უკრაინის ნაკრების ფორმაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ რუსეთმა ენა მოიჩლიქა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებმა ევრო 2020-ზე საასპარეზოდ ფორმა წარმოადგინა, რომელზეც ქვეყნის რუკაა გამოსახული რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ჩათვლით და წარწერა აქვს დატანებული - "დიდება უკრაინას!", რამაც რუსეთში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია.

ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რუსული ფეხბურთის რუხმა კარდინალმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, რომ ეს წვრილმანი პროვოკაცია, ნორმალური ადამიანებისთვის უღირსი საქციელი და უნამუსობაა ისეთი ერისთვის, როგორიც უკრაინაა. მან დარწმუნებით თქვა, რომ უეფა უკრაინას ამ ფორმით თამაშის უფლებას არ დართავს.

კიდევ უფრო აგრესიული გახლდათ რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იგორ კოლივანოვი: "მინდა მათ
ფორმაზე ჩვენი დროშა ვიხილო, რუსული, უკრაინა ხომ ჩვენ გვეკუთვნის. რა ყირიმი და რა მთელი უკრაინა, ყოველთვის ხომ ჩვენი იყო. ისინი საერთოდ ჩვენი დროშით უნდა გამოდიოდნენ. უკრაინა რუსეთია. ჩვენ ოკუპანტები არ ვართ, უბრალოდ ავიღეთ ის, რაც გვეკუთვნოდა. უკრაინა მუდამ ჩვენი მეორე ნახევარი იყო, ახლა კი საკუთარი თავის შესახებ რაღაც წარმოდგენა შეიქმნეს!"

მთელ რუსულ საფეხბურთო სივრცეში ერთადერთი საღად მოაზროვნე ცნობილი ჟურნალისტი ვასილი უტკინი გამოდგა: "ვერ გავიგე, რატომ ატყდა ეს საერთაშორისო სკანდალი? ნახეთ, რომელმა ქვეყნებმა აღიარეს ყირიმი რუსეთის ნაწილად. იქ ევროპირველობის არც ერთი მონაწილე არ არის. უეფა და ფიფა გაეროს პრინციპებს არ არღვევენ. გაერო უკრაინას იმ საზღვრებში აღიარებს, რომელიც მათ ფორმაზეა გამოსახული. შემისწორეთ, თუ ვცდები".

მთელი ეს აურზაური უმალ კიევში ამერიკის საელჩოს განცხადებამ ჩააცხრო: "ჩვენ მოგვწონს ახალი ფორმა. დიდება უკრაინას!"

ამერიკელებს კვერი დიდი ბრიტანეთის საელჩომ დაუკრა: "ეს ფორმა ჩვენც მოგვწონს".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი დაწერა: "ჩვენ ვიცით, რა სასიამოვნოა, როდესაც ფორმის ახალი კომპლექტი გაქვს" და ამერიკის ნაკრების 1994 წლის ფოტო გამოაქვეყნა.

ამის შემდეგ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ ბრძანა, რომ ფორმა პრეზენტაციამდე კარგა ხნით ადრე უეფასთან შეთანხმებული იყო და მის აკრძალვაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ამხანაგურ მატჩში კვიპროსის 4:0 დამარცხების მერე სიამოვნებით აღნიშნა, რომ რუსების რეაქცია საერთოდ არ აინტერესებს, მთავარია, გულშემატკივრებს მოეწონათ და თავადაც კმაყოფილია.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სკანდალს წერტილი დაუსვა. მისი თქმით, ისინი მონათესავე ერები, ხოლო უკრაინელები მათ ქვეყანაში სასურველი სტუმრები არიან.

პესკოვს მყისებრ დაეთანხმნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები, რომლებმაც ტონი შეიცვალეს და საუბარი ძმობაზე, დობასა და ერთმორწმუნეობაზე დაიწყეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა თურმე , შიზოფრენიკები არიან სუფთა.
ზურა
20:09 08-06-2021
2
ჩვენც უნდა დაგვეხატა, იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს,თორემ არც ახსოვს უკვე აღარავის. გაბედავენ ვითომ?
გია
16:36 08-06-2021
1

სიახლეები პოპულარული