სერია A. II ტურის წინ: რაც პიპიტას არ ეზარება...

AutoSharing Option
ამ იტალიურ უქმეებზე ორ მატჩს გამოვარჩევდით: "ნაპოლიმ" "მილანს" უნდა უმასპინძლობს, ხოლო "იუვენტუსი" "ლაციოსთან" გაარკვევს ურთიერთობას.

ინტრიგა ორივე შემთხვევაში საკმარისადაა. მაგალითად, "მილანში" გონსალო იგუაინის დებიუტი მის ყოფილ კლუბთან დაპირისპირებას ემთხვევა, ხოლო იმის შეხსენება, რომ "ნაპოლის" დღევანდელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "როსონერის" ორჯერ (2003, 2007) მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, ალბათ საჭირო აღარ არის.

...მაგრამ ახლა წარსული და სენტიმენტები გვერდზე გადავდოთ, მთავარია სადღეისო მდგომარეობა, ეს მდგომარეობა კი ასეთია: ჯენარო გატუზოს არ ეყოლება ჰაკან ჩალჰანოღლუ, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო ანდრეა კონტი, კრისტიან საპატა და ივან სტრინიჩი
ტრავმირებულები არიან.

იგუაინი ზემოთ კი ვახსენეთ, მაგრამ აქ ერთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს დავამატებთ: "პიპიტას" თავისი ყოფილი კლუბის დამწუხრება ნამდვილად არ "ეზარება" - 5 გოლი 6 მატჩში.

რაც შეეხება "ნაპოლის", ანჩელოტი არ აპირებს შეცვალოს სასტარტო შემადგენლობა, რომელსაც "ლაციოსთან" ენდო. ის ეცდება, შეუნარჩუნოს თავის ახალ გუნდს ბოლო წლების დადებითი ბალანსი "მილანთან".

საქმე ისაა, რომ ამ უკანასკნელს "სან პაოლოზე" 2010 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია, ხოლო 2014 წლიდან მოყოლებული, 7 მატჩში მხოლოდ 2 ფრეს გამოჰკრა ხელი.

"იუვენტუსი"-"ლაციოს" მთავარი ინტრიგაა, გაიტანს თუ არა გოლს კრიშტიანო რონალდო. ასევე, კონფლიქტი მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის რომაულ კლუბში. წესით, ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით უნდა იყოს. გასულ სეზონში "იუვემ" "ლაციოსთან" შინ 1:2 წააგო, თუმცა "ოლიმპიკოზე" გაიმარჯვა - 1:0.

პირველი ტურის შემდეგ სერიოზული ინტრიგა შექმნა "ინტერმაც", რომელსაც ამ სეზონში სკუდეტოს ერთ-ერთ წონად პრეტენდენტად მიიჩნევენ. "სასუოლოსთან" მარცხმა ბევრი კითხვა გააჩინა. ლუჩანო სპალეტის გუნდი აუცილებლად მოუმატებს, მანამდე კი ამბიციური "ტორინოსა" და ვალტერ მაძარისგან ელოდება მედგარი წინააღმდეგობა.

კითხვები დატოვა "რომამაც". პირველ ტურში ეუსებიო დი ფრანჩესკოს კრებული ვერ იყო მოსაწონი, განსხვავებით "ატალანტასგან", რომელსაც ორშაბათს უნდა უმასპინძლოს.

ბერგამოელები ბრწყინვალე ფორმაში არიან. ეს განსაკუთრებით გუნდის კაპიტან ალეხანდრო (პაპუ) გომესზე ითქმის, ვინც "ფროზინონესთან" პირველ ტურში (4:0) დუბლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ფაქტები
  • "ლაციომ" და "იუვენტუსმა" ფრედ ბოლო 2014 წელს ითამაშეს.
  • სპალ-ი და "პარმა" უმაღლეს დონეზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
  • გასულ სეზონში "სასუოლომ" "კალიარის" 4 ქულა აართვა - 0:0 შინ, 1:0 სტუმრად.
  • "კიევომ" სერია A-ში "ფიორენტინას" სტუმრად ბოლოს 2012 წელს მოუგო (2:1).
  • "ფროზინონესა" და "ბოლონიას" წყვილში სტუმარ გუნდს არასოდეს გაუმარჯვია.
  • "ემპოლის", რომელიც სერია B-დან ამ სეზონში დაბრუნდა, არ წაუგია საგარეო მატჩი 2017 წლის 11 ნოემბრის შემდეგ.
  • "ემპოლიმ" "ჯენოასთან" სტუმრად ბოლოს 2008 წლის აპრილში გაიმარჯვა (1:0).
  • "ინტერს" არ მოუგია "ტორინოსთან" სერია A-ს ბოლო 3 მატჩი.
  • გასულ სეზონში "უდინეზემ" "სამპდორია" შინ 4:0 დაამარცხა.
  • 2014 წლის აპრილის შემდეგ "რომას" არ მოუგია "ატალანტასთან" სერია A-ს საშინაო მატჩი.

სერია A. II ტური
შაბათი. 25 აგვისტო
იუვენტუსი-ლაციო 20:00
ნაპოლი-მილანი 22:30

კვირა. 26 აგვისტო
სპალ-პარმა 20:00
კალიარი-სასუოლო 22:30
ფიორენტინა-კიევო 22:30
ფროზინონე-ბოლონია 22:30
ჯენოა-ემპოლი 22:30
ინტერი-ტორინო 22:30
უდინეზე-სამპდორია 22:30

ორშაბათი. 27 აგვისტო
რომა-ატალანტა 22:30

ბომბარდირი: 2 - ალეხანდრო გომესი (ატალანტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული