სერია A. VIII ტური: როცა იკარდის ბურთი შინ მიაქვს... [VIDEO]

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, იტალის ჩემპიონატის მორიგი ტურის მთავარი სამშვენისი "დერბი დელა მადონინა" გახლდათ, მაგრამ იმ თამაშამდე იყო კიდევ ორი შეხვედრა, რომელიც ასევე მოექცა საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების ცენტრში...

შეწყვეტილი სერია
"იუვენტუსმა" შეწყვიტა უგრძესი წაუგებელი საშინაო სერია და ახლა მთელი 5 ქულით ჩამორჩება სერია A-ს ლიდერ "ნაპოლის". თითქოს, ის ძველი დრო ბრუნდება, როცა ნეაპოლში დიეგო მარადონა ბრწყინავდა. "ნაპოლის" ისევ დავუბრუნდებით, ახლა კი ტურინულ შეხვედრაზე ვთქვათ...

განმეორდა წინა ტურის ისტორია. პაულო დიბალამ ამჯერადაც ვერ შეაგდო საენდშპილო 11-მეტრიანი, რომელიც ვიდეორეფერის საქმეში ჩარევის შემდეგ დაინიშნა და
თავის გუნდს ქულა ვერ გადაურჩინა. "ლაციოს" ალბანელმა მეკარე ტომას სტრაკოშამ არ გაუშვა გადამწყვეტი დარტყმა და თამაშის ერთ-ერთი გმირიც შეიქნა. სხვათა შორის, ის ცნობილი ალბანელი მეკარის, ფოტო სტრაკოშას ვაჟია, ვინც ქართველ ქომაგს კარგად უნდა ახსოვდეს...

ალბანელი მეკარეები დიბალასთვის გადაულახავ დაბრკოლებად იქცნენ. წინა ტურში მან ვერ გაიტანა პენალტი იმ "ატალანტას" კარში, რომელსაც ასევე ალბანელი ეტრიტ ბერიშა იცავდა.
შეხვედრის მთავარი კაცი კი უდავოდ ჩირო იმობილე გახლდათ. მას შემდეგ, რაც ტურინელები დაწინაურდნენ, მან ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი თავისივე მოპოვებული 11-მეტრიანი აქცია გოლად.

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ დავისაჯეთ იმის გამო, რომ სადღაც დავკარგეთ კონცენტრაცია. ასე იყო იმ წინა მატჩებშიც, რომლებშიც ქულები გავანიავეთ. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელს ეტყობოდა ტრავმის კვალი და გადაღლილობა. რაც შეეხება დიბალას, ის სანაკრებო ვოიაჟიდან ახალდაბრუნებული იყო და მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა გუნდთან ერთად. ამიტომაც გადავწყვიტე მისი დასვენება".
სიმონე ინძაგი ("ლაციოს" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ ისტორია დავწერეთ. დიდებულ გუნდს მოვუგეთ. მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. ხალხი ფიქრობდა, რომ მე-8 ან მე-10 ადგილს ვერ ავცდებოდით. მგონი, მეტი შეგვიძლია".

როგორ დაფრინავს ნაპოლი...
8 მატჩი და ამდენივე მოგება! - პირდაპირ შეიძლება დაიწეროს, რომ მაურიციო სარის გაწვრთნილი "ნაპოლი" "დაფრინავს". ნეაპოლელებმა ურთულეს გასვლით შეხვედრაში "რომა" დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ლორენცო ინსინიემ შეაგდო.

"რომას" შემტევებმა ვერ იჩაუქეს. საუკეთესო შანსები რომაელთაგან მცველებს, ფასიოსა და ბრუნო პერესს ჰქონდათ. "ნაპოლიმ" კი საკუთარ თავს არ უღალატა და კვლავ შემტევ ფეხბურთს გადაუხადა ხარკი.

სტუმართა მთავარი მწვრთნელი მედიასთან არ გამოჩენილა გრიპის ვირუსის გამო, მისმა ვიზავი ეუსებიო დი ფრანჩესკომ კი ეს თქვა:

"მინდა, მეტოქის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოვხატო. ჩვენ მეორე ტაიმში უფრო აგრესიულები ვიყავით და რამდენიმე საგოლე შანსიც გვქონდა, მაგრამ უფრო მეტი აგრესია უნდა გვქონოდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, სადაც ურთულესი ტესტი გველის".

დერბი
"დერბი დელა მადონინა" შედგა. სრულიად გიჟურ თამაშში, რომელიც ვულკანს უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ფეხბურთს, პირობითმა მასპინძელმა "ინტერმა" 3:2 მოუგო "მილანს". თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეხვედრის ბოლოს "მილანის" შვეიცარიელმა მცველმა რიკარდო როდრიგესმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და მაურო იკარდიმ "ინტერს" გამარჯვება მოუტანა.

ორივე კართან ბევრი ხიფათი შეიქმნა. თამაშის მთავარი გმირი კი სწორედ იკარდი გახდა, ვინც ჰეთ-თრიკი შეასრულა. სუსოსა და ბონავენტურას გოლები "მილანს" თუნდაც ქულის მოსაპოვებლად არ ეყო. ისეთი თამაში გამოვიდა, საყაიმო ანგარიში უფრო მოუხდებოდა, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნამ ასე განსაჯა.

მაურო იკარდი ("ინტერის" ფორვარდი): "აღარაფერი მახსოვს, ისეთი თამაში იყო. ამ მატჩის ბურთის სახლში წაღება დიდებულია. ამ ბურთთან ერთად უნდა დავიძინო. ბოლო დროს ბევრი იყო კრიტიკა ჩემი მისამართით. ბედნიერი ვარ ჩემ გამო და "ინტერის" გამოც. ჯერ ადრეა "სკუდეტოზე" ფიქრი. ჩვენ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის "ნაპოლისთან". ისინი ჩემპიონატს ლიდერობენ და ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ".

ვინჩენცო მონტელა ("მილანის" მთავარი მწვრთნელი): "მე ვნახე "მილანის კარგი რეაქცია წარუმატებლობაზე. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ეს სამწუხაროა. უსამართლობაა, უქულოდ რომ დავრჩით. ჯერ ჭიქა მხოლოდ ნახევრადაა სავსე და მე მინდა, გავაგრძელო ეს პროექტი. ვამაყობ ამ "მილანით". თუ ასე ვითამაშებთ, აღარ წავაგებთ. ცხრილს ყველა ვუყურებთ, მაგრამ ჩემპიონატი გრძელია. მჯერა, შეგვიძლია საუკეთესო ოთხეულში შესვლა".

ლუჩანო სპალეტი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი): "კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში "მილანიც" კარგი იყო, მაგრამ მოვახერხეთ გამარჯვება. იკარდი დიდებულია. ის დღეს გრანდიოზული იყო. ახლა "ნაპოლიზე" უნდა ვიფიქროთ".

ფაქტები
  • "ლაციომ" ბოლო 7 ურთიერთშეხვედრაში პირველად შეძლო "იუვენტუსის" დამარცხება. მანამდე, "ბებერ ქალბატონს" დედაქალაქელებთან უკანასკნელი 6 მატჩიდან ექვსივე მოგებული ჰქონდა.
  • მიმდინარე სეზონში ჩირო იმობილემ, ყველა ტურნირის ჩათვლით, 15 გოლი გაიტანა, რაც ევროპის წამყვანი ჩემპიონატების მასშტაბით საუკეთესო შედეგია.
  • 57-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ "იუვენტუსი" პირველად დამარცხდა საკუთარ მოედანზე.
  • "ნაპოლიმ" ზედიზედ ორ სეზონში პირველად მოახერხა რომში "ლაციოსა" და "რომას" დამარცხება.
  • "ატალანტას" ნახევარმცველმა ბრაიან კრისტანტემ სერია A-ში პირველი 6 გოლიდან ექვსივე თავურით გაიტანა.
  • "ტორინომ" 2017 წელს ჩატარებული ყველა მატჩის 50 პროცენტი ფრედ დაასრულა.
  • "ფიორენტინამ" "უდინეზე" შინ ზედიზედ მე-10-ედ დაამარცხა.
  • "სასუოლომ" და "კიევომ" ბოლო 5 მატჩში მე-3 ფრე ითამაშეს.
  • 2010 წლის 14 ნოემბრის შემდეგ "ჯენოამ" პირველად მოახერხა "კალიარის" სტუმრად დამარცხება.
  • "ტორინოსა" და "კროტონეს" შორის ბოლო 5 მატჩიდან (მათ შორის 2 - სერია B-ში) 3 ფრედ დასრულდა, დანარჩენიც ორიც "ტორინომ" მოიგო.
  • "ატალანტამ" "სამპდორია "სტუმრად ბოლოს 2012 წლის 4 ნოემბერს დაამარცხა.
  • მაურო იკარდიმ "მილანის" კარში გოლი საჯარიმოში ბურთთან პირველივე შეხებისთანავე გაიტანა.
  • მაურო იკარდი პირველი ფეხბურთელია დიეგო მილიტოს (2012 წლის მაისი) შემდეგ, ვინც მილანურ დერბიში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
  • 2002/03 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ინტერმა" 8 ტურის შემდეგ 22 ქულას მოუყარა თავი.
სერია A. VIII ტური
იუვენტუსი-ლაციო 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 დუგლას კოშტა (23), 1:1 იმობილე (47), 1:2 იმობილე (54-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: დიბალა (90+5. იუვენტუსი)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი (73. სტურარო), ბარძალი, კიელინი, ასამოა - ხედირა (65. დიბალა), ბენტანკური, მატუიდი - დუგლას კოშტა (54. ბერნარდესკი), იგუაინი, მანჯუკიჩი
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშტა - ბასტოსი, დე ვრეი, რადი - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (84. პატრიკი) - ლუის ალბერტო (72. ნანი) - იმობილე (76. კაისედო)

რომა-ნაპოლი 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 ინსინიე (20)
რომა (4-3-3): ალისონი - ბრუნო პერესი, მანოლასი (59. ფასიო), ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი, პელეგრინი (78. ჟერსონი) - ფლორენცი (72. უნდერი), ჯეკო, პეროტი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო (72. დიავარა), ჰამშიკი (71. ზელინსკი) - კალიეხონი (82. როგი), მერტენსი, ინსინიე

ფიორენტინა-უდინეზე 2:1
გოლები: 1:0 ტერო (28), 2:0 ტერო (77), 2:1 სამირი (72)

ბოლონია-სპალ 2:1
გოლები: 1:0 პოლი (30), 2:0 სალომონი (49-საკ. კარში), 2:1 ანტენუჩი (88)

კალიარი-ჯენოა 2:3
გოლები: 0:1 გალაბინოვი (8), 0:2 ტაარაბტი (35), 1:2 პავოლეტი (48), 1:3 რიგონი (75), 2:3 ჟოაო პედრო (79-პენ)

კროტონე-ტორინო 2:2
გოლები: 1:0 როდენი (25), 1:1 ფალკე (53), 2:1 მარტელა (64), 2:2 დე სილვესტრი (90)

სამპდორია-ატალანტა 3:1
გოლები: 0:1 კრისტანტე (21), 1:1 საპატა (56), 2:1 კაპრარი (59), 3:1 ლინეტი (68)

ინტერი-მილანი 3:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 იკარდი (28), 1:1 სუსო (56), 2:1 იკარდი (63), 2:2 ბონავენტურა (81), 3:2 იკარდი (90-პენ)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო - გალიარდინი, ბორხა ვალერო (85. ედერი) - კანდრევა (73. კანსელო), ვესინო, პერიშიჩი - იკარდი (90+3. სანტონი)
მილანი (3-5-2): დონარუმა - მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი (78. ლოკატელი) - კესი (46. კუტრონე), ბილია, ბონავენტურა, როდრიგესი, ბორინი - სუსო, ანდრე სილვა

სასუოლო-კიევო 0:0

ორშაბათი. 16 ოქტომბერი
ვერონა-ბენევენტო 22:45

ბომბარდირები: 11 - ჩირო იმობილე (ლაციო); 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - მაურო იკარდი (ინტერი); 7 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა).

მომდევნო ტური
21 ოქტომბერი: სამპდორია-კროტონე, ნაპოლი-ინტერი

22 ოქტომბერი: კიევო-ვერონა, მილანი-ჯენოა, ატალანტა-ბოლონია, ბენევენტო-ფიორენტინა, სპალ-სასუოლო, ტორინო-რომა, უდინეზე-იუვენტუსი, ლაციო-კალიარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული