სერია A. XXII ტურის წინ: ქულების დაკარგვა კატასტროფა იქნება

AutoSharing Option
სერია A-ს მთავარი ამბები "სკუდეტოზე" მონადირეთა მონაწილეობით გასამართ შეხვედრებშია მოსალოდნელი. მოგეხსენებათ, მთავარ ჯილდოზე "ნაპოლი" და "იუვენტუსი" ნადირობენ.

"ნაპოლი" ლიდერია და, რა თქმა უნდა, უდიდესი მოტივაცია აქვს. ასე რომ, "ბოლონიას" კვირას ძალიან რთული საღამო ელოდება. საშინაო ასპარეზზე ნეაპოლელთათვის ქულების დაკარგვა ნამდვილი კატასტროფა იქნება. რა თქმა უნდა, ისინი ამას არც აპირებენ.

რაც შეეხება "იუვენტუსს", ტურინელები ვერონაში ჩადიან, სადაც "კიევოს" უნდა ეთამაშონ. "მფრინავ ვირებს" შინ ხანდახან კარგად გამოსდით თამაში. ვნახოთ, რა და როგორ იქნება ამჯერად. ფაქტია, "იუვეს", "ნაპოლის"
არ იყოს, ფეხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუცდეს.

ბოლო დროს კრიზისში მყოფმა "ინტერმა" გვარიანად იბრძოლა "რომასთან" და ძლივს გამორჩა ფრეს. ახლა ლუჩანო სპალეტის გუნდს ნავსიანი სერიის შეწყვეტა მართებს, რაკი სპალ-ი ის მეტოქე არ არის, რომლის ძლევა "ნერაძურისთვის" გადაუჭრელი ამოცანა შეიძლება იყოს.

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მილანში გაიმართება, სადაც ჯენარო გატუზოს გუნდთან "ლაციო" ჩადის. რა თქმა უნდა, დიდი ბრძოლა იქნება. ისიც ცხადია, რომ დღევანდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, სათამაშო კონდიციების მხრივ ფავორიტი უდავოდ "ლაციოა".

ეგაა, რომაულ კლუბს დაშავებული ჰყავს მთავარი ფორვარდი ჩირო იმობილე. ეს უკანასკნელი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა. ისე კი, სიმონე ინძაგის გაწვრთნილი "ბიანკოჩელესტე" ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს, თამაშობს რა უაღრესად შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს.

ერთმანეთში დიდ ბრძოლას გააჩაღებენ "რომა" და "სამპდორია". ამ გუნდებმა, ორიოდ დღის წინ, გამოტოვებული მატჩი ითამაშეს გენუაში, სადაც სტუმარი მარცხს ბოლო წუთზე, ედინ ჯეკოს გოლის წყალობით გადაურჩა (1:1). ცხადია, "რომა" ფავორიტია და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას მეტი აზარტით გააგრძელებს.

ფაქტები
  • "ატალანტამ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5 მოიგო (1 ფრე).
  • "სასუოლომ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 4 საშინაო მატჩიდან 4 მოიგო (1 ფრე).
  • "კიევომ" სერია A-ში ბოლოს გასული წლის 25 ნოემბერს გაიმარჯვა.
  • "იუვენტუსმა", ყველა ტურნირში ერთად, ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგო (2 ფრე) და მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. ასევე, ყველა ტურნირის ჩათვლით, მოიგო ზედიზედ 5 გასვლითი მატჩი.
  • "იუვენტუსმა" "კიევოს" მოუგო ბოლო 5 გასვლითი მატჩი.
  • "ინტერს" სერია A-ში არ მოუგია გასული წლის 9 დეკემბრის შემდეგ.
  • "ინტერმა" ჩემპიონატში ფრედ ითამაშა ბოლო 3 მატჩი.
  • "კროტონეს", ყველა ტურნირში ერთად, ფრედ არ უთამაშია ბოლო 14 მატჩში.
  • "კალიარიმ" ჩემპიონატის ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
  • "ვერონა" დამარცხდა სერია A-ს ბოლო 4 მატჩში და გაიტანა მხოლოდ 1 გოლი.
  • "ფიორენტინამ" ფრედ ითამაშა ჩემპიონატის ზედიზედ 3 საშინაო მატჩი.
  • "ფიორენტინამ" "ვერონა" შინ ბოლო 2013 წლის 2 დეკემბერს დაამარცხა (4:3).
  • "უდინეზემ" "ჯენოასთან" სტუმრად ბოლოს 2011 წლის 16 იანვარს გაიმარჯვა (4:2).
  • "ბოლონიას" სერია A-ში ფრედ არ უთამაშია 2017 წლის 15 აპრილის შემდეგ.
  • "ნაპოლიმ" "ბოლონიას" მოუგო ჩემპიონატის ბოლო 3 საშინაო მატჩი საერთო ანგარიშით - 12:1.
  • 2017 წლის 20 სექტემბრის შემდეგ "მილანმა" პირველად მოიგო ჩემპიონატის ზედიზედ 2 მატჩი.
  • "ლაციომ" მოიგო ჩემპიონატის ზედიზედ 3 მატჩი საერთო ანგარიშით 13:3.
  • 1998 წლის შემდეგ, ყველა ტურნირის ჩათვლით, "ლაციომ" "მილანთან" სტუმრად მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა და ისიც - თასზე (2015 წლის 27 იანვარი, 1:0)
  • "სამპდორიამ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ წააგო 3 საგარეო მატჩი და სამივე - ერთნაირი ანგარიშით (2:3).
  • "რომას" არ მოუგია ჩემპიონატის საშინაო მატჩი 2017 წლის 16 დეკემბრის შემდეგ.

სერია A. XXII ტური
შაბათი, 27 იანვარი
სასუოლო-ატალანტა 21:00
კიევო-იუვენტუსი 23:45

კვირა, 28 იანვარი
სპალ-ინტერი 15:30
კროტონე-კალიარი 18:00
ფიორენტინა-ვერონა 18:00
ჯენოა-უდინეზე 18:00
ნაპოლი-ბოლონია 18:00
ტორინო-ბენევენტო 18:00
მილანი-ლაციო 21:00
რომა-სამპდორია 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 11 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 10 - ედინ ჯეკო (რომა); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული