[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა

AutoSharing Option
დოსიე
ლაშა დვალი
დაიბადა: 1995 წლის 14 მაისს (18 წლის)
პოზიცია: ცენტრალური მცველი, საყრდენი ნახევარმცველი.
სიმაღლე: 191 სმ
წონა: 76 კგ

სანაკრებო კარიერა
U19  - 6 მატჩი, 0 გოლი
U17 - 8 მატჩი, 0 გოლი
დებიუტი: U17 საკვალიფიკაციო ეტაპი. 21/09/11 საქართველო 3:2 ბულგარეთი

ლაშა დვალი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი და გამოცდილი მცველია. 2012 წელს, სლოვენიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მისით ინგლისური "რედინგი" დაინტერესდა და სრულწლოვან ასაკამდე რიგის "სკონტოში" იჯარით გაუშვა.

ლაშა 18 წლის გახდა და იმედოვნებს, რომ მალე ბრიტანელებთან კონტრაქტს გააფორმებს.

მასთან კარიერასა და მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ვილაპარაკეთ.

ბავშვობაზე
ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარს. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი ეზოში და ბურთს გავაგორებდი. მამაჩემს ეს გატაცება მოსწონდა, მაგრამ დედა და ბაბუა უფრო მიწყობდნენ ხელს.

ექვსი წლიდან "საბურთალოზე" შემიყვანეს. ჩემი პირველი მწვრთნელი მამუკა ღვიტიძე იყო. ერთი წლით უფროსებში მავარჯიშებდა, რამაც საბოლოოდ, ჩემზე ძალიან კარგი გავლენა მოახდინა. მასთან 6 წელი ვიყავი, 13 წლისა კი გუბაზ დოლიძესთან "იბერია 2010-ში" გადავედი და იქ 3,5 წელიწადი ვთამაშობდი.

ერთი ხანობა, ეს გუნდი რუსთავის "მეტალურგის" დუბლების სახელით გამოდიოდა.

ამ ორმა ადამიანმა ჩემს პროგრესში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მასწავლეს ის, რაც შემდეგ გამომადგა. ზარმაცი ვიყავი, მაგრამ ბურთს რომ დავინახავდი, სიზარმაცე და დაღლილობა მავიწყდებოდა - ფეხბურთს ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობდი.

ცხადია, ნაკრებში მიწვევისა და თავის გამოჩენის შანსისთვის ვასილ მაისურაძისა და გია ცეცაძის მადლიერი ვარ.

მეორედ ევროპის ჩემპიონატზე
ბედნიერი ვარ, 18 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატზე თამაში მეორედ რომ მომიწევს - ამაზე ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა. როდესაც ფეხბურთზე შევედი და ვარჯიში სერიოზულად დავიწყე, გარკვეული მიზანიც დავისახე, მაგრამ ასეთ კარიერას ვერც წარმოვიდგენდი.

შემთხვევით არაფერი ხდება: მიმაჩნია, რომ მწვრთნელებისა და თითოეული მოთამაშის შრომა შედეგში აისახება. ევროპის ჩემპიონატზე იმიტომ გავედით, რომ სწორი მიდგომა იყო. ევროპის ჩემპიონატზეც ჩვენი ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით.

ეს ძნელი იქნება, უმძიმესი მეტოქეები გვყავს, რომლებსაც ბევრად უკეთესი პირობები აქვთ, მაგრამ ასევე იყო წინა ეტაპებზეც. ვინ წარმოიდგენდა, რომ ინგლისს ორივე ციკლში ჯგუფში ჩავტოვებდით? ბრიტანელები ამბობდნენ - ამ ქართველებმა გაგვამწარესო. არა მგონია, ეს პატარა ამბავი იყოს - სად მათი შესაძლებლობები და სად ჩვენი, მაგრამ ფაქტია, რომ ვაჯობეთ.

მგონია, რომ ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა. სულ ვისმენდით, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავდა, მაგრამ პროფესიონალიზმი არ ეყოთ და დაიკარგნენო.

არ მინდა, მათი შეცდომები გავიმეორო. იქნებ საქართველო ჩვენმა თაობამ მაინც გაახაროს.

გამოცდილება
ახლა ერთი წლით უფროსების ნაკრებში ვთამაშობ. ვასიკო მაისურაძის 17-წლამდელებიდან სამი დაგვიმატეს - მე, ნიკა ჭანტურია და სანდრო გურეშიძე.

ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ გამოსვლა ფეხბურთელს ამდიდრებს და უდიდეს გამოცდილებას აძლევს. 17-წლამდელების ევროფინალმა ფეხბურთზე, ვარჯიშებისადმი მიდგომაზე სულ სხვა თვალით შემახედა. მართლაც სხვა დონეა და თუ გინდა, რომ ამ დონეზე თამაშის უფლება შეინარჩუნო, ბევრი უნდა მოიკლო და იშრომო.

ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი ნაღდად არაა, იმიტომ, რომ უდიდესი სტიმული გიჩნდება, როდესაც შენი ნაკრები ევროპის რვა საუკეთესოს შორის ხვდება. ნებისმიერ მოთამაშეს დიდი პერსპექტივა და პასუხისმგებლობა უჩნდება.

ამასთან, როდესაც გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი, წარსულის მიღწევებით არ უნდა იცხოვრო. ჩვენ ეს შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც.

ორი როლი
მცველი ვარ, თუმცა გია ცეცაძემ ბელგიაში საყრდენ ნახევარმცველად მათამაშა. უცხო ამპლუა არ არის, რადგან მთელი ბავშვობა გამთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ტანი უცებ ავიყარე, მთელი 13-14 სანტიმეტრით გავიზარდე და სისწრაფესა და გამძლეობაში მოვუკელი.

ეს ჩვეულებრივი ამბავია და როდესაც ორგანიზმი შეეჩვია, ნელ-ნელა ძველი კონდიციები დავიბრუნე.

სწორედ ამ პერიოდში უკან, დაცვაში დამწია გუბაზ დოლიძემ. მაისურაძემ 17-წლამდელებში სწორედ ამ პოზიციაზე მიმიწვია, მაგრამ ცეცაძე, უმთავრესად, საყრდენად მიყენებდა. ჩემთვის ორივე პოზიცია ახლობელია და მიმაჩნია, რომ თამაში არც ერთზე არ მიჭირს.

სკონტოს ქართველებზე
"სკონტოში" ახლახან ირაკლი კლიმიაშვილი ჩამოვიდა და მალე კონტრაქტს გააფორმებს. გუნდში დამხვდა მცველი ლადო დათუნაშვილი და თავდამსხმელი ლევან ჭაჭიაშვილი, მთავარი მწვრთნელი კი თამაზ პერტიაა. მომწონს აქაურობა, მომზადება, გარემო.

მაგრამ "სკონტოშიც" სულ მომავალ სანაკრებო შეხვედრებზე ვფიქრობ. ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ჩემი და ნაკრების ყველა წევრის სურვილია, ევროფინალშიც კარგად ვითამაშოთ.

რედინგი
80 პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ "რედინგთან" 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილია. ალბათ, ეს ივლისის დასაწყისში მოხდება. წინასწარი შეთანხმებით, ერთ წელს "სკონტოში" გავატარებ, მერე კი ინგლისში ვითამაშებ.

ერთი სული მაქვს, ეს როდის მოხდება, რადგან ბრიტანეთში სულ სხვა ფეხბურთია. ინგლისში შარშან ვიყავი და "რედინგის" თამაშების გარდა, დაბალი ლიგის გუნდების მატჩებზეც წამიყვანეს და გაოცებული დავრჩი - მესამე ლიგაშიც სტადიონები სავსეა.

ასეთ გარემოში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 2 /
Gუნდს ერთ პიროვნული ლიდერი არ ხავს ვინც თავის თავზე ჟარიმების შესრულებას აიღებს,ეს სხვა საკითხია ეს ახალგაზრდა უდაოდ მშრომელი და მონდომებული სპორცმენია,ვუსურვებ წარმატებებს!
Vova
28 ივნისი 2013 13:50
0
კონფედერაციის თასზე ვიხილეთ შესანიშნავად შესრულებული ჯარიმები პირლოს და სუარესის!30წელია კართველის(ჩივაძის,ცაავას,მაჩაიძის მერე)შესრულები ჯარიმა არ მინახავს,ვერ ვიხსენებ..
ფინალურ ეტაპზე სტანდარტმა შეიძლება მატჩის,ან სულაც ტურნირის ბედი გადაწყვიტოს.ივარჯიშეთ!
akhali
27 ივნისი 2013 19:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული