„ეტიჰადზე“ მინიმალური ანგარიშით (3:4) დამარცხებულ „სამეფო გუნდს“ ფინალში გასასვლელად სახლში რევანშის აღება მართებდა. ბუნებრივია, შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მადრიდის ტურნირის ორგანიზატორებს მიომირ კეცმანოვიჩთან თამაშის შუადღისთვის გადატანა სთხოვა, რათა საფეხბურთო მატჩს დასწრებოდა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, ორ სეტში გაიმარჯვა და კარლოს ალკარასთან ერთად „ბერნაბეუზე“ საყვარელ გუნდსაც უგულშემატკივრა.
ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლნენ, შეუტიეს, პირველი მომენტი კი მხოლოდ მე-20 წუთზე შექმნეს, როდესაც ბერნანდო სილვას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია. ცოტა ხანში გაბრიელ ჟეზუსმა ოდნავ ააცილა მიზანს. მერე კურტუამ ფოდენს არ დაანება გატანა. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ჩვეულად ვინისიუსი აქტიურობდა, რომელსაც უოკერი ყურადღებით მეურვეობდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ვინისიუსმა შესანიშნავი შანსი გაუშვა. შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 73-ე წუთზე მარეზმა კურტუას ახლო კუთხეში გაუტანა და კასტილიური გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა, როცა საქმე ანჩელოტის გუნდს ეხება, ნებისმიერი საოცრებაა მოსალოდნელი. დარჩენილ დროში მანჩესტერელები უფრო მეტს უტევდნენ, განსაკუთრებით, შეცვლაზე შესული გრილიში გამოირჩეოდა. მისი აქტიურობის შედეგად ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ არც ერთი არ დაგვირგვინდა გოლით. ბოლოს „ბლანკოსი“ შტურმზე გადავიდა და როდრიგომ დუბლით თავისი გუნდი დააწინაურა. იქვე როდრიგოს ჰეთ-თრიკის შესრულება ედერსონმა არ დაანება. საპასუხო შეტევისას ფოდენმა ვერ უწია მიზანს, 2:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.
დამატებითი დრო ბენზემას მოპოვებული და მის მიერვე გამოყენებული პენალტით დაიწყო. აქედან მოყოლებული, გვარდიოლას მთელი გუნდი იერიშზე გადავიდა და 105-ე წუთზე ფერნანდინიომ ცარიელ კარში ვერ შეძლო ბურთის გადაგზავნა. მეორე დამატებულ ტაიმში "სიტი" ქაოტურად და უხიფათოდ უტევდა და დამარცხდა.
28 მაისს პარიზში ფინალში "რეალი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 61 416 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 3:1 (ძირ. დრო 2:1)
გოლები: 0:1 მარეზი (73), 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (90+1), 3:1 ბენზემა (95, პენ)
1. რევანშია ასაღები 2018 წლის გამო
2. სიტისთან უაზრო თამაში იქნებოდა, პრემიერლიგის მატჩივით. ესპანეთი-ინგლისის დაპირისპირება ჯობია