გია ჭიაბრიშვილი: ამ ეტაპზე, მთავარია, სწორად მოვემზადოთ

AutoSharing Option
"საბურთალო" სიდეში შეკრებას აგრძელებს. გია ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელები ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა. დილით გუნდის წევრები ფიზმომზადებას აუმჯობესებენ, საღამოს კი საწვრთნელ პროცესს მინდორზე მართავენ.

24 იანვარს "საბურთალომ" პირველი სპარინგი გამართა - ბიშკეკის (ყირგიზეთი) "დორდოის" შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

გიორგი კოხრეიძის
პასით ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა, რის შემდეგაც მეტოქემ წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი თემურ ჩოგაძის "სტანდარტით" თომა ხუბაშვილმა ახლო მანძილიდან გაიტანა - 2:1.

საბურთალო: კუპატაძე, მალი, ცნობილაძე, ნადარაია, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ბაკურაძე, ნიკოლაშვილი, ვაგნერი, ფანცულაია, კოხრეიძე; II ტაიმი: კუპატაძე (70. ნასყიდაშვილი), მარგველაშვილი, ხუბაშვილი, იაშვილი,
სოფრომაძე, ქოჩორაშვილი, გვარაძე, ჩოგაძე, ალთუნაშვილი, იმნაძე, შინდაგორიძე.

ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 იანვარს პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ "შლიონსკთან" გამართავს, სადაც "საბურთალოს" გაზრდილი ლაშა დვალი თამაშობს.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა თურქეთში შექმნილ პირობებზე, ამხანაგურ მატჩებსა და იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებიც შეკრებაზე სარეზერვო გუნდიდან დაიმატა.

"უკვე რამდენიმე დღეა, სიდეში ვიმყოფებით, სადაც საფუძვლიანი მომზადებისთვის ყველანაირი პირობაა - კარგი სავარჯიშო მინდვრები, სასტუმრო, კვება, იდეალური ამინდი...

პირველ შეკრებაზე აქცენტს ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ვაკეთებთ. ყოველდღიურად ორჯერადი ვარჯიშებია და ფეხბურთელებს დიდი დატვირთვები აქვთ.

ამ ეტაპზე, მთავარია, სწორად მოვემზადოთ და სასურველ კონდიციებში შევხვდეთ მეორე შეკრებას, სადაც ყურადღებას უკვე ტექნიკა-ტაქტიკაზე გავამახვილებთ", - ამბობს ჭიაბრიშვილი და იქვე დასძენს, რომ "საბურთალო" სიდეში სულ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

მან საკადრო საკითხებზეც ილაპარაკა:

"შეკრებაზე 23 ფეხბურთელია, მათ შორის, სარეზერვო გუნდიდან დამატებული ახალგაზრდები - ჩოგაძე, ნიკოლაშვილი, მალი, ბაკურაძე, ხუბაშვილი, ნასყიდაშვილი.

ტრავმების გამო ჩვენთან ერთად არ არიან გრიგალაშვილი და გოშთელიანი, სავიზო პრობლემები შეექმნა ელვინ ტერას, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი გოშაძე და ხარაიშვილი კი 26 იანვრიდან შემოგვიერთდებიან. მათ გარდა, ბიძინაშვილი ჯერ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული