დორსეტის საგრაფოს პოლიციამ იუწყა, რომ კუნძულ გერნსისთან 67 მეტრის სიღრმეზე ჩავარდნილი თვითმფრინავიდან ამოტანილი სხეული სალასია.
სალა 19 იანვარს "კარდიფმა" "ნანტისგან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც უელსური კლუბის სატრანსფერო რეკორდია. მან კონტრაქტს ხელი მოაწერა და საფრანგეთში ერთმოტორიანი თვითმფრინავით PA 46 Malibu-თი მეგობრებთან დასამშვიდობებლად ჩავიდა, უკან დაბრუნებისას კი საფრენი აპარატი დაიკარგა.
პოლიციამ ძებნა 22 იანვარს დაიწყო და 2 დღეში შეწყვიტა. სალას ნათესავებმა თანხა შეაგროვეს და 3 თებერვალს ძებნა განაახლეს.
თვითმფრინავი აღმოაჩინეს, მასში მხოლოდ ერთი სხეული იყო, მაგრამ ძლიერი წყალქვეშა დინების გამო გამოტანას რამდენიმე დღე მოუნდნენ.
დღეს კი დადასტურდა, რომ სხეული 28 წლის ფეხბურთელისაა.