შანსები ისევ თანაბარია - კარგი და ცუდი ბათუმელთა თამაშში, "ძველი" ვაისი და ახალწვეული ჩაკვეტაძე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" საჩემპიონთალიგო შეხვედრისა და ზოგადად, ბოლო დროს ამ კლუბის მიმართ იმხელა ინტერესია, ბრატისლავის "სლოვანთან" მათი პირველი, გასვლითი დაპირისპირება (0:0) დეტალურ განხილვას იმსახურებს.

მთავარი გზავნილი

ჩემპიონთა ლიგის თუნდაც პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობა იმდენად "გამჯდარი" გვაქვს, ეს ერთგვარ არასრულფასოვნების კომპლექსს გვიჩენდა და სასიხარულო ის იყო, ბათუმელთა თამაშში ეს რომ ვერ შევნიშნეთ. გარდა ამისა, მატჩამდე გასვლითი დაპირისპირებების სპეციფიკაზე აქცენტი შემთხვევით არ დაგვისვამს. ესა თუ ის სტუმარი გუნდის მწვრთნელი შეტევაში შანსებსა და ინიციატივის აღებაზე ნაკლებად ფიქრობს, გია გეგუჩაძის ბიჭები კი ასე კაცნაკლულად დარჩენის
შემდეგაც არ მოქცეულან.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები წარმატებისა და გულშემატკივრების პატივისცემის მოპოვების უპირველესი საშუალებაა. შესაძლოა, ორი მატჩის ჯამში დამარცხდე, მაგრამ ეს გულისწყვეტას უნდა იმსახურებდეს და არა ბრაზს.

ყველაზე არასასიამოვნო

ვინც შეხვედრას უყურა, ის უხეში ნამდვილად არ ყოფილა. ამ რანგის უამრავი მატჩი გვინახავს, მით უმეტეს, ინგლისელ არბიტრს, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა მაინც 6 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღეს (მოწინააღმდეგის 2 გაფრთხილების საპირისპიროდ). ამ მხრივ აშკარად სამუშაოა. მეტოქესთან, სადაც რამდენიმე ჩვენი თანამემამულე თამაშობდა და თითქოს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემის ნაკლებობა არ ყოფილა, შეხვედრის მიწურულს მეტი თავშეკავება და თუნდაც ემოციებზე აყოლის გამო ბარათების მიღების თავიდან აცილება შეიძლებოდა. ყველას სურვილია, ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე რაც შეიძლება შორს გავიდეს და ამ გზაზე თითოეული დისკვალიფიკაცია მტკივნეული იქნება. ჩვენც ეს გვაღელვებს.

რაც შეეხება კობახიძის გაძევებას. კაპიტნის დამუნათებას არ ვაპირებთ, მანაც მშვენივრად იცის, რომ ამხელა გამოცდილებისა და რანგის ფეხბურთელი, რომელსაც გაფრთხილება აქვს, ასე დაუფიქრებლად არ უნდა მოქმედებდეს. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დისციპლინის მიმართულებით სერიოზული მუშაობა ჩაატარა და ამ მხრივ ახლა "ჯვაროსნებში" ყველაფერი იდეალურთან მიახლოებულია.

Sportall.Ge

აქვე ერთი საკითხი, რომელზეც გულშემატკივრებიც მიუთითებდნენ, კიდევ ერთხელ დავინახეთ - რატომღაც ბათუმის "დინამომ" ცენტრალური დაცვის ზონაში ახალი ფეხბურთელის დახმარებაზე უარი თქვა, მაგალითად, იმ დონისაზე, როგორიც მეტოქეს ჰყავდა - გურამ კაშია. სატრანსფერო ფანჯარა აქტიურია და გვიანი ჯერ კიდევ არაა.

მწვრთნელების დაპირისპირება

ვაისისა და გეგუჩაძის დაპირისპირება ცალკე ინტერესის საგანი იყო, ეს მწვრთნელები ხომ ერთმანეთს მშვენივრად იცნობენ.

საქართველოს ნაკრების ყოფილ დამრიგებელს მართლაც "მოხარშულს" ვიცნობთ. გარკვეულ შემთხვევებში "ძველი" ვაისი გაგვახსენდა - "სლოვანის" თავკაცს გაუჭირდა მატჩის სცენარის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცოტა ნაადრევი ცვლილებები გააკეთა. გარდა ამისა, კონტრშეტევების შიშის გამო რისკი მაინც მინიმუმამდე დაჰყავდა და კაცნაკლულ მეტოქესთან მარცხს თავს არიდებდა.

ვაისმა რამდენიმე ახალწვეული ათამაშა. მის გუნდს ოფიციალური მატჩის დინამიკა აკლდა და ეს მაინც გამოჩნდა. პირველ ტაიმში ლაზარე კუპატაძემ მშვენიერი "სეივები" შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა, თუკი ბრატისლაველები დაწინაურდნენ, ეს შეხვედრის მიმდინარეობას შეცვლიდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბათუმელთა სახიფათო დარტყმები პირდაპირ "სლოვანის" კიპერთან მიდიოდა.

Sportall.Ge

გეგუჩაძემ კი საკუთარი გუნდის თამაშიც სწორად დაგეგმა და მეტოქის სვლებიც გათვალა, ის, რომ კაცნაკლულობის მიუხედავად, შეტევაზე უნდა გვეფიქრა. თუმცა, გასაკვირი იყო, რომ მოედნიდან ფლამარიონიც გავიდა და დავითაშვილიც. გუნდი, რომელსაც შანსები კონტრშეტევაზე უნდა მოეპოვებინა, წინა ხაზზე სწრაფი ფეხბურთელის გარეშე დარჩა. კარგად გამოჩნდა, ამ შემთხვევაში გატანის მეტი შანსი რომ იქნებოდა.

როცა გუნდი ტაიმზე მეტხანს 10 კაცით თამაშობს, მაინც მეტოქეზე მეტი შანსები აქვს და სტუმრად ფრეს ახერხებს, მწვრთნელი და ფეხბურთელები ქებას იმსახურებენ.

მეტოქე ქართველები

ძალიან სასიამოვნო იყო, კარგ ხასიათზე მყოფი და მონდომებული გიორგი ჩაკვეტაძე რომ ვნახეთ, რომელმაც შეხვედრა რამდენჯერმე გაამწვავა, თუმცა ამ თემაზე ორაზროვანი მოსაზრება, რასაც სოციალურ ქსელებში წავაწყდით, გამორიცხულია - კარგია, რომ "ჩაკვემ" თავისივე მოპოვებული ჯარიმა ცუდად შეასრულა. რა თქმა უნდა, ცალკე აღებული ეს სიტყვები ძალიან ცუდად იკითხება, მაგრამ ასეთ დროს ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა საქმე ქართული კლუბის მეტოქეს ეხება. რა თქმა უნდა, ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში თითოეული თანამემამულის წარმატება გვახარებს, თუმცა სპორტში ღირსეული მეტოქეობა და გამარჯვება ყოველთვის მისასალმებელია.

კაშიას თამაშს შევეხეთ, მატჩის შემდეგ ვაისმა კი თქვა, რომ კანკავასა და საყრდენი ზონის თამაშით კმაყოფილია, შეტევის ხაზმა ვერ გაამართლაო.

Sportall.Ge

რა იქნება ბათუმში?

ძველი წესის მიხედვით, ნულოვანი ფრე მასპინძელთა გუნდისთვის ამ შედეგს შორის საუკეთესო იყო, რადგან მეორე მატჩში ნებისმიერი შედეგიანი ფრის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გადიოდა. ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს.

რაც შეეხება ბათუმში მოსალოდნელ თამაშის სცენარს, ვაისმა განაცხადი ბოლო მომენტში შეავსო. მან აღნიშნა, რომ ეგონა, ვენესუელელი ახალწვეული რამირესი გატანას შეძლებდა. მას ახლა კუპატაძემ არ დაანება, თუმცა ის ბათუმურ მატჩში კვლავ სახიფათო იქნება, ისევე, როგორც გუნდთან მეტად ადაპტირებული კუცკა და ჩაკვეტაძე. როგორც პირველ მატჩში, ვაისის გუნდისგან საწყისი წუთებიდან აქტიურ შეტევებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. სლოვაკმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ გულშემატკივრებით შეგულიანებული ბათუმელები სწრაფი გოლის გატანას ეცდებიან.

გეგუჩაძე კი, ალბათ, იმას გააგრძელებს, რაც მის გუნდს ასე კარგად გამოსდის - ბურთთან ერთად მოძრაობა და სისწრაფეების გამოყენება. შანსები კვლავ თანაბარია და ბათუმურ მატჩს, რომელიც 13 ივლისს (21:00 სთ) გაიმართება, მოუთმენლად ველით - ქართულ კლუბს შეუძლია შემდეგ ეტაპზე გავიდეს! აქვე გეტყვით, რომ სავარაუდო მეტოქეებმა, ყაზახურმა "ტობოლმა" და უნგრულმა "ფერენცვაროშმა", ასევე ნულოვანი ფრე ითამაშეს.

altბრწყინვალე კუპატაძე - კაცნაკლულმა ბათუმელებმა "სლოვანთან" ფრეს მიაღწიეს [VIDEO]

altვაისი: ქართველებს აქვთ კლასი - ეს საშინელება იყო

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყოჩაღ ბათუმელებს კაცნაკლულებმა მეორე ტაიმი ჩაატარეს და არაფერი დაუთმეს სლოვანს. სახლში სრული შემადგენლობით და მე-12 გულშემატკივარი იქნება. რომელიც აღტკინებული დაუჭერენ მხარს, მჯერა შემდეგ ეტაპზე გასვლის საწინდარი იქნება. წარმატება ბათუმს.
G.LA
12:06 07-07-2022
1
კობახიძე ვინ დანიშნა კაპიტნად ?? ტიპი თავს ვერ აკონტროლებს აშკარად @ მაგის უაზრო გაძევება რომ არა მოვიგებდით ამ თამაშს !
zura222
12:13 07-07-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული