სერია A. XV ტურის წინ: სპექტაკლის მოლოდინი ნეაპოლში

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგ ტურში ორი მთავარი მოვლენაა, ისეთი, იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი გვერდს იოლად რომ ვერ აუვლის.

პირველი, ესაა "სან პაოლოზე" გასამართი შეხვედრა იქაურ "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შორის, მეორე კი - ჯენარო გატუზოს დებიუტი "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ნეაპოლი მართლაც რომ დიდი მატჩის მოლოდინშია. ხუმრობა საქმე ხომ არაა - იქ თვით "იუვენტუსი" ჩადის, მიმდინარე სეზონში ცოტათი არადამაჯერებელი, მაგრამ მაინც "იუვენტუსი".

საქმეს ისეთი პირი უჩანს, "სკუდეტოს" მომგები, ალბათ, ამ ორ გუნდს შორის უნდა იყოს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის
მატჩის ხვედრით წონას...

მატჩის წინ ორივე გუნდი იმედიანადაა. ამ დროისთვის ისე ჩანს, რომ მინდორზე გასვლას შეძლებს გონსალო იგუაინი, ეს კი ნეაპოლური ჯახის კიდევ ერთი, დამატებითი ინტრიგაა. შეგახსენებთ, რომ ის სწორედ "ნაპოლის" ღირსებას იცავდა და კარგა ხნის განმავლობაში ამ გუნდის ნომერი პირველი ფორვარდიც გახლდათ, მაგრამ მერე ტურინს მიაშურა და მთელი ნეაპოლი გადაიკიდა...

მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მთელი იტალია განსაკუთრებული შეხვედრის მოლოდინშია და ჯერი ახლა ფეხბურთელებზეა. თანაც, ორივე გუნდი ამ გადასახედიდან ოპტიმალური შემადგენლობით უნდა იყოს. "ნაპოლის" ფაუზი გულამი და არკადიუშ მილიკი კი აკლია, მაგრამ ჩემპიონატის ლიდერს ორივესთვის ჰყავს ალტერნატივა.

გატუზომ კი "მილანს" ახალი ფერები უნდა შემატოს. გუნდში უნდა მოიტანოს აგრესია და ძველი მილანური სული. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ აშკარად გვაქვს გარანტირებული გატუზოს სამწვრთნელო სიგიჟეები და ეს უკვე ძალიან კარგია.

პირველი შეხვედრა გატუზოს ისეთი ელის, რომ აუცილებლად უნდა მოიგოს. შეიძლება დღეს "როსონერი" არც იდეალურადაა დაკომპლექტებული და არც იდეალურ ფორმაშია, მაგრამ "ბენევენტო" მიმდინარე სეზონში მართლაც რომ უსუსტესია და მისი დამარცხება "მილანისთვის" პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს.

"ინტერი" ჩემპიონობაზე ფიქრობს. ლუჩანო სპალეტის გუნდი შინ ფავორიტის სტატუსით ეთამაშება "კიევოს" და, წესით, ფეხი არ უნდა დაუცდეს, რადგან ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს.

ბევრს ველით "სამპდორია"-"ლაციოს" შეხვედრისგან. ორივე გუნდი ლაღ, შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და ლამაზი გოლებისა და ასეთივე თამაშის იმედი ნამდვილად გვაქვს.

ფაქტები
  • "რომა" და სპალ-ი სერია A-ში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
  • "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ბოლო 5 შეხვედრაში ორივე გუნდმა გაიტანა.
  • "იუვენტუსმა" ნეაპოლში ბოლოს 2015 წელს გაიმარჯვა (3:1).
  • ჯენარო გატუზო პირველად უთავკაცებს "მილანს".
  • 6 მატჩია, "სასუოლოს" "ფიორენტინასთვის" არ მოუგია.
  • "სამპდორიასა" და "ლაციოს" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
სერია A. XV ტური
პარასკევი, 1-ლი დეკემბერი
რომა-სპალ 21:30
ნაპოლი-იუვენტუსი 23:45

შაბათი, 2 დეკემბერი
ტორინო-ატალანტა 23:45

კვირა, 3 დეკემბერი
ბენევენტო-მილანი 15:30
ბოლონია-კალიარი 18:00
ფიორენტინა-სასუოლო 18:00
ინტერი-კიევო 18:00
სამპდორია-ლაციო 23:45

ორშაბათი, 4 დეკემბერი
კროტონე-უდინეზე 22:00
ვერონა-ჯენოა 23:59

ბომბარდირები: 15 - ჩირო იმობილე (ლაციო), მაურო იკარდი (ინტერი); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 8 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული