საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
14 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე შეხვედრა გამართა. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა შოტლანდიელ თანატოლებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს და ანგარიშით 2:1 სძლიეს.

ამ გამარჯვებით ქართველი ახალგაზრდები ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

პირველი სახიფათო ეპიზოდი სტუმრებმა შექმნეს. მე-8 წუთზე გიორგი ნადირაძის კარი ძელმა იხსნა - ხუთიოდე მეტრიდან ლუის მაკჰეოდმა ვერ შეძლო ზუსტად დარტყმა.

მე-19 წუთზე ხიფათი უკვე საპირისპირო კართან გიორი ჭანტურიამ შექმნა, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთზე ფეხი შოტლანდიელმა მცველმა
დაუფარა.

ტერიტორიულ უპირატესობას ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები ფლობდნენ, თუმცა შოტლანდიელები შიგადაშიგ მწვავე იერიშებს მაინც ახორციელებდნენ. 25-ე წუთზე მეის ჰქონდა გატანის კარგი შესაძლებლობა, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული არ იყო ძლიერი და ნადირაძემ ბურთი ხელში გააქვავა.

აქედან სამიოდე წუთში უკვე გიორგი ქვილითაიას პასის შემდეგ ჯამბულ ჯიღაურს შეეძლო გატანა, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები მხოლოდ კუთხურს დასჯერდნენ.

გატანა ქვილითაიასაც შეეძლო - 32-ე წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შოტლანდიელთა საჯარიმოში დაბნეულობა შეიქმნა, ბურთი კი საბოლოოდ გიორგის დარჩა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმა არ გამოუვიდა.

ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა გატანა მაინც შეძლო. 39-ე წუთზე ქვილითაიამ მკერდით დაუგდო ბურთი ვაკო ყაზაიშვილს, რომელმაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ოციოდე მეტრიდან აუღებელი დაურტყა ჯორდან არჩერს - 1:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მეორე ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ჯერ 49-ე წუთზე ჭანტურია დაემუქრა შოტლანდიელთა კარს, შემდეგ კი, 53-ე წუთზე ყაზაიშვილმა მეტოქის სამ ფეხბურთელს აჯობა და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა.

შოტლანდიელთა კარში მეორე გოლი მატჩის 69-ე წუთზე მაინც გავიდა - ყაზაიშვილმა სწრაფი იერიში წამოიწყო, ბურთი ქვილითაიასთან გაითამაშა და ჯიღაურს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი დარტყმა უბადლოდ შეასრულა - 2:0.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სხვაობის სამ ბურთამდე გაზრდა 78-ე წუთზე შეეძლო. საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მსაჯმა სტუმრები პენალტით დასაჯა. დარტყმა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჭანტურიამ უზადოდ შეასრულა, თუმცა მსაჯმა დარტყმის გამეორება მოითხოვა, მეორე ცდიდან კი დუელში გამარჯვებული უკვე შოტლანდიელთა გოლკიპერი დარჩა.

დარჩენილ დროში შოტლანდიელებმა გაიბრძოლეს, თუმცა მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლეს - მე-80 წუთზე ლუის მეკლეოდმა ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის III ჯგუფში საქართველოს, შოტლანდიასა და სლოვაკეთს 6-6 ქულა აქვთ. სლოვაკეთი, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგს მასპინძლობს და დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს.

მომდევნო შეხვედრას ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები 14 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიასთან გამართავენ, ოთხი დღის შემდეგ კი შინ სლოვაკეთს მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად ითამაშეს ბიჭებმა ყაზაიშვილს და ჭანტურიას გამოვყოპდი
gioooo
14 ოქტომბერი 2013 17:52
0
კარგად ითამაშეს ბიჭებმა ყაზაიშვილს და ჭანტურიას გამოვყოპდი
gioooo
14 ოქტომბერი 2013 17:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული