ბრაზილია VS ბელგია - თუ წაგების შიშმა შეტევითი პოტენციალი არ დაჩრდილა...

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების დარად, ბელგიაც ის გუნდია, მიმდინარე მუნდიალზე ყველა თამაში რომ მოიგო. გვახსოვს ბოლო დაპირისპირება იაპონიასთან, როცა აზიური ნაკრები მერვედფინალურ მატჩში 2:0 დაწინაურდა, მაგრამ რობერტო მარტინესის "წითელმა ეშმაკებმა" სასწაული თამაში შემოატრიალეს - 3:2.

სამიდან ორი გოლი შეცვლაზე შესულმა მარუან ფელაინიმ და ნასერ ჩადლიმ გაიტანეს - ფეხბურთელებმა, რომელთაც ზოგიერთი წყარო დღეს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს...

ბრაზილია-ბელგიის ჯახი უდიდესი შეტევითი პოტენციალის მქონე გუნდების ბრძოლა იქნება. მიმდინარე მუნდიალზე ამ ორმა ნაკრებმა ჯამში 19 გოლი (12 -
ბელგიამ, 7 - ბრაზილიამ) გაიტანა.

აქედან გამომდინარე, გოლებისა და სანახაობის მოლოდინი დიდია, მაგრამ ისეც ხშირად ხდება, როცა სწორედ ასეთი, შეტევაზე ორიენტირებული გუნდები ერთმანეთის შიშით ფრთხილობენ და ქომაგი გაწბილებული რჩება.

მაგრამ ერთია გულშემატკივრის (მეტადრე - ნეიტრალურის) ინტერესი, და მეორე - პლეი-ოფის სპეციფიკა, სადაც ერთი პატარა შეცდომაც კი დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, თუკი ტიტეც და მარტინესიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ თავდაცვითი ზღუდეების გამაგრებას.

ისე, ბრაზილიელებს დღევანდელ ოპონენტებზე უკეთ გამოსდით დაცვაში თამაში, რაზეც მარტივი სტატისტიკაც მეტყველებს - ალისონ ბეკერის კარში მთელი 310 წუთია გოლი არ გასულა...

ტიტეს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს. ჭარბი ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებს "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი კაზემირო, რომელსაც ფერნანდინიო შეცვლის; ხოლო რაც შეეხება დუგლას კოშტას, ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ საეჭვოა, ტიტემ კორექტივები შეიტანოს შეტევის ხაზში, სადაც ჩინებულად გამოიყურება ნეიმარის, ფილიპე კოუტინიოსა და ვილიანის ტრიო. არ არის გამორიცხული, დაცვის მარცხენა ფლანგზე დაბრუნდეს მარსელო, რომელმაც სერბეთთან მატჩში მე-10 წუთზე დატოვა მოედანი...

პრემიერლიგური ბრძოლები
დღეს "კაზან არენაზე" განსაკუთრებული იქნება პრემიერლიგელთა დომინაცია და ამ მხრივ, საინტერესოა, როგორ შეაჩერებს ვენსან კომპანი ("მანჩესტერ სიტი") თანაკლუბელ გაბრიელ ჟეზუშს, ბრაზილიელთა ეულ ფორვარდს, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე ჯერ უგოლოდაა...

"ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუას ("ჩელსი") მარცხნიდან დიდი საფრთხე ელის თანაგუნდელ ვილიანისგან...

ფერნანდინიო ("მანჩესტერ სიტი") კი ნახევარდაცვის საქმეების მოგვარებისას თავის ზონაში ხშირად გადაეყრება ასევე "თანაქალაქელ" კევინ დე ბრუინს...







ფაქტები
  • ბრაზილია და ბელგია ბოლოს ერთმანეთს 2002 წლის მუნდიალზე, მერვედფინალში შეხვდნენ. სამხრეთამერიკელებმა 2:0 მოიგეს.
  • აშშ-ის მსოფლიოს ჩემპიონატის (1994) შემდეგ ბრაზილიის ნაკრები რეგულარულად გადის მინიმუმ მეოთხედფინალში, ხოლო ორ შემთხვევაში (1994 და 2002) მუნდიალების გამარჯვებულიც გახდა, 1998 წელს კი ფინალში ითამაშა.
  • ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 8 მოგება, 1 ფრე.
  • ბელგიის ნაკრებმა ბოლო 6 მატჩში (ყველა ტურნირისა და ამხანაგურების ჩათვლით) 19 გოლი გაიტანა.
  • ნეიმარმა ბოლო 19 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ედენ აზარმა 18 მატჩში 10-ჯერ აიღო მეტოქის კარი, 9 შემთხვევაში პარტნიორებს გაატანინა.
  • ბრაზილიის ნაკრებს ბოლო 9 მატჩიდან 8-ში არ გაუშვია გოლი.
  • ბელგიის ნაკრებს არასოდეს შეუნახავს კარი "მშრალად" მსოფლიოს ჩემპიონატების ბოლო 12 პლეი-ოფში. ამ თამაშებში ბელგიელებმა 28 გოლი გაუშვეს.
  • ბრაზილია არ დამარცხებულა ევროპულ ნაკრებებთან ბოლო 10 მატჩში (8 მოგება, 2 ფრე).
  • ბელგიის ნაკრების მონაწილეობით ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • ბელგია ზედიზედ მეორედ გადის მუნდიალის მეოთხედფინალში, რაც ამ ნაკრების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

1/4-ფინალი. პარასკევი. 6 ივლისი. ყაზანი. აზან არენა
ბრაზილია-ბელგია 22:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, ფილიპე ლუიში (ან მარსელო) - ფერნანდინიო, პაულინიო - ვილიანი, კოუტინიო, ნეიმარი - გაბრიელ ჟეზუში.
ბელგია (3-4-2-1): კურტუა - ვერტონგენი, კომპანი, ალდერვეირელდი - მენიე, ვიტსელი, დე ბრუინი, ჩადლი - ფელაინი, ე. აზარი - ლუკაკუ.
არბიტრი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბელგია გაცდება ბრაზილიას უკეთესი გუნდია
)))))
15:17 06-07-2018
4
ერთი ორი გოლის მერე ბრაზილია ნოკაუტში გადააგდებს და შეიძლება 6-0 მოიგოს. როგორც იაპონიამ გადააგდო ნოკაუტში, დაბლები რომ არ ყოფილიყვნენ, იაპონია გავიდოდა. ბელგია არ არის ისეთი გუნდი როგორსაც გადმოსცემენ, საკმაოდ სუსტი ნაკრებია.
3

სიახლეები პოპულარული