U19-ის ევროპული დღიური: ნაკრებს ნიკა კაჭარავა შეუერთდა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლატვიური შეკრება ჩვეული ტემპით, მშვიდად მიმდინარეობს. გუნდი კვლავ ორჯერადი ვარჯიშებითაა დატვირთული.

10 ივლისს გია ცეცაძე ნაკრებს მხოლოდ საღამოს ავარჯიშებს. 11 ივლისს კი ჩვენს გუნდს ტესტ-მატჩი ექნება რიგის "სკონტოს" დუბლებთან, რის შემდეგაც ყველა სტადიონზე წავა ევროპალიგის მატჩში ლაშა დვალის მხარდასაჭერად.

12 ივლისიდან ორჯერადი ვარჯიშები კვლავ განახლდება.

გვიან საღამოს ლატვიაში ჩამოვიდა და შეკრებას შეუერთდა რუბინის "ყაზანის" ქართველი ფორვარდი - ნიკა კაჭარავა.

"ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდი. ნაკრებთან ერთად ყოფნა მინდოდა. ჩემს ფრანგ თანაგუნდელს შევპირდი, თქვენების კარში გოლს გავიტან-მეთქი
და
ძალიან მინდა, ნათქვამი შევასრულო",
- ამბობს 19-წლამდელთა ფორვარდი.

საღამოს ვარჯიშით კი, გია ცეცაძე კმაყოფილი დარჩა, თუმცა, მისი თქმით, ეს "ნამდვილი" ვარჯიშის 70 პროცენტი იყო და ნათელია, რომ გუნდი დღითიდღე უმატებს.

ამაში ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი - თემურ ლორთქიფანიძეც დაგვეთანხმა, როცა ვარჯიშის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელების საერთო ფიზიკურ მომზადებაზე დავეკითხეთ.

თემურ ლორთქიფანიძე:
"ამ ბიჭებმა მზადების პირველი ეტაპი თავიანთ კლუბებში გაიარეს და რაღაც დონეზე მივიდნენ. ჩვენ გუშინ, საღამოს ვარჯიშზე პატარა გამძლეობის ტესტი ჩავატარეთ - ე.წ. "სათამაშო ვარჯიში" და ვნახეთ, რომ ბიჭები უკვე საკმაოდ კარგ დონეზე არიან.

ამას მათი პულსი და გულისცემის სიხშირეც ადასტურებს. დღევანდელ დილის ვარჯიშზე კი რეაქტიულ ძალაზე ვიმუშავეთ; ანუ დატვირთვა გაიზარდა და შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს.

ასე ნელ-ნელა წავალთ წინ და მივალთ ევროპის ჩემპიონატამდე.

დატვირთვები, როგორც ასეთი, არ მოიმატებს, რადგან ტურნირამდე მცირე დროა დარჩენილი და მერე ფიზიკური შესაძლებლობების ვარდნა იწყება ხოლმე. რაც საჭიროა, ყველაფერი იქნება ზომიერი და დაბალანსებული.

იმ ფეხბურთელების პრობლემაც არ იქნება, რომლებიც ნაკრებს გვიან შემოუერთდებიან. ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე ევროპალიგას თამაშობენ, ნიკა კაჭარავა კი თავის კლუბთან ერთად შეკრებაზე იყო და ამხანაგური თამაშები ჩაატარა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნაკრებში მოუმზადებელი არავინაა. მთავარი ფსიქოლოგიური მომენტია, თუ როგორი განწყობით ჩამოვლენ.

ასე რომ, გუნდის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის დაწყებისას ფეხბურთელების მომზადებით კმაყოფილი ვიქნები".


სფფ-ის ოფიციალური გვერდი

ასევე იხილეთ:

ბაჩანა არაბული: სტადიონზე სულსა და გულს დავდებთ [VIDEO]
19-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში - მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის [ფოტოგალერეა]
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული