სერია A. VII ტური: ამაყი "ქალბატონის" გმირი [VIDEO]

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, სერია A-ს მორიგი ტურის ეს მიმოხილვა მთლიანად დაეთმობა ორ დიდ დაპირისპირებას - დედაქალაქურ დერბიში "რომას" ზეობას დაუძინებელ მტერ "ლაციოსთან" და "იუვენტუსის" გამარჯვებას ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ "ნაპოლისთან"...

ქრონოლოგიურად, ჯერ რომაული დერბი იყო და ჩვენც ამ მატჩით დავიწყოთ. მით უმეტეს, გუნდებმა მთლიანად გაამართლეს სტადიონზე შეკრებილი პუბლიკის მოლოდინი და ღია, გახსნილი ფეხბურთი ითამაშეს.

ამ შეხვედრის წინ "რომას" მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო, ფაქტობრივად, კედელთან იყო მიყენებული - თუ "ჯალოროსი" ვერ მოიგებდა, ის თანამდებობას დატოვებდა. შედეგი კი ასეთია - ფეხბურთელებმა
თავი დადეს და მწვრთნელს თანამდებობა შეუნარჩუნეს...

"რომა" პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა. არადა, მანამდე ორივე გუნდის კართან არაერთი მომენტი შეიქმნა... გადამწყვეტი აღმოჩნდა "ლაციოს" მეკარე თომას სტრაკოშას შეცდომა. მან ბურთზე კი ითამაშა, მაგრამ უხერხულად დაეცა სტეფან ელ შაარავის, ბურთი ტრავმირებული ხავიერ პასტორეს ნაცვლად შეცვლაზე შესულ ლორენცო პელეგრინის მიუგორდა და ამ უკნასკნელსაც გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმი დიდი ხნის დაწყებული არ იყო, როცა "ლაციომ" გაათანაბრა. იმ ეპიზოდში ძალიან ცუდად ითამაშა "რომას" არგენტინელმა მცველმა ფედერიკო ფასიომ - ბურთი პირდაპირ ჩირო იმობილეს ჩააბარა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და აუღელვებლად გაიტანა.

ამის შემდეგ კი მხოლოდ "რომას" გაჰქონდა. ჯერ ალექსანდარ კოლაროვმა არ უღალატა ტრადიციას და დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მერე კი ფასიომ შეცდომა გამოისყიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

"ვამაყობ ჩემი გუნდით. მათ ნამდვილი კაცებივით ითამაშეს. ეს იყო უმძიმესი მატჩი. მიმაჩნია, რომ დამსახურებულად მოვიგეთ, თუმცა კიდევ გვქონდა საგოლე მომენტები. ეს თამაში მომავლის იმედს გვისახავს", - თქვა დი ფრანჩესკომ.

"ჩვენ თამაშის მსვლელობაზე რეაქცია დავაგვიანეთ. მოწინააღმდეგეს შეტევაში დიდი თავისუფლება მივეცით და მათ ამით ბოლომდე ისარგებლეს", - ეს კი "ლაციოს" დამრიგებელ ფილიპო ინძაგის სიტყვებია.


"იუვენტუსმა" გვიჩვენა, რომ თუ სასწაული არ მოხდა, "სკუდეტო" ისევ მას დარჩება. "ნაპოლიმ" ანგარიში კი გახსნა, მაგრამ მერე წავიდა თამაში ცალ კარში. ნეაპოლელები არბიტრ ლუკა ბანტის კი დაემდურნენ მარიო რუისთვის ნაჩვენები ორი ყვითელი ბარათის გამო, მაგრამ "იუვეს" ნაცვლად ეს თამაში მსაჯს ნამდვილად არ მოუგია...

არადა, პირველ 25 წუთში "იუვენტუსი" ვერაფერს უხერხებდა მეტოქეს და ამიტომაც იყო, ანგარიში "ნაპოლიმ" რომ გახსნა - კონტრშეტევისას ხოსე კალეხონმა კარის წინ შენიშნა დრის მერტენსი და ბელგიელმაც შეაგდო.

თანდათან "იუვემ" ხელთ იგდო თამაშის სადავეები. კრიშტიანო რონალდომ შესანიშნავი პასი მისცა მარიო მანჯუკიჩს, რომელმაც წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი გოლიც შეაგდო და "ბებერი ქალბატონის" გმირად იქცა. მერე იყო რონალდოს კიდევ ერთი საგოლე პასი და ლეონარდო ბონუჩის გოლი, რომელმაც ბოლო წერტილი დასვა.

ამრიგად, 1930/31 წლების სეზონის შემდეგ "იუვენტუსმა", ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით, პირველად მოიგო სასტარტო 8 მატჩი.

"ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემს ფეხბურთელებზე. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე რიტმი სადღაც დაგვეკარგა. ჩემი აზრით, მსაჯს შეეძლო, არ ეჩვენებინა ორი ყვითელი ბარათი ჩვენი ფეხბურთელისთვის. ისღა დაგვრჩენია, მოვუმატოთ", - თქვა ნეაპოლელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ.

"ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მერე გამოვცოცხლდით. ვფიქრობ, აბსოლუტურად დამსახურებულად მოვიგეთ. რონალდო? ის სიამოვნებას იღებს ფეხბურთისგან და შედეგიც სახეზეა", - ასე შეაჯამა თამაში "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ.


კვირას კვლავ გაიტანა (თან დუბლი) "ჯენოას" პოლონელმა ფორვარდმა, 23 წლის კშიშტოფ პიატეკმა და 8 გოლით (6 მატჩში) სათავეში ჩაუდგა ბომბარდირთა დავას. სერია A-ს დებიუტანტ ფეხბურთელს ანალოგიური მაჩვენებელი 1949/50 წლების სეზონის (კარლ ააგე ჰანსენი) შემდეგ არ ჰქონია.

"ფროზინონემ" კი მიმდინარე სერია A-ში ახლაღა შეაგდო პირველი გოლი.

სერია A. VII ტური
რომა-ლაციო 3:1
გოლები: 1:0 პელეგრინი (45), 1:1 იმობილე (67), 2:1 კოლაროვი (71), 3:1 ფასიო (86)
რომა (4-2-3-1): ოლსენი - სანტონი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - დე როსი (74. კრისტანტე), ნზონზი - ფლორენცი (83. ჟეზუში), პასტორე (36. პელეგრინი), ელ შაარავი - ჯეკო.
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - კასერესი, აჩერბი, რამოს მარკი - მარუშიჩი, პაროლო (54. ბადელი), ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (82. კაისედო) - იმობილე, ლუის ალბერტო (53. კორეა).

იუვენტუსი-ნაპოლი 3:1
გოლები: 0:1 მერტენსი (10), 1:1 მანჯუკიჩი (26), 2:1 მანჯუკიჩი (49), 3:1 ბონუჩი (76)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ემრე ჯანი (61. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი - დიბალა (64. ბერნარდესკი), რონალდო, მანჯუკიჩი (84. კუადრადო).
ნაპოლი (4-4-2): ოსინა - ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, მარიო რუი - კალიეხონი, ჰამშიკი (69. რუისი), ალანი, ზელინსკი (61. მალკუიტი) - ინსინიე, მერტენსი (61. მილიკი).
გაძევება: მარიო რუი (58. ნაპოლი)

ინტერი-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 მარტინესი (12), 2:0 პოლიტანო (89)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, მირანდა, დალბერტი - გალიარდინი (57. ბროზოვიჩი), ბორხა ვალერო (82. ვესინო) - კანდრევა (70. პერიშიჩი), ნაინგოლანი, პოლიტანო - მარტინესი.


ბოლონია-უდინეზე 2:1
გოლები: 0:1 პუსეზო (32), 1:1 სანტანდერი (42), 2:1 ორსოლინი (82)

კიევო-ტორინო 0:1
გოლი: 0:1 ძაძა (88)

ფიორენტინა-ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 ვერეტუ (63-პენ), 2:0 ბირაგი (90+4)

ფროზინონე-ჯენოა 1:2
გოლები: 0:1 პიატეკი (33), 0:2 პიატეკი (36), 1:2 ჩანო (41-პენ)

პარმა-ემპოლი 1:0
გოლი: 1:0 ჟერვინიო (33)

სასუოლო-მილანი 1:4
გოლები: 0:1 კესი (39), 0:2 სუსო (50), 0:3 კასტილიეხო (60), 1:3 ჯურიჩიჩი (68), 1:4 სუსო (90+4)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - აბატე (89. კალაბრია), მუზაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ (77. ლაქსალტი), კასტილიეხო (72. კუტრონე).


ორშაბათი, 1-
ოქტომბერი
სამპდორია-სპალ 22:30

ბომბარდირები: 8 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 5 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი); 4 - როდრიგო დე პაული (უდინეზე), მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი), გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი: ტორინო-ფროზინონე
6 ოქტომბერი: კალიარი-ბოლონია, უდინეზე-იუვენტუსი, ემპოლი-რომა
7 ოქტომბერი: ჯენოა-პარმა, მილანი-კიევო, ატალანტა-სამპდორია, ლაციო-ფიორენტინა, ნაპოლი-სასუოლო, სპალ-ინტერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული