა რატომაც არ უნდათ. ამავდროულად, ასეთი გუნდის პირობებში ამ დონეზე ბევრის გატანა რთულია, რადგან ამისათვის საგოლე შანსები უნდა შეგექმნას. "მეცი" პარასკევს, 18 აგვისტოს (23:00 სთ), ძალიან სერიოზულ მეტოქეს, "მარსელს" უმასპინძლებს.

მომავალი უქმეები უფრო მრავალფეროვანი იქნება და მეტ საინტერესოსაც ველით!..

altმიქაუტაძის საგოლე გადაცემა - "მეცი" ლიგა 1-ის სტარტზე განადგურდა [VIDEO]

altჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" სახლში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

alt"ფროზინონემ" თასზე გაიმარჯვა - კვერნაძე შეცვლაზე კარგად შევიდა [VIDEO]

altმოულოდნელი შედეგი - მამარდაშვილის "ვალენსიამ" სტუმრად "სევილიას" სძლია [VIDEO]

altხვიჩას წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "ნაპოლიმ" "აპოლონს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ გვინდა ჩაკვეს აკადემიკოსობა, ერთი გოლი მაინც გაიტანოს.
სამართალი
15:33 14-08-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული