შესანიშნავი შვიდეული - სატრანსფერო ზაფხულის მიმოხილვა

AutoSharing Option
წარსულს ჩაბარდა მორიგი გიჟური სატრანსფერო კამპანია. რა თქმა უნდა, მისი მთავარი მოვლენა იყო ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის გადასვლა "ბარსელონადან" პსჟ-ში, მაგრამ დღევანდელი ჩვენი წერილის თემა ეს არ არის. დღეს იმ 7 კლუბის შესახებ დავწერთ, რომელმაც სატრანსფერო პერიოდი საუკეთესოდ ჩაატარა...

იუვენტუსი

დახარჯა: 149,2 მლნ ევრო
გამოიმუშავა: 123,9 მლნ ევრო
პირველი შთაბეჭდილება შეიძლება ასეთი იყოს: "იუვემ" დაკარგა დანი ალვეში და ლეონარდო ბონუჩი და უამრავი ფული დახარჯა გაურკვეველი მიზნებისთვის. არადა, ეს ასე არ არის. როგორც ბოლო წლებში ხშირად ხდება, "იუვემ" მაინც ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა.

დავიწყოთ იქიდან, რომ გუნდის ყველა სათამაშო რგოლი გაძლიერდა. დაცვის ხაზში უნდა აღვნიშნოთ მეჰდი ბენატია. მაროკოელი იტალიელებმა "ბაიერნიდან" გამოისყიდეს. მოედნის ცენტრში დიდი სამსახური უნდა გაუწიოს გუნდს ბლეზ მატუიდიმ.

ძალიან ტექნიკური და მიზანსწრაფულია დუგლას კოშტა. "შალკედან" იჯარით აყვანილი ბენედიკტ ჰიოვედესი კი გასულ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო მცველი გახდა "ჩაჭრების" განხრით.

მეორეს მხრივ, "იუვემ" სულ 12 ფეხბურთელი გაყიდა და მათში საკმაოდ სერიოზული თანხაც გამოიმუშავა.

ბაიერნი

დახარჯა: 103,5 მლნ ევრო
გამოიმუშავა: 32,5 მლნ ევრო
უკვე დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა "ბაიერნი" ერთბაშად ყიდულობდა ბევრ ფეხბურთელს. ახლა შევსება ხდება მხოლოდ კონკრეტული პოზიციების მიხედვით. მთავარ ტრანსფერად "ლიონის" ერთ-ერთი ლიდერის, კორენტენ ტოლისოს გადაბირება მოსჩანს. ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანულმა გრანდმა 41,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

20 მილიონი დაჯდა ნიკლას ზულე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გუნდში გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის, სებასტიან რუდის მისვლას. ეს უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც თანაბარი წარმატებით თამაშობს რამდენიმე პოზიციაზე, მიუნხენელებმა ხელში... უფასოდ ჩაიგდეს, რაც დიდი ბონუსია.

მანჩესტერ იუნაიტედი

დახარჯა: 164,4 მლნ ევრო
გამოიმუშავა: 8,5 მლნ ევრო
დიდი ტვირთი ჟოზე მოურინიოსათვის. თავადაც ხედავთ, რამხელაა დანახარჯი, შემოსავალი კი ბევრი არაფერი. მართლაც რომ ზღვა ფული დაიხარჯა, არადა "წითელმა ეშმაკებმა" სულ სამი ფეხბურთელი იყიდეს, რადგან ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა. რომელუ ლუკაკუსა და ნემანია მატიჩის ტრანსფერები იმხელა თანხა დაჯდა, მათ უსწრაფესად უნდა დაიწყონ გაცემული ავანსების გამართლება.

პრინციპში, ისინი უკვე აკეთებენ კიდეც ამას. თანხა (8,5 მილიონი ევრო) კი მხოლოდ ადნან იანუზაის გაყიდვით შევიდა მანჩესტერული კლუბის სალაროში. უეინ რუნის რაც შეეხება, მან იმდენი გააკეთა "იუნაიტედისთვის", "ევერტონში" უფასოდ წასვლა მასზე ალალია. სამი ტრანსფერი ბევრი არ არის, მაგრამ ინგლისელებმა ყველა სათამაშო რგოლი გააძლიერეს.

ლივერპული

დახარჯა: 89 მლნ ევრო
გამოიმუშავა: 40,7 მლნ ევრო
კიდევ ერთი ინგლისური გრანდი, რომელიც გვარიანად დაიხარჯა. ბოლო დროს "ლივერპული" მიეჩვია თავისი ლიდერების სარფიანად გაყიდვას. აი, შემოსული ფულის ნორმალურად განკარგვას კი - ვერა. ეს ზაფხული გამონაკლისი იყო. კლუბმა შეინარჩუნა ლიდერები და იყიდა მაღალი დონის ფეხბურთელები.

ამის დასტურია "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისა და ენდრიუ რობერტსონის ტრანსფერები. მთავარი ამბავი კი მაინც ფილიპე კოუტინიოსთან იყო დაკავშირებული. ბრაზილიელს წასვლა უნდოდა, მაგრამ "ლივერპულის" შეფობამ ის "ბარსელონაში" არ გაუშვა.

რა თქმა უნდა, ეს კარგად იციან "ლივერპულის" ფანებმა და მათ ძველებური ურთიერთობა აღარ ექნებათ კოუტინიოსთან, თუმცა მთავარია, ფილიპემ ითამაშოს და ძალიან ბევრ რამეს აპატიებენ.

ევერტონი

დახარჯა: 158,2 მლნ ევრო
გამოიმუშავა: 107,4 მლნ ევრო
ამ სიაში "ევერტონის" მოხვედრა დიდი უცნაურობაა. კლუბმა ერთბაშად დახარჯა იმდენი, რამდენიც ერთად - ბოლო ორ სეზონში. თითქმის 50 მილიონი დაჯდა ისლანდიის ნაკრების ლიდერი გილფი სიგურდსონი და მას დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

რა თქმა უნდა, გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია რომელუ ლუკაკუს წასვლა. ბელგიელმა დიდი ფული კი მოიტანა, მაგრამ მთელ რიგ შეხვედრებში ის მთელი თუ არა, ნახევარი გუნდი მაინც იყო. ფული კი დაიხარჯა, თუმცა კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნებული უეინ რუნის გარდა, ვერავისზე იტყვი, ნაღდი ვარსკვლავიაო. ეგ არის, გუნდი გათავისუფლდა ბალასტისაგან. მაგალითად, წავიდნენ ეიდენ მაკგიდი და არუნა კონე.

მონაკო

დახარჯა: 102 მლნ ევრო
გამოიმუშავა: 177,5 მლნ ევრო
"მონაკო" ერთადერთი გუნდია ჩვენს ჩამონათვალში, რომელმაც დიდი ფული დახარჯა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გამოიმუშავა. კლუბმა გაყიდა ნახევარი იმ შემადგენლობისა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ნამდვილი სასწაული მოახდინა. რაც მთავარია, გუნდმა 10 ახალი ფეხბურთელი იყიდა, მათ შორის - სტევან იოვეტიჩი და კეიტა ბალდე, რომელშიც სამთავროს კლუბმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა.

მართალია, "მონაკომ" გაყიდა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი (თუ უკვე ამოსული) ვარსკვლავი კილიან მბაპე, მაგრამ ამის მიუხედავად, კლუბის მენეჯმენტი მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს. თანაც, ისე ჩანს, რომ მონეგასკთა შედეგები არ გაუარესდება.

მილანი

დახარჯა: 240,5 მლნ ევრო
გამოიმუშავა: 55,5 მლნ ევრო
სატრანსფერო პერიოდის მთავარი გმირი "მილანია". კლუბის ახალმა ჩინელმა ინვესტორებმა 11 ფეხბურთელი იყიდეს - მთელი ახალი გუნდი. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა "მილანის" რიგებში "იუვენტუსის" დაცვის ერთ-ერთი ლიდერის, ლეონარდო ბონუჩის გადასვლას, მაგრამ იტალიელებს განსაკუთრებული ფანტაზია აქვთ.

აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ფრანკ კესის ტრანსფერი "ატალანტადან" - მისი დონის საყრდენი დღევანდელ ფეხბურთში ბევრი არ არის. მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, სახეზეა საეჭვო ტრანსფერებიც... მაგრამ ჩვენს ვარაუდებს დრომ უნდა უპასუხოს. ამიტომ, ნუ ვიჩქარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული