ზიდანის ბიჭები: სად და როგორ თამაშობენ ენცო, ლიუკა, ტეო და ელიასი [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: Marca

"სახლში ისინი ჩემი შვილები არიან, კლუბში კი მუშაობენ და სწავლობენ. მათ ისეთივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, როგორიც "რეალის" სხვა ფეხბურთელებს", - თქვა ზიდანმა, დაღლილმა კითხვებისგან "რეალის" აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში მის მიმოფანტულ შვილებზე.

ფეხბურთელი შვილი ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი სიამაყეა. შეგიძლია შვილს ასწავლო ყველაფერი, რაც თვითონ იცი და საფეხბურთო დინასტია გააგრძელო. მაგრამ ამასთანავე, ამას თან დიდი ზეწოლა სდევს, რომელიც პირველ რიგში, უმცროს თაობას აწვება.

რთულია, იყო ძლიერი, როდესაც სახლში მამის მიერ მოგებული უამრავი თასი გაქვს, ფეხბურთში მამაშენის სახელს საფირმო
დრიბლინგი ატარებს, მამაშენმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მეტოქეს თავი დაარტყა და წითელი ბარათი მიიღო, მწვრთნელის რანგში კი დაუჯერებელი რეკორდი დაამყარა. ზიდანმა ფეხბურთში დიდი მემკვიდრეობა დატოვა, მისი შვილები კი ლეგენდარული მამის გზის გამეორებას ცდილობენ.

Sportall.Ge

ენცო ფერნანდესი, 24 წლის. "რაიო მაჰადაონდა"
საკუთარ თავზე ზეწოლა პირველმა ზიდანის უფროსმა ვაჟმა იგრძნო. როდესაც ზიზუ ტურინში თამაშობდა, მისი ვაჟი "იუვენტუსის" აკადემიაში ვარჯიშობდა, "რეალში" გადასვლისას კი ზიდანმა ენცო "რეალის" აკადემიაში გადაიყვანა. ფანებმა უმალ დაიწყეს საუბარი, რომ ფრანგი შვილის ინტერესებს ლობირებს.

"გვარის გამო ზეწოლას ბავშვობიდან ვგრძნობდი. ასე იქნება ყოველთვის. ადამიანები რაღაცას ითხოვენ, მაკრიტიკებენ და ამბობენ, რომ აქ მამის დამსახურების გამო ვარ", - ამბობდა ენცო, რომელიც მას შემდეგ ფეხბურთს დედის გვარით, ფერნანდესით თამაშობს.

ნახევარმცელი "რეალის" მეორე გუნდში მოხვდა, კაპიტნის სამკლავურიც მოირგო და ინგლისში წასვლაც შეეძლო. ენცოს საკუთარ გუნდში ხილვას "მიდლსბროს" თავკაცი აიტორ კარანკა ითხოვდა, რომელმაც 3 წელი "რეალში" მოურინიოს თანაშემწედ იმუშავა. ტრანსფერი არ შედგა, ენცო ფერნანდესმა კი პროგრესირება შეწყვიტა: 22 წლის ასაკში ის კვლავ "რეალის" მეორე გუნდში ირიცხებოდა.

2016 წლის 30 ნოემბერს ზიზუმ ენცო ესპანეთის თასზე, მესამე ლიგის წარმომადგენელ "კულტურალ ლეონესასთან" ერთი ტაიმი ათამაშა და ენცომ "სამეფო კლუბის" პირველ გუნდში საკუთარი პირველი და ერთადერთი გოლი გაიტანა.


"რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. რთულია, აქ საკუთარი ადგილი იპოვო. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. წასვლა მინდა, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მქონდეს", - ამბობდა ენცო.

ის "რეალის" მეორე გუნდიდან "ალავესში" გადავიდა. ბასკურ კლუბში ენცოს მამის ჩრდილიდან გამოსვლისა და მშვიდად თამაშის იმედი ჰქონდა, თუმცა ვერ გაქაჩა. ენცომ "ალავესს" იმედები გაუცრუა და ის "ლოზანაში" გაყიდეს, თუმცა ნახევარმცველმა ვერც შვეიცარიაში ითამაშა.

ახლა ენცო ფერნანდესი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ადგილზე მყოფ "რაიო მაჰადაონდაში" თამაშობს. მიმდინარე სეზონში მას 1 საგოლე გადაცემა აქვს.

"რაც მთავარია, ოჯახი ჩემით ამაყობს. ახლა მინდა, განვვითარდე, როგორც ენცო", - თქვა უმცროსმა ზიდანმა.

ლიუკა ზიდანი, 20 წლის. მადრიდის "რეალი"
"რეალში" ნეპოტიზმის შესახებ საუბრების მორიგი სერია მიმდინარე წლის 31 მარტს დაიწყო: ტრავმირებული ტიბო კურტუას ნაცვლად ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში არა კეილორ ნავასმა, არამედ ლიუკა ზიდანმა დაიწყო, რომელიც ხულენ ლოპეტეგისთან სეზონს მეხუთე მეკარის რანგში იწყებდა (კურტუას, ნავასის, კიკო კასილიას და ანდრეი ლუნინის შემდეგ), თუმცა ზიზუ ლიუკას ენდო.

Sportall.Ge

"მე ის იმიტომ ვათამაშე, რომ ერთი მეკარე დაშავებული გვყავს, მეორე კი სანაკრებო მატჩების შემდეგ გვიან დაგვიბრუნდა. მას ძლიერი ხასიათია აქვს, ის "რეალის" ფეხბურთელია და შესაბამისად, ძლიერი მეკარეა", - განაცხადა მადრიდელთა თავკაცმა.

ფანები ვარაუდობენ, რომ ზიდანი შვილს ახალი კონტრაქტის გაფორმებაში ეხმარება, თუმცა რომელ კლუბთან - ჯერ უცნობია. "რეალთან" ლიუკას კონტრაქტი ზაფხულამდეა გათვლილი და "სამეფო კლუბის" ძირითადში თამაშით, შესაძლოა, მან უფრო პატარა კლუბების ინტერესი მიიპყროს. მაგალითად, The Sun-ის მტკიცებით, "ბაზელმა" ლიუკა ზიდანს მიწვევა უკვე გაუგზავნა.

"კმაყოფილი ვარ დებიუტით. მატჩამდე ერთი დღით ადრე მამამ მითხრა, რომ ძირითადში გამოვალ. მან ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენება მირჩია. მეამაყება, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობ", - განაცხადა ლიუკამ, რომელმაც აუტსაიდერ "უესკასთან" მატჩში ორი გოლი გაუშვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრების წევრის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენის შანსები ძალიან მცირეა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - 20 წლის ლიუკა მეკარისთვის ძალიან დაბალია (180 სმ); მეორე - კურტუასთან და ნავასთან კონკურენცია შეუძლებელია; მესამე - "რეალი" დიდ იმედებს ამყარებს უკრაინელ ლუნინზე, რომელიც "ლეგანესშია" განათხოვრებული და უკვე ორი პენალტის მოგერიება მოასწრო.

მეოთხე და ყველაზე მთავარი მიზეზი - ლიუკა სუსტი მეკარეა. "უესკასთან" მატჩში მან არაერთი შეცდომა დაუშვა, ბურთის შიშმა კი ინტერნეტში სახალისო რეაქციები გამოიწვია.


ლიუკას, ისევე, როგორც ენცოს, მთავარ მწვრთნელთან ნათესაური კავშირის ეშინია: "როდესაც მოედანზე გავდივარ, მე ლიუკა ვარ და არა ზიდანი".

ტეო ზიდანი, 17 წლის. "რეალი" U18
პროფესიონალურ ფეხბურთში ლიუკას და ენცოს დებიუტი უკვე შედგა, მაგრამ ზიზუს შვილებს შორის ყველაზე ნიჭიერად 17 წლის ტეო ითვლება. დიდ ფეხბურთში ის ჯერ არ გადასულა, თუმცა თანატოლებში მას რთულად მოეძებნება ბადალი. პოზიციით და ბურთთან მუშაობით ტეო მამას ჰგავს.


2018 წელს ტეო საფრანგეთის 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.

"ეს წარმოუდგენელი იყო. ნაკრებში ჩემს ძმებსაც უთამაშიათ, ამიტომ ისინი ძალიან დამეხმარნენ", - აცხადებს ტეო.

ტეოს ასაკობრივ ნაკრებში უკვე 11 მატჩი აქვს ჩატარებული და აუცილებლად გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

ელიას ზიდანი, 13 წლის. "რეალი" U13
ზიდანის ყველაზე უმცროსი ვაჟი მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ ისიც "რეალის" აკადემიაში ვარჯიშობს. ელიასი ცაციაა და მცველის პოზიციაზე თამაშობს, მისი მწვრთნელი კი მსოფლიო ჩემპიონი ხაბი ალონსოა.

"ბარსელონას" კარში ელიასის მიერ გატანილი შემთხვევითი, მაგრამ ლამაზი გოლი YouTube-ზეც მოხვდა.


მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიუკა რა უბედურებაა? ლუკა ვერ ქვია?
გიორგი
16:08 05-04-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული