"მილანისა" და "ემპოლის" მატჩს (3:0), როსონერის ყოფილი მცველი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და "გაძეტა დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა.
- პარასკევს სტადიონზე იყავით. როგორ ისიამოვნეთ?
- "მილანმა" კარგად" ითამაშა. მომეწონა. ამ სეზონში სტადიონზე პირველად ვიყავი, ისე კი მატჩებს ტელევიზორში სისტემატურად ვუყურებ. გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს.
- ყველაზე უფრო რა მოგეწონათ?
- დაცვაში უფრო დამაჯერებელია, თავდასხმაში კი აგრესიული.
- ეს გატუზოს დამსახურებაა?
- მან შექმნა ეს გუნდი, სათამაშო რგოლები ერთმანეთს ეხმარებიან.
- ელოდით თუ არა, რომ გატუზო ესოდენ კარგი მწვრთნელი იქნებოდა?
- მართალი
გითხრათ, არა. ფეხბურთელობისას ამაზე არ ვსაუბრობდით, ახლა კი ერთმანეთს იშვიათად ვეკონტაქტებით. მიხარია მისი წარმატება. შეუძლია გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანოს.
- რას იტყოდით ყოფილ თანაგუნდელებზე, ლეონარდოსა და პაოლო მალდინიზე, რომლებიც ახლა კლუბში მუშაობენ?
- მათ კლუბს სტაბილურობა შემატეს, რაც უკანასკნელ ხანს არ შეინიშნებოდა. შევიტყვე, ელიოტს სურს ინვესტიციები განახორციელოს და ასეთ შემთხვევაში, "მილანი" თავის დიდებას დაიბრუნებს.
- პიონტეკზე რას იტყვით?
- ის "ჯენოადან" მახსოვს, კარგი თავდამსხმელია და პროგრესირება კიდევ უფრო შეუძლია. იტალიის ჩემპიონატში უცხოელისთვის, მეტადრე ფორვარდისთვის ადაპტაცია ადვილი როდია. მას საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გააჩნია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია. რონალდო ვერ გახდება, თუმცა შეუძლია კარგი თავდამსხმელი იყოს.
- გატუზოს საგულშემატკივროდ ისევ ეწვევით "სან სიროს"?
- ტელეფონზე ველაპარაკები ხოლმე. მილიონნახევრიანი ქალაქის მერი ვარ, უამრავი საქმე მაქვს, მრავალი პრობლემაა გადასაჭრელი, დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა, ახალი პროექტები განხორციელდეს და ხალხი უფრო ბედნიერი იყოს.