თბილისის “საბურთალო” რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩავიდა და ხუთშაბათამდე სწორედ იქ მოემზადება კონფერენს ლიგის მეორე წრის განმეორებითი შეხვედრისთვის. გეცოდინებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ლაშა ნოზაძის კრებულმა რუმინული FCSB ლევან ნონიკაშვილის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და ახლა საპასუხო შეხვედრის მოლოდინშია. 28 ივლისს გასამართი მატჩი, რომელიც ბუქარესტის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება.
რა შეიძლება ითქვას პირველ შთაბეჭდილებებზე? თვალშისაცემია აქაური კლიმატი – რუმინეთის დედაქალაქში ძალიან ცხელა და სუნთქვა ჭირს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 28 ივლისს შესაძლოა იწვიმოს და ამ ფაქტორმა ერთგვარი
შვება მისცეს ფეხბურთელებს.
ზემოთ ცენტრალური სტადიონი ვახსენეთ, რომელიც ოფიციალურად 55.600 გულშემატკივარს იტევს. დიახ, მასპინძლებმა გვითხრეს, რომ 28 ივლისს სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან და სავსე ტრიბუნების მოლოდინში არიან. ამ დროისთვის უკვე 22.000 ბილეთია გაყიდული. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ინფორმაციით, მატჩს ემიგრანტი ქართველებიც დაესწრებიან, რომელთა რიცხვი 100-მდე იქნება.
მეტოქის ბანაკში მთავარი ამბავი ისაა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ანტონ პეტრეამ, რომელმაც თბილისში გამართულ მატჩში უთავკაცა გუნდს. როგორც გაირკვა, ამიერიდან მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ნიკოლაე დიკა შეასრულებს, რომელიც FCSB-ში უცხო ადამიანი არაა, რადგან წლების წინ სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა, შემდეგ კი სამწვრთნელო შტაბში იყო, 2017-18 წლებში.
“საბურთალო” დღეს აღდგენით ვარჯიშს თბილისის დროით 20:30 საათზე გამართავს. ხვალ ცენტრალურ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს 21:30 საათზე ჩაატარებს, მანამდე კი მთავარი მწვრთნელის – ლაშა ნოზაძის პრესკონფერენცია იგეგმება.
fcsaburtalo.ge