6 იანვარს, ლა ლიგას მე-18 ტურში "რეალი" სახლში "სოსიედადთან" 0:2 დამარცხდა.
"რეალს" ტრავმირებული ბეილი ვერ დაეხმარა, მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა ვინისიუსმა პირველად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.
ბასკები დებიუტშივე დაწინაურდნენ პენალტით, 61-ე წუთზე ვასკესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მასპინძლებს სან სებასტიანელებმა მეორე გოლი გაუტანეს.
"სოსიედადს" ბოლოს მადრიდში "რეალი 2004 წლის 23 მაისს ჰყავდა დამარცხებული (4:1).
"რეალი" 30 ქულით მე-5 ადგილზეა და 13 იანვარს სევილიაში "ბეტის" შეხვდება.
"რეალმა" მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 6 მატჩი წააგო - იმდენივე რამდენიც მთელ გასულ სეზონში. ამასთან, მხოლოდ 26 გოლი გაიტანა და ასე ცოტა გოლი მხოლოდ 25 წლის წინ ჰქონდა გატანილი.
გულშემატკივრები აშკარად გულგატეხილნი არიან, სტადიონზე დასწრება თანდათან კლებულობს და ამის გამო "სამეფო კლუბმა" მარტო ამ მატჩში 2 მილიონი ევრო იზარალა.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 53 412 მაყურებელი
რეალი - სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 ვილიან ხოსე (3, პენ), 0:2 პარდო (83)
გაძევება: ლუკას ვასკესი (61)
რეალი რეალად,მაგრამ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო,დაე დედა ღვთისმშობელმა გვატაროს სიკეთის გზაზე და გვაპოვნინოს გზა,ერთმანეთის გულებისაკენ.