ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. F ჯგუფი: "დორტმუნდმა" "არსენალი" მიწაზე დაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. F ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 3 2 0 1 6-3 6
2. არსენალი 3 2 0 1 5-3 6
3. ნაპოლი 3 2 0 1 4-4 6
4. მარსელი 3 0 0 3 2-7 0

დორტმუნდის "ბორუსია" იურგენ კლოპის გარეშეც იგებს! გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა დისკვალიფიცირებული მწვრთნელის გარეშე მეორე თამაშიც მოიგო და თანაც, ლონდონში, შესანიშნავ ფორმაში მყოფ "არსენალთან"!

კლოპი ამჯერად საპატიო ლოჟაში, "ბორუსიას" შეფებთან, ვატცკესთან და რაუბალთან ერთად იჯდა და გოლების დროს კლუბის გენერალურ მენეჯერს მუშტი კინაღამ სახეში მოარტყა...

დორტმუნდელებმა ანგარიში მალევე, მე-16 წუთზე გახსნეს: როისმა "არსენალის" საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი დაკარგა, მაგრამ რემსის ფეხებში
ჩაუვარდა და მაშინვე დაიბრუნა, რის შემდეგაც ლევანდოვსკის უპასა, ამ უკანასკნელმა კი მხითარიანი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო "ბორუსიას" სომეხმა "ათიანმა" 16 მეტრიდან უნაკლოდ დაარტყა.

ბორუსია საწყის წუთებში მნიშვნელოვნად სჯობდა "არსენალს" - 22-ე წუთისთვის დორტმუნდელებს 4 დარტყმა ჰქონდათ, ლონდონელებს კი - არცერთი. თუმცა ტაიმის მიწურულს "ბორუსიას" უკანა ხაზი მოიშალა: ჯერ იყო და, ჰუმელსმა ექსდორტმუნდელი როსიცკის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, მერე კი, 41-ე წუთზე ვენგერის ბიჭებმა ანგარიში გაათანაბრეს - სუბოტიჩისა და ვაიდენფელერის დაბნეულობით ჟირუმ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში "არსენალი" უკეთ ათამაშდა, 69-ე წუთზე კი კასორლას უძლიერესი დარტყმის შემდეგ "ბორუსია" ხარიხისა და ძელის გადაკვეთამ იხსნა.

დორტმუნდელებმა გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე, იდეალურად შესრულებული კონტრშეტებით გაიტანეს: მარჯვენა ფლანგიდან გროსკროიტცი გაიჭრა და ლევანდოვსკისკენ ჩააწოდა, რომელმაც დაახლოებით 12 მეტრიდან დალაშქრა შჩესნის კარი.

აღსანიშნავია, რომ ლონდონელთა მარგალიტი იოზილი უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა, რაც "დორტმუნდის" საყრდენი ნახევარმცველების, ნური შაჰინისა და სვენ ბენდერის დამსახურებაა, რომლებმაც მესუთი აბსოლუტურად გათიშეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
არსენალი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 მხითარიანი (16), 1:1 ჟირუ (41), 1:2 ლევანდოვსკი (82)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - რემსი (86. ბენდტნერი), არტეტა - უილშირი (58. კასორლა), იოზილი, როსიცკი (89. გნარბი) - ჟირუ.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (67. ობამეიანგი), მხითარიანი (67. ი. ჰოფმანი), როისი (87. სოკრატისი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: როსიცკი, იოზილი - ჰუმელსი, ლევანდოვსკი, ს. ბენდერი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9(2)-8(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 60 000

მატჩის შემდგომი კომენტარები:
იურგენ კლოპი: სამწუხაროა, რომ არსენ ვენგერმა დაბადების დღეზე წააგო
არსენ ვენგერი: იმედგაცრუებაც გუნდის ზრდის პროცესის ნაწილია

* * *
ჯგუფის მეორე შეხვედრაც სტუმრებმა მოიგეს: "ნაპოლიმ" "ველოდრომზე" ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა და მარსელიდან სამი ქულა წაიღო.

ანგარიში კალეხონმა უაღრესად ეფექტური გოლით გახსნა, თუმცა ამ გოლში ლომის წვლილი მიუძღვის გონსალო იგუაინს, რომელმაც კალეხონს შესანიშნავი დიაგონალური პასი მისცა, ამ უკანასკნელმა კი ფანი გააცურა და მანდანდა უშანსოდ დატოვა.

ეს პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, მეორე გოლი კი ნეაპოლელებმა 67-ე წუთზე შეაგდეს: კალეხონის პასით საპატამ იხეირა, რომელიც რაფა ბენიტესმა მოედანზე იგუაინის ნაცვლად შეუშვა.

შეხვედრის მიწურულს ანდრე აიუმ სხვაობა შორიდან განხორციელებული ბრწყინვალე დარტყმით შეამცირა, მაგრამ "მარსელმა" მეტი ვეღარაფერი შეძლო და ქულების გრაფაში ისევ 0 უწერია...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მარსელი-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 კალეხონი (42), 0:2 საპატა (67), 1:2 ა. აიუ (86)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი (53. აბდალა), ნკულუ, დიავარა, მორელი - რომაო, ბენ. შეირუ - პაიე (70. თაუვინი), ვალბუენა, ა. აიუ - ჟინიაკი (77. ი. აიუ).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ფ. ფერნანდესი, რაულ ალბიოლი, არმერო - ბეჰრამი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი (84. ინსინიე), მერტენსი (76. მესტო) - იგუაინი (58. საპატა).
გაფრთხილება: ბენ. შეირუ, პაიე, ი. აიუ
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9(2)-11(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 37 000

მატჩის შემდგომი კომენტარები:
რაფაელ ბენიტესი: როცა ერთსულოვანნი ვართ, შედეგსაც ვაღწევთ

მომდევნო ტური
6 ნოემბერი:
დორტმუნდი-არსენალი, ნაპოლი-მარსელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული