მატჩი და რა მატჩი - კლასმა თავისი გაიტანა და იტალიამ ავსტრია დამატებით დროში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში იტალიის ნაკრებმა დამატებით დროში ავსტრიას 2:1 სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა იტალიამ თავიდანვე შეუტია, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, რომელთა შორის იმობილეს მიერ საჯარიმოს გარედან ძელს გარტყმული ბურთია გამოსარჩევი. ავსტრია კი თავს დიდი ძალებით იცავდა (სხვა რა გზა ჰქონდა?) და უხიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. მოკლედ, გაუძლო და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმი უფრო აქტიურად ავსტრიამ დაიწყო და ზედ საჯარიმოს ხაზთან იტალიელებმა თამაშის წესი დაარღვიეს, ალაბამ კი სტანდარტი არაზუსტად შეასრულა. „სკუადრა აძურა“ პირველი ტაიმის მსგავსად
აშკარა უპირატესობას ვერ ფლობდა, ბურთს ვერ იჭერდნენ და თამაშსაც ვერ ამწვავებდნენ (ლამის დი ბიაჯოს დროინდელ გუნდს დაემსგავსა). შედეგად 65-ე წუთზე არნაუტოვიჩმა თავურით გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მანჩინიმ კი შეტევის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - ვერატის და ბარელას ნაცვლად მოედანზე ლოკატელი და პესინა შეუშვა. თუმცა, იტალია დაკარგული ინიციატივის დაბრუნებას ვერაფრით ახერხებდა. მანჩინიმ 84-ე წუთზე ისევ ორმაგი ცვლილება გააკეთა, ბელოტი იმობილეთი, ხოლო ბერარდი კიეზათი შეცვალა. ამით თამაშის სურათი არ შეიცვალა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

დამატებითი დროის მე-5 წუთზე კიეზამ მეკარის საჯარიმოს კუთხესთან ლაიმერი ჩამოიცილა და ბურთს ბაჰმანის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. „აძურიმ“ შეტევები არ შეანელა, ჯერ ინსინიეს საჯარიმოდან გატანა ბაჰმანმა არ დაანება, შემდეგ კი ფოდას გუნდი პესინამ დაამწუხრა - 2:0.

ავსტრია დანებებას არ აპირებდა, შეცვლაზე შესული შაუბის დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში დონარუმამ მოიგერია, ხელსაყრელი პოზიციიდან ზაბიტცერმაც ვერ უწია მიზანს, 114-ე წუთზე კი კალაიჯიჩმა თავურით ანგარიში შეამცირა. ბოლოს კიეზამ კონტრშეტევისას ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა და ტეილორის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა.

მანჩინის გუნდმა გაიმარჯვა, მაგრამ ამ შეხვედრამ მისი ნაკლოვანებებიც წარმოაჩინა - არის კი ტურნირზე ნაკრები, რომელიც ამით ისარგებლებს?

მეოთხედფინალში იტალია ბელგიასა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლონდონი. „უემბლი“
იტალია - ავსტრია 2:1
გოლები: 1:0 კიეზა (90+5), 2:0 პესინა (105), 2:1 კალაიჯიჩი (114)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სპინაცოლა დაასახელეს.
. იტალიის ნაკრები 31 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია, რაც მისი ახალი რეკორდია.
. იტალიამ ზედიზედ 12 მატჩი საერთო ანგარიშით 34:1 მოიგო - ესეც რეკორდია.
. იტალიამ გოლი 1145 წუთის განმავლობაში არ გაუშვა და ძოფის მიერ 47 წლის წინ დამყარებული 1143-წუთიანი გოლგაუშვებელი რეკორდი დაამხო.
. იტალიამ ტურნირზე გატანილი გოლების რეკორდი გაიმეორა - 9 გოლი 2000 წელს გაიტანა.
. კიეზამ ევროზე პირველი გოლი გაიტანა - ზუსტად 25 წლის წინ მისმა მამამ ევროზე ერთადერთი გოლი გაიტანა.
. იტალია მეოთხედფინალში მეოთხედ გავიდა.
. პესინამ ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
. იტალიამ ევროპირველობაზე მერვედ ითამაშა დამატებითი დრო - ესეც ერთგვარი რეკორდია.

altფენომენალურმა "აძურიმ" დუბლებითაც მოიგო - ჯგუფში მეორე უელსია, მესამე შვეიცარია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული