გიორგი დევდარიანი: "ჰაიდუკთან" თამაშს ისევ ჩავკეტავთ და ჩავრაზავთ

AutoSharing Option
გორის "დილა" სპლიტის "ჰაიდუკთან" 8 აგვისტოს საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "დილამ" ხორვატული გუნდი 1:0 დაამარცხა და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი შეიქმნა.

"ჰაიდუკი"-"დილა" ისეთი თამაში გამოდგა, ვერავინ იტყვის, რომ "დილა" თითქმის გასულია მომდევნო ეტაპზე.

ხორვატებს მძლავრად თამაში შეუძლიათ, "ჰაიდუკი" ნამდვილად არ არის ის გუნდი, ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა რომ არ შეუძლია.

ერთი სიტყვით, "დილას" მძიმე თამაში ელის. იმედია, გორელთა მხარდასაჭერად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მივა. მანამდე კი "ლელოს" კითხვებს გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი
დევდარიანი პასუხობს.

- "ჰაიდუკთან" პირველ მატჩში გრიგოლ დოლიძე მარცხენა გარემარბად გაამწესეთ, არადა, ის ტიპური მარჯვენაფლანგელია. რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება?
- ფლანგზე ორი სწრაფი ფეხბურთელი მჭირდებოდა. ის თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ და ასეთ დროს იერიშის სწრაფად გაშლა ძალიან მნიშვნელოვანია.

მარჯვნივ კახა ალადაშვილი გავამწესეთ, მარცხნივ კი დოლიძე, ორივე სწრაფია და ფლანგზე ეფექტურად თამაში შეუძლიათ.

სწრაფი ფეხბურთელი კიდევ გვყავს - მიხეილ გორელიშვილი, თუმცა ის ჯერ ახალგაზრდაა და ამიტომ, სასტაროში მასზე გამოცდილები დავაყენეთ.

საქმე იმან გაგვირთულა, რომ ირაკლი მოდებაძეს არ შეეძლო ორი ტაიმის თამაში, ტრავმა ჰქონდა და ოპტიმალურ ფორმაში ვერ იყო.

- საგოლე კომბინაცია ვარჯიშებზე დამუშავებულს ჰგავდა - ბურთი ალადაშვილს მიუვიდა და იმავე, მარჯვენა ფლანგზე თემურ ღონღაძე ისე სწრაფად და დროულად ჩაერთო კონტრიერიშში, ეს სპონტანურად ვერ მოხდებოდა.
- მართალი ხართ, ეს ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაცია იყო. ფლანგების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

- თუმცა მარცხენა ფლანგიდან "დილამ" ასევე ეფექტურად ვერ ითამაშა. ამის მიზეზი რა უნდა იყოს?
- ასე იმიტომ მოხდა, რომ ნომინალურად დოლიძე მარცხნიდან შემტევი არ არის, ხოლო დაცვის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე გიორგი გურული უფრო დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, საპირისპირო ფლანგზე კი სხვა სიტუაცია იყო - ალადაშვილსაც და ღონღაძესაც მარჯვნიდან კარგად ეხერხებათ შეტევა.

ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთ პოზიციაზე ორი, მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის შემსრულებელი გვყავდეს. ერთხელაც უნდა აღვნიშნო - მოდებაძე სასტარტოში რომ გვყოლოდა, ჩვენი შეტევები სულ სხვანაირი იქნებოდა.

- ამ დროისთვის როგორ კონდიციაშია მოდებაძე?
- "ოლბორგთან" პირველი მატჩი რომ ვითამაშეთ თბილისში, ამის შემდეგ არ უვარჯიშია, ათი დღე უქმად იყო და "ჰაიდუკთან" შეხვედრამდე 3 დღით ადრე განაახლა ვარჯიში. ცხადია, ასეთი ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნებოდა და 90 წუთს ვერ ითამაშებდა.

იმედია, მოდებაძე "ჰაიდუკთან" სასტარტო შემადგენლობაში თამაშს შეძლებს და რამდენი ხანიც ეყოფა ჯანი, იმდენ ხანს დაეხმარება გუნდს.

- "ჰაიდუკთან" პირველი შეხვედრა მთელმა საქართველომ ნახა ტელევიზიით. გუნდის ტაქტიკური სქემა მატჩის მსვლელობის დროს შეიცვალა. რა ჩანაფიქრი გქონდათ?
- ხუთი მცველი, სამი საყრდენი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი - გიორგი ილურიძე და დოლიძე.

გოლი რომ გავიტანეთ, დოლიძე მარცხენა ნახევარმცველად გადავწიეთ, ხოლო როცა შეცვლები გავაკეთეთ, ცენტრფორვარდი მოდებაძე იყო, მას მარჯვნიდან ილურიძე ეხმარებოდა, მარცხნიდან კი - გორელიშვილი, ანუ უკვე ასე ვცდილობდით კონტრშეტევების გაშლას.

- თქვენი აზრით, ილურიძეს ყველაზე მეტად რომელ პოზიციაზე შეუძლია ეფექტურად თამაში?
- ვფიქრობ, ის მეორე თავდამსხმელია, რომელმაც ცენტრფორვარდის უკან უნდა იმოქმედოს, მაგრამ ეს მიხედვით ხდება, რისი რესურსიც გვაქვს. როგორც გუნდს დასჭირდება, ისე გვიწევს ფეხბურთელებისთვის პოზიციის შეცვლა.

- "ჰაიდუკთან" საპასუხო შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ოთარ ხიზანეიშვილი ვერ ითამაშებს, შესაბამისად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ლექსო კვახაძის საკითხი. მას ტრავმა ჰქონდა და თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ 8 აგვისტოს ითამაშოს?
- ვნახოთ, კვახაძე უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად.

- წლევანდელ ევროსარბიელზე "დილამ" სამი მატჩი ითამაშა და გოლი არ გაუშვია. გარდა ნუკრი რევიშვილის ჩინებული თამაშისა, ეს კიდევ რითია განპირობებული?
- დაცვაში მჭიდრო თამაშით. თბილისში "ოლბორგთან" 3-4-3 სქემით ვითამაშეთ, ასე უფრო კომფორტულად გადავდივართ შეტევაში და შეტევიდან - დაცვით ფაზაში.

დანიასა და ხორვატიაში კი უკვე 5 მცველით ვითამაშეთ. რატომ უნდა გაგვეხსნა თამაში "ოლბორგთან", როცა პირველი მატჩი 3:0 გვქონდა მოგებული? დაცვიდან ვითამაშეთ და 4-5 საგოლე მომენტი მაინც შევქმენით. "ჰაიდუკთანაც" მჭიდროდ, ჩაკეტილად ვითამაშეთ.

- საპასუხო შეხვედრაში რა სტრატეგიას უნდა ველოდოთ "დილასგან"?
- ამ ეტაპზე ნაკლებად გვაინტერესებს სანახაობრივი მხარე, თამაშს ისევ ჩავკეტავთ და ჩავრაზავთ.

გულშემატკივარს დიდი თხოვნით მივმართავ, რომ გაგებით მოეკიდოს ამ ყველაფერს. ფრთხილი თამაში იქნება. დაველოდებით შანსს, რომ გოლი გავიტანოთ.

- სპლიტში რატი ალექსიძეს არ უთამაშია. რა იყო ამის მიზეზი?
- კუნთი დაეჭიმა, ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა მზად "ჰაიდუკთან" თბილისური მატჩისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. მეტოქე: სპლიტის "ჰაიდუკი" დროებით პირველია
კვირის 1000 წვრილმანი: რაღაცნაირი და ბრჭყვიალა
იმედიანი ზაფხული, ახალი "დილა" და ნუკრი რევიშვილის დაბრუნება

ჰაიდუკი-დილა. გამოხმაურება: ხორვატებმა რევიშვილი და ილურიძე გამოარჩიეს

გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]

ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბილეთები რა ღირს ხო არ იცით??
milanista
19:26 06-08-2013
0
მიხარია დევდარიანის როგორც მწვრთნელის წინსვლა,შრომა წარმატების წინაპირობაა.მიდით იბრძოლეთ.(რა არის ეს პასები ნუ ინერვიულებთ შეგიძლიათ თამაში)
Toma
11:31 06-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული