ინგლისთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა: ცენტრალური მცველის, ნიკა ჭანტურიას ადგილას "სკონტოს" მცველი ლაშა დვალი დააყენა, თავდასხმაში კი გიორგი ფანცულაია ნიკა კაჭარავათი შეცვალა.
შოტლანდიელებმა პირველ ტურში მასპინძელ ბელგიასთან ღირსეულად ითამაშეს და მეორე ტაიმში რომ არ მოდუნებულიყვნენ, 3 ქულასაც მოიპოვებდნენ. აქედანაც ცხადი იყო, რომ სკოტების დამრიგებელმა რიჩარდ სბრაგიამ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა.
საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდის
მალე შოტლანდიელებმა შემოგვიტიეს. მეკარე გაბრიელ თებიძე ჯერ მარკ ბეკის დარტყმულ ბურთს გადაეღობა, მე-18 წუთზე კი მეტიუ კენედის აუღო.
ცეცაძის გაწვრთნილებმა შედეგიანი შეტევა 28-ე წუთზე განახორციელეს: ბაჩო არაბულის გადაცემის შემდეგ შოტლანდიელთა კარი ყაზანის "რუბინის" თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ აიღო და საქართველო დააწინაურა - 1:0.
შოტლანდიელებმა მწვავე შეტევებით გვიპასუხეს: ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ ჯონ ჰერონი და ორჯერ რაიან ფრეიზერი - თებიძე კვლავ დამაჯერებლად მოქმედებდა.
ტაიმის ბოლოს უკვე ჩვენებმა იძალეს - კარის აღების მცდელობა ჰქონდათ თემურ მარკოზაშვილსა და ზივზივაძეს. სამწუხაროდ, 43-ე წუთზე დავით მთივლიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველო კაცნაკლული დარჩა.
ესპანელი არბიტრის, კარლოს დე სეროს "კაიკაცობაზე" მატჩის შემდეგ ცეცაძე გველაპარაკა. მთივლიშვილს მეორე ყვითელი ბარათი უსაფუძვლოდ აჩვენა.
ამის მიუხედავად, ტაიმის ბოლოს საგოლე მომენტი ისევ ჩვენებმა შექმნეს, მაგრამ არაბულმა ჰემილტონს ვერ აჯობა.
არბიტრმა მეორე ნახევარში ნამუსზე საერთოდ აიღო ხელი. 54-ე წუთზე კარლოს დე სერომ ჩათვალა, რომ არაბულმა ხელით ითამაშა, ყვითელი ბარათი უჩვენა და პენალტი ისე დანიშნა, სკოტებიც გაოცებულები დარჩნენ. მარკ ბეკის დარტყმა თებიძემ მოიგერია და გადაგვარჩინა.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ მეკარემ შოტლანდიელებთან მატჩის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
ესპანელმა არბიტრმა ოთხ წუთში კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო: მეკარესთან პირისპირ გასული არაბული წააქციეს და მსაჯმა ჩასტვინა. ჩვენებს ეგონათ, პენალტი დანიშნაო, მაგრამ ესპანელმა თავდამსხმელს მეორე ყვითელი აუფრიალა და საქართველო 9 კაცით დატოვა.
სწორედ ამ დროს დაიწყო ნამდვილი "ძლევაი საკვირველი". მარკოზაშვილის გადაცემა ზივზივაძემ გამოიყენა და ჯვაროსნები 2:0 დაააწინაურა!
72-ე წუთზე კი ჩვენებში ერთ-ერთმა საუკეთესომ, ზივზივაძემ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ავთო ენდელაძე და 3:0!
76-ე წუთზე ჯონ ჰერონის გადაცემით რაიან ფრეიზერმა ანგარიში შეამცირა - 3:1.
იხილეთ ვიდეო
ეს იყო და ეს - ბრიტანელებმა კინაღამ მეოთხეც გაუშვეს, მაგრამ 90-ე წუთზე დავით უბილავას გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მარკოზაშვილმა მომენტით ვერ ისარგებლა!
მესამე შეხვედრა 29 მაისს ბელგიასთან გვექნება, სადაც არაბული და მთივლიშვილი დაგვაკლდებიან, მაგრამ დაგვემატება გიორგი ფანცულაია, რომელმაც მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.
გია ცეცაძე კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს:
"დღეს საქართველოს თავზე დააფურთხეს და დაგვჩაგრეს. ის, რაც დღეს ესპანელმა არბიტრმა გააკეთა, არამზადობა და შეგნებულად გუნდის დაძირვის მცდელობაა!
ამას უეფას დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოჰყვეს: ესპანელი არბიტრი მკაცრად უნდა დასაჯოს, ჩვენი წითლები კი გააუქმოს, რადგან მთივლიშვილიც და არაბულიც ტყუილად გაგვიგდეს. თანაც, აშკარად ჩანდა, რომ ესპანელი მიზანმიმართულად გვძირავდა.
ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა გვსურს და ასეთ უსამართლობასთან შეგუებას არ ვაპირებთ" (გია ცეცაძის ვრცელი ინტერვიუ იხილეთ "ლელოს" 28 მაისის ნომერში)!
გასაგებია, რომ ახლა ფედერაციას ფინანსურად არ ულხინს, მაგრამ ასეთ ტურნირზე გუნდს ძლიერი დელეგაცია უნდა ახლდეს, "ჯვაროსნები" რომ დაიცვას და დაეხმაროს, თორემ ქართველებმა ევროსარბიელზე სულ ორ-სამჯერ გავიფართხალეთ და ყოველ მცდელობაზე თავში ხელი წამოგვარტყეს, რასაც წლებია, ვეგუებით.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგიამ ინგლისთან ფრედ, 1:1 ითამაშა.
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი
26 მაისი. ვესტერლო. სტადიონი "ოსტერზონენი".
საქართველო-შოტლანდია 3:1
გოლები: 1:0 კაჭარავა (28. არაბულის პასით), 2:0 ზივზივაძე (66. მარკოზაშვილის პასით), 3:0 ენდელაძე (72. ზივზივაძის პასით), 3:1 ფრეიზერი (76. ჰერონის პასით).
გამოუყენებელი პენალტი: ბეკი (54. მეკარე)
საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, დვალი, სანდოხაძე, უბილავა -მარკოზაშვილი, ცნობილაძე (61. ჭანტურია), ენდელაძე - კაჭარავა (46. გეგეჭკორი), არაბული, ზივზივაძე (82. გურეშიძე)
სათადარიგოები: მიქავა, სამუშია, ფანცულაია, ზარანდია.
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე
შოტლანდია: ჰემილტონი, ოჰარა, გრიმერი, ფინდლეი, კინგსლი (75 გოლდი), ლინდსეი (60. მაკმანუსი), კენედი (86. კინგი), მაკლეოდი, ჰერონი, ფრეიზერი, ბეკი.
სათადარიგოები: ჰენლი, დეივი, საუტარი, მაკგინი.
მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ სბრაგია
გაფრთხილება: კაჭარავა (5), გრიმერი (26), მთივლიშვილი (34), ენდელაძე (36), ფინდლეი (45), არაბული (54), ფრეიზერი (64), სანდოხაძე (80), მაკლეოდი (81).
გაძევება: მთივლიშვილი (43. მეორე ყვითელი), არაბული (58. მეორე ყვითელი)
არბიტრი: კარლოს დე სერო (ესპანეთი)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 1 1 0 4-2 4
2. ბელგია 2 0 2 0 3-3 2
3. ინგლისი 2 0 2 0 2-2 2
4. შოტლანდია 2 0 1 1 3-5 1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი