ხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა.

„ნაპოლიმ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ხვიჩა კვარაცხელია კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს არათუ არ შეუშინდა, არამედ ტურნირზე თავის სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. მის ანგარიშზე ნეაპოლურ გუნდში 6 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მასპინძლები „ლივერპულს“ პირველ ტაიმში ასე დაჯაბნიდნენ და სამ უპასუხო გოლს გაუტანდნენ. დებიუტში ანგარიში ზილენსკიმ პენალტით გახსნა. მე-18 წუთზე ოსიმენმა თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შემდეგ კვარაცხელიას პასი გაუკეთა და მისი
დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ვან დეიკმა გამოიტანა. მალე ნეაპოლელებმა მეორე გაიტანეს - ხვიჩამ ბურთი გომესს აართვა, ანგისას მისცა, რომელმაც ზილენსკისთან კედელი გაითამაშა და ალისონის კარი დალაშქრა. 44-ეზე კი ხვიჩამ ფლანგზე ალეკსანდერ-არნოლდი და გომესი დაჯაბნა და ტრავმირებული ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულ სიმეონეს „ნაპოლიში“ სადებიუტო გოლი გაატანინა. შესვენებამდე აგრეთვე აღსანიშნავი იყო, როგორ ჩამოიცილა მოედნის ცენტრში ლამაზი ფინტებით ორჯერ ფაბინიო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზილენსკიმ დუბლი შეასრულა, მალე დიასმა ანგარიში შეამცირა. 57-ე წუთზე კვარაცხელია სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს და სპალეტიმ შეცვალა. მის არყოფნაში ნეაპოლელთა შეტევები ნაკლებად შემოქმედებითი და ულამაზო გახდა, თუმცა სპალეტიმ გუშინ თქვა, რომ ფუნდამენტური ლამაზი ფეხბურთი კი არა, არამედ ეფექტურობა და კონკრეტიკაა. სხვათა შორის, მოედნიდან გასვლისას ხვიჩა უკმაყოფილო იყო, დარჩენილ დროში საიერიშოდ სივრცეები უფრო გაეხსნებოდა, მაგრამ გრძელი სეზონისა და მჭიდრო კალენდრის გათვალისწინებით, მწვრთნელმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

13 სექტემბერს, მეორე ტურში, „ნაპოლი“ გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლივერპული 4:1
გოლები: 1:0 ზილენსკი (5, პენ), 2:0 ანგისა (31), 3:0 სიმეონე (44), 4:0 ზილენსკი (47), 4:1 დიასი (49)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (18)

მკითხველის კომენტარები / 36 /
პირველი სამი გოლი ხვიჩამ შექმნა და მესხის ილეთიც ჩაატარა. გოლის გატანას ჯობდა ხვიჩას ასისტები. ამოუწურავია ხვიჩას შესაძლებლობები,დამცველი საერთოდ სხვა რამეს ელოდა და გაამრავალფეროვნა ხვიჩამ შეტევები და აწი უფრო დამფრთხალნი დაუდგებიან წინ, იფიქრებენ ეხლა რას აპირებს ახალსო................
სიმართლე
02:09 08-09-2022
0
შეცვლით ნუ ვიქნებით უკმაყოფილოები, ძალიან გრძელი და ძალიან დატვირთული სეზონი ექნება, რუბინისნაირი კვარა და რობოტი კვარას, ასე ჯობია მისთვისაც და გუნდისთვისაც. საკვანძო ფეხბურთელია და სპალეტის ჭირდება ფორმაში. არ შეიძლება პირველივე სეზონზე სრულად დატვირთვა ეგრევე
რა მაფიაა
02:17 08-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული