[აქტუალურ თემაზე] თუ არ სცადე, არაფერი გამოვა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისა და სპორტული ჟურნალისტების შეხვედრაზე ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გამჟღავნდა, განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები და მწვავე თემები წამოიჭრა.

- ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ლიგის ფორმატსა და მატჩების გაშუქებაზე ილაპარაკა და თქვა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ წინსვლის აუცილებლობაც ახსენა, რომლის ერთ-ერთ წინა პირობადაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაასახელა. თამაშების განათებაზე ჩატარება ჯერ ოცნებაა, მაგრამ ამასაც შეეხო და თქვა, რომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ორი სტადიონი მოეწყო - დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი და გორის
"თენგიზ ბურჯანაძე".

ორივეგან განათების სისტემა დამონტაჟდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი ეს არენები ეროვნული ლიგის თამაშებს მოემსახურებიან და თამაშები განათებაზე გაიმართება, რაც თამაშებს უფრო ყურებადსა და ეფექტურს ხდის.

ევროპა მშრალზე დარჩებოდა
მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რამაც კითხვები დაბადა, რეგიონული ტელევიზიებისთვის ფეხბურთის ფედერაციის წაყენებული პირობა გახლდათ. ცნობილი გახდა, რომ სფფ მათ სატელევიზიო რეპორტაჟების ჩვენების უფლებას მიზერულ ფასში მიჰყიდის, ხოლო შემოსული თანხები მთლიანად იმ კლუბებს მოხმარდება, რომლის შეხვედრის ტრანსლირების უფლებასაც იყიდიან. გამონაკლისი ტურის ცენტრალური შეხვედრებია, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.

ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში ფეხბურთში ასეთი წესია და არავინ აპროტესტებს - ვინც თამაშებს აშუქებს, ის თანხასაც იხდის. ჩვენთან კი ეს სიახლეა და გასაკვირი არ არის, ახალმა მოთხოვნებმა მინიმუმ გაოცება რომ გამოიწვია.

არადა, მეორე მხრიდან შევხედოთ საკითხს: ფიფა და უეფა ჩვენს ნაკრებებსა და გუნდებს თანხებს უხდის, რაც ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნების ეროვნული ფედერაციებისა და კლუბებისთვის ლამის საარსებო წყარო გახდა. ქართული მოდელი უეფას შემთხვევაში რომ ხდებოდეს და ტელევიზიები მატჩებში ფულს არ იხდიდნენ, ევროთასებზე მოთამაშე ქართული კლუბები და ფეხბურთის ფედერაცია სოლიდურ შემოსავლებს დაკარგავდნენ.

ჩემპიონთა და ევროპის ლიგის საპრიზო ფონდებს შორის დიდი განსხვავების შესამცირებლად და ამ უკანასკნელის პრესტიჟის გასაზრდელად, უეფამ "სოლიდარობის ფონდიდან" არეულად გავარდნილი გუნდებისა და ევროლიგის მონაწილეთა დახმარება გაზარდა. ყოფილა შემთხვევა, ევროსეზონის შემდეგ ქართულ კლუბებს ჯამში 1,5 მილიონი ევრო გამოუმუშავებით.

იმ დროს, როდესაც კლუბების უმრავლესობის ბიუჯეტი მილიონ ლარს არ სცდება, ევროპის ლიგის სულ რაღაც ორ ეტაპზე თამაშისთვის უეფასგან დარიცხული 200-300 ათასი ევრო (დაახლოებით, 540-810 ათასი ლარია) გუნდს სერიოზული ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. ამას გარდა, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე 200 ათას ევროს იღებს, ხოლო ყველა ის ჩემპიონი, ვინც ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდება - 250 ათასს.

ჩაკლული სული
ეს შემოსავლები უეფას, კლუბებისა და ტელევიზიების ცივილიზებულ ურთიერთობას ემყარება. იმიტომაც არიან ჩვენზე წინ, რომ ეს გზა წლების წინ გაიარეს. საქართველოშიც ვიცით, რომ ურთიერთობის ეს ფორმა კარგი და მისაღებია, მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგებით. იმიტომ, რომ ძველი არგუმენტი გვაქვს - ჩვენთან სხვა ვითარებაა და უეფადან დარიცხული თანხები ჩვენი კლუბებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ დიდი ხანია, უეფა ითხოვს, რომ კლუბების ოფიციალური შემოსავალი მისივე დანახარჯს არ აღემატებოდეს. ამით ორგანიზაციას სურს, კლუბებმა მარკეტინგული სამსახურები გააძლიერონ და შემოსავლები ასე გაზარდონ. ამიტომ არის აუცილებელი, კომერციალიზაციისკენ მიზერული ნაბიჯები მაინც გადავდგათ.

მაგრამ ჩვენთან ხომ სხვა ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეცვლის არაერთი მცდელობა იყო. 2004 წელს დაფუძნებული პროფესიული ფეხბურთის ლიგა სწორედ ამას ემსახურებოდა და პირველი წარმატებები ჰქონდა: 2008 წელს, ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალით ("ამერი"-"ზესტაფონი", 1:2) რუსული ტელეკომპანია "როსია" დააინტერესეს და მისმა ერთ-ერთმა არხმა, "სპორტ 2"-მა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი აჩვენა. მართალია, ეს უფასოდ მოხდა, მაგრამ გათვლა შემდგომ ურთიერთობებზე გაკეთდა.

2009 და 2010 წლებში გამართული ეროვნული თასის ფინალის სატელევიზიო რეპორტაჟის უფლებები (თბილისის "დინამო"-"ვიტ ჯორჯია" და თბილისის "დინამო"-"მეტალურგი") კი პროფლიგამ "საზოგადოებრივ მაუწყებელს", შესაბამისად, 12 და 20 ათას ლარად მიჰყიდა.

საქმე ისაა, რომ 2009 წელს, პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" წარმატებით დააგვირგვინა მოლაპარაკებები, რომელიც მთელ მსოფლიოში აპრობირებული სქემის ამუშავებას ითვალისწინებდა - ფეხბურთი+სარეკლამო ბაზარი+ტელევიზია=ორმხრივ შემოსავალს.

"კოლხიდამ" ეროვნული პირველობის გაშუქება რომ დაიწყო, გადაცემის ხარჯებს თავად ეს მედიაკომპანია ანაზღაურებდა, სამაგიეროდ, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" სარეკლამო შემოსავლებს იტოვებდა. ეს შეთანხმება ახალი სქემის აწყობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

ზოგადად ფეხბურთს კომერციალიზაცია სჭირდება, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვითარდება. ეს არაა ჩვენი მოგონილი, ასეა მთელ მსოფლიოში.

ქართული პრეცედენტი
არადა, მაშინ ეს საქმე დამაიმედებლად იწყებოდა და პროფლიგის პროექტების განხორციელება რომ გაეგრძელებინათ, ვინ იცის, დღეს რა პროგრესი იქნებოდა.

როდესაც ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ რეგიონული ტელევიზიები ჩემპიონატის მატჩების გაშუქებაში ფული გადაიხდიდნენ, მთავარი იყო არა ფულის ოდენობა, არამედ - პრეცედენტი. ამ შემთხვევაში, სფფ გუნდებს აიძულებს, რეგიონულ ტელევიზიებთან იმუშაონ და ამით საკუთარი შემოსავლები გაზარდონ, რადგან თანხა ფედერაციას დაერიცხება, მაგრამ აქედან ფედერაცია თეთრსაც არ იტოვებს, ის მთლიანად იმ გუნდებს დაერიცხებათ, რომელთა თამაშებსაც რეგიონული ტელევიზიები გააშუქებენ.

სფფ-ის პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ ტელევიზიები ერთ თამაშზე 1500 ლარს გადაიხდიან. მაგრამ "აჭარის" ტელევიზია ორივე გუნდის თამაშებს თუ გააშუქებს, რეგიონის ინტერესის გათვალისწინებით, სფფ ორ შეხვედრაში 2000 ლარზე მეტს არ მოსთხოვს.

"ევროპაში გუნდებს შემოსავლებს, ძირითადად, იღებენ სატელევიზიო კონტრაქტებიდან, ბილეთებისა და მაისურების გაყიდვიდან. სამწუხაროდ, ჩვენთან მსგავსი შემოსავლები თითქმის არავის აქვს, მაგრამ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ეს პრეცედენტი ამიტომაც გვჭირდება - დავიწყოთ მიზერული შემოსავლით, მაგრამ მერე მთელ მსოფლიოში მიღებულ ნორმებს დავნერგავთ", - ამბობს კობიაშვილი.

ჩვენც ვცადოთ...
მილოშ ფორმანის მშვენიერი ფილმია "ვიღაცამ გუგული ბუდეს გადაუფრინა". ჯეკ ნიკოლსონის გმირი რენედლ პატრიკ მაკმერფი ამბობს - მე ჩემი მაინც ვცადეო.

ჩვენც ვცადოთ. ცხოვრებაშიც ასეა - თუ არა სცადე, არაფერი გამოგივა. პრეცედენტი კი ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდებოდა და წინასწარ უიმედოდ ნუ განვეწყობით. ამის მშვენიერი მაგალითი შარშან 22 ნოემბერს ზესტაფონში გამართული თასის ფინალის ტელერეპორტაჟი გახლდათ, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

- მერანი-ტორპედო 1:2 - "ტორპედომ" თასი გაასამა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეგიონებში უფრო ესწრება გულშემატკივარი თუ გუნდებს რაიმე აქცია ექნებათ და შემოსული ფულით ქალქისთვის და რეგიონისთის რაიმე სიკეთეს გააკეთებენ ხალხი უფრო დაესწრება თამაშს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული