მუნდიალი 2018. D ჯგუფი: თბილისმა გაგვახარა, მაგრამ არ მოვდუნდებით [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისში ირლანდიის ნაკრების წაფორხილებით კარდიფში ისარგებლეს, სადაც ახალი გმირი ჰყავთ - უელსის ნაკრებს 74-ე წუთზე მოაგებინა 17 წლის ბიჭმა, ბენჯამინ ვუდბერნმა, რომელმაც უხეიროდ მოგერიებული ბურთი მოიგდო და შორეული დარტყმით დაამარცხა ავსტრიის ნაკრები - 1:0. ასე, უელსის ნაკრებმა ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა მე-2 ადგილზე მყოფ ირლანდიასთან და, როცა მათი კონკურენტები დუბლინში ერთმანეთს შეასკდებიან, უელსი მოლდოვას ესტუმრება.

"ბურთი მივიღე და მხოლოდ კარგად, დამიზნებით დარტყმას ვცდილობდი. საბედნიეროდ, ეს გამომივიდა. სიხარულით მთვარეზე ვარ! ერთი, რაც ნამდვილად ვიცი, ამაღამ დაძინებას არ ვაპირებ, მაინც არ გამომივა",
- განაცხადა მატჩის გმირმა "ლივერპულის" ფორვარდმა, რომელმაც უელსის ნაკრებში პირველად ითამაშა.

ირლანდიელთა დაკარგული ქულებით ბელგრადშიც იხეირეს, სერბეთის ნაკრებმა 3:0 გაანადგურა ჯგუფის აუტსაიდერი მოლდოვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. სლავოლიუბ მუსლინის გუნდში საუკეთესო იყო მიატ გაჩინოვიჩი, რომელმაც ჯერ შესანიშნავი გოლი გაიტანა, შემდეგ კი ალექსანდარ კოლაროვს თითქმის ცარიელ კარში გაატანინა. მეორე ტაიმის მიწურულს თავისი გოლი ალექსანდრ მიტროვიჩმაც გაიტანა.

"დღეს ყველაფერი შესანიშნავად იყო, სწორად ვითამაშეთ, არავის მიუღია ტრავმა, მათ ვისაც ყვითელი ბარათები არ უნდა მიეღოთ, "სუფთად" ითამაშეს. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ 3:0 შესანიშნავი ანგარიშია. გაჩინოვიჩმა კვლავ გაიტანა, თანაც, 0:0-ზე. თქმა არ უნდა, მან შესანიშნავად ითამაშა, მე კმაყოფილი ვარ ლიაიჩის თამაშითაც, თუმცა მას გოლი არ გაუტანია. თბილისმა ძალიან გაგვახარა, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. არავითარი კალკულაცია, ირლანდიაში მოსაგებად მივდივართ. არ გვაქვს ეიფორია, უბრალოდ, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით რუსეთს", - განაცხადა მუსლინმა.

სერბეთი-მოლდოვა 3:0
გოლები: 1:0 გაჩინოვიჩი (20), 2:0 კოლაროვი (30), 3:0 მიტროვიჩი (81)
სერბეთი (3-4-3): რაიკოვიჩი - ივანოვიჩი, მაქსიმოვიჩი, ნასტასიჩი - გაჩინოვიჩი, მატიჩი (76. რადოია), გუდელი, კოლაროვი - კოსტიჩი, მიტროვიჩი (82. პრიოვიჩი), ტადიჩი (66. ლიაიჩი)

უელსი-ავსტრია 1:0
გოლი: 1:0 ვუდბერნი (74)
უელსი (3-4-2-1): ჰენესი - განტერი, უილიამსი, ჩესტერი - რიჩარდსი (46. კინგი), რემზი, ედვარდსი, დევისი - ლოურენსი (69. ვუდბერნი), ბეილი - ვოუკსი (69. რობსონ-კანუ)


თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 7 4 3 0 16-7 15
2. ირლანდია 7 3 4 0 9-5 13
3. უელსი 7 2 5 0 10-5 11
4. ავსტრია 7 2 2 3 9-9 8
5. საქართველო 7 0 4 3 7-11 4
6. მოლდოვა 7 0 2 5 4-18 2

მომდევნო ტური
5 სექტემბერი:
ავსტრია-საქართველო, მოლდოვა-უელსი, ირლანდია-სერბეთი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ბევრს ვიცინებ გასვლაზე რომ მოვუგოთ ავსტრიას , შანსი გვექნება რომ გავუსწროთ ჯგუფში
ვახტანგი
20:56 03-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული