[სპეციალისტი] უჩას ქუჩა გაზაფხულის მოლოდინში

AutoSharing Option
გორის "დილამ" ორი თვის წინათ ხელმძღვანელი გამოიცვალა - მისი მეურვეობა უცხოურმა ბიზნესჯგუფმა ითავა. ცვლილებები უშუალოდ გუნდსაც შეეხო: მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა უჩა სოსიაშვილმა.

საინტერესოა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის წასვლას სოციალურ ქსელში "დილას" გულშემატკივართა მხრიდან საკმაოდ თბილი გამოხმაურება მოჰყვა... ჩვენც, არა მხოლოდ ამ მიზეზით, თუნდაც იმიტომაც, რომ სოსიაშვილი "დილაში" არცთუ დიდი ხნის მუშაობის მიუხედავად ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, "მშრალ" ინფორმაციას ვერ დავჯერდებით და ვრცლად შევაჯამებთ მის გორულ კარიერას...

ასეთ დროს, ყველაზე ცხადად მეტყველი, ბუნებრივია, შედეგია. 27 წლის უჩა სოსიაშვილს შეუძლია,
იამაყოს მის მიერ მიღწეული წარმატებით - "დილა", ისტორიაში პირველად, სწორედ მან გახადა ჩემპიონი, თანაც, გუნდში მისვლიდან პირველივე სეზონში შეძლო ამის გაკეთება.

არადა, თავიდან ამას, აბა, ვინ იფიქრებდა?! მეტიც, კარგად გვახსოვს მწვრთნელის წარსადგენ პრესკონფერენციაზე იქ მყოფი ადგილობრივი გულშემატკივრების უკმაყოფილო სახეები. ისინი ფიქრობდნენ, რომ კლუბის მაშინდელმა თავკაცებმა უადგილო ექსპერიმენტს მიმართეს, საქმეს არასერიოზულად მოეკიდნენ და უახლოეს სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ილუზია იქნებოდა, არათუ რაიმე ხელშესახები შედეგის მიღწევა...

მართალია, სოსიაშვილმა "დილამდე" მწვრთნელის ამპლუაში უკვე მოსინჯა ძალა თბილისის "დინამოს" მეორე გუნდსა და "სამტრედიაში", მაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდი პირველად სწორედ 2014 წელს, გორში ჩაიბარა.

...მაინცდამაინც მწვრთნელობა არ არის საჭირო იმის წარმოსადგენად, იოლი რომ არ იქნება იმ "გასახდელის და მოედნის მართვა", სადაც, უმეტესწილად, ასაკით მწვრთნელზე უფროსი და გამოცდილი ფეხბურთელები არიან. ახალგაზრდა მწვრთნელმა ამ თვალსაზრისითაც კარგად გაართვა საქმეს თავი. "დილაში" იგრძნობოდა წესრიგი, დისციპლინა და ერთობა...

მაგრამ აქვე, დისციპლინაზე საუბრისას, ვერც იმ დეტალს ავუვლით გვერდს, რომ თავად სოსიაშვილი, დისკვალიფიკაციის გამო, რამდენჯერმე ტრიბუნიდან რომ ადევნებდა თვალს თავისი გუნდის გარჯას. ერთხელ, თავის საკმაოდ მკვეთრად გამოხატულ ემოციურობაზე რომ ვკითხეთ, გვიპასუხა:

"მსაჯი რომ თავისი უხეში შეცდომით კვირების და თვეების განმავლობაში გაწეულ შრომას წყალში ჩაგიყრის, ხომ წარმოგიდგენია, ეს რა ძნელი მოსათმენია".

Sportall.Ge

პირველი სეზონი სოსიაშვილს საჩემპიონო ჰქონდა, მეორეში ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა "დილას", წლეულს კი, ეგრეთ წოდებულ გარდამავალ ჩემპიონატში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწია ბრძოლა. შეინარჩუნა კიდეც. გარდამავალი ჩემპიონატის მიმდინარეობისას გორულ კლუბს თან სდევდა სერიოზული ფინანსური პრობლემები, მაგრამ ეს თემა არც გორელებისთვის ყოფილა ახალი და არც - მწვრთნელისთვის.

"დილას" ეს პრობლემა უკვე ათეული წლებია სპონტანურად აწუხებს, შეიძლება ითქვას, თანდაყოლილი სენივითაა. თვით საჩემპიონო სეზონშიც კი გორელ ფეხბურთელებს არაერთხელ მოუწიათ დიდი ხნით ხელფასის ლოდინი. კლუბს მაშინ მერია პატრონობდა, თანხის გაცემა კი პერიოდულად სხვადასხვა მიზეზით ფერხდებოდა. ასეთ დროს, ქალაქის ან რეგიონის ხელმძღვანელობას სოსიაშვილი ხშირად პირადადაც აწუხებდა პრობლემის მოსაგვარებლად. ფეხბურთელებიც ხედავდნენ ამას და მისდამი მადლიერებას არ ფარავდნენ.

სოსიაშვილის მიერ დამოძღვრილი გუნდი, რასაკვირველია, ყველაზე უკეთ საჩემპიონო სეზონში თამაშობდა. საზოგადოდ, მისი გუნდი უფრო მეტად შეტევაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე - დაცვიდან მოთამაშე. მწვრთნელის მიერ მიღებული სწორი საკადრო გადაწყვეტილებები (ახალი, პერსპექტიული ფეხბურთელების მოყვანა) არაერთი გვახსოვს, ტაქტიკური თვალსაზრისით სწორად წაყვანილი მატჩიც ბევრი გვახსენდება და უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას განხორციელებული სწორი გადაადგილებებით მოპოვებული ქულებიც მრავლად ყოფილა...

დასაფასებელია სოსიაშვილის კარგი დამოკიდებულება ჟურნალისტებთან. კოლეგებო, ხომ ბევრი გვინახავს ისეთი მწვრთნელი, წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე მოსვლის "ნერვები რომ არ აქვს", ან უკმეხად რომ გპასუხობენ...

...მე არ მახსოვს სოსიაშვილის მიერ ამ მიზეზით გამოტოვებული პრესკონფერენცია, ან მისი უკმეხი პასუხი. მეტიც, რაიმე მიზეზის გამო ჩაშლილი პრესკონფერენციის შემთხვევაში, კლუბის ტელეოპერატორს ვიდეოზე აწერინებდა მატჩის მისეულ შეფასებას და აქვეყნებინებდა "დილას" ვებგვერდზე, რათა გულშემატკივრების ინტერესისთვის ანგარიში გაეწია...

Sportall.Ge

...ამჟამინდელი ჩემპიონის, "სამტრედიის" მწვრთნელი გია ცეცაძე რამდენიმე წლის წინ "დილაში" მუშაობდა. მერე ყველამ ვნახეთ, რომ მისი სახით საკმაოდ საინტერესო მწვრთნელი მოევლინა ჩვენს ფეხბურთს. ჰოდა, ნიშანდობლივია, რომ სოსიაშვილის შემთხვევაში "დილა" კიდევ ერთხელ მოგვევლინა ახალგაზრდა მწვრთნელისთვის გზის გამკვალავის როლში.

გორული კლუბის ახალი ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ სხვა სპეციალისტთან ერთად უფრო შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას. ამაში უჩვეულო არაფერია. თავად სოსიაშვილმა კი მედიას განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში დაგეგმილ პრესკონფერნეციაზე იტყვის, დარჩება თუ არა ისევ გუნდში, ოღონდ - სხვა პოზიციაზე, აი, "დილას" მწვრთნელი კი ნამდვილად აღარ იქნება.

მოკლედ, ახლა თუ არა, ის წარმატებით დაწყებულ სამწვრთნელო კარიერას სხვა დროს ალბათ მაინც გააგრძელებს და ვფიქრობ, კიდევ ბევრს სჯერა, რომ უჩას ქუჩაზე ისევ მოვა გაზაფხული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარტოზია სტადიონთან ახლოსაც არ უნდა გაატარო ორი სიტყვა რო დაწეროს ,,ცოცხლები ვართო" ეგეც ეზარება
dila
19:31 12-01-2017
0
გენაცვალე უჩა,
dila gori
19:30 12-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული