ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაზე მუშაობს. ახალი ფორმატი 24 გუნდის მონაწილეობას ითვალისწინებს, მათ შორის 12 კი ევროპული კლუბი იქნება. გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებებს პარასკევს, 15 მარტს მაიამიში, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცებენ.
ახალი ტურნირი კალენდარში კონფედერაციების თასს ჩაანაცვლებს და პირველად 2021 წელს, 17 ივნისიდან 4 ივლისამდე ჩატარდება. 24 მონაწილე 8 სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ჯგუფების გამარჯვებულები პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ტიტულისთვის ბრძოლას.
თუმცა, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ფორმატს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მაგალითად, უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ
ჩეფერინი, რომელიც ევროპული კლუბების რაოდენობის 12-დან 8-მდე შემცირებას ითხოვს.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რა პრინციპით გამოვლინდება ჩემპიონატის მონაწილე კლუბები - გადაწყვეტილებებს ეროვნული ფედერაციები მიიღებენ. გაურკვეველია ფინანსური საკითხიც. ინფანტინო ფედერაციებს საერთო მოგების ერთ მეოთხედს სთავაზობს, თუმცა, სავარაუდოდ, ევროპულ ტოპ-კლუბებს ეს არ დააკმაყოფილებს.
კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ფორმატს არ ეთანხმება „ევროპული კლუბების ასოციაცია“ (ECA), რომელშიც ევროპული ფეხბურთის 230-ზე მეტი კლუბი, მათ შორის, მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, მიუნხენის „ბაიერნი“, „პსჟ“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ შედიან. ECA-მ საკუთარი პოზიციის შესახებ უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინსაც აცნობა.
მომზადებულია kicker.de-ს მიხედვით
ფიფა ნაკრებების რაოდენობის გაზრდაზე უკვე 2022 წლის მუნდიალისთვის ფიქრობს