დილა-ჩიხურა 2:0 - მალამოსავით დადებული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდებოდა "თენგიზ ბურჯანაძეზე", "დილას" მორიგი საშინაო მატჩი რომ არ მოეგო, ან, მით უმეტეს, დამარცხებულიყო... ახლა კი გორელ გულშემატკივარს ეს გამარჯვება გარკვეული ხნით მაინც მალამოდ დაედება.

"დილა" ჩიხური სიტუაციიდან "ჩიხურამ" გამოიყვანა. საინტერესოა, რომ საჩხერელებს მათთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვთ - სამი წელია, არ მოუგიათ და ნიშანდობლივია, რომ ამ ხნის განმავლობაში მათ კარში გატანილი ყველა გოლის ავტორი ირაკლი მოდებაძეა. "მორეს" არყოფნაში "დილას" გატანა რომ უჭირს, ცნობილი ამბავია, მაგრამ ამჯერად გუნდს მშველელად ლეგიონერები მოევლინენ.

გასაკვირია საჩხერული კლუბის ბოლოდროინდელი
ამბავიც - უკანასკნელი ორი მატჩია პირწმინდად აგებს და თან ბურთების სხვაობას არ იკითხავთ? - 0:7!

სოსო ფრუიძის შეგირდებს გორში რიგიანად სალამი არ დაემთავრებინათ, პირველი გოლი რომ გაუშვეს და ვიდრე შოკიდან გამოვიდოდნენ, მათი კარი მასპინძლებმა მეორედაც დალაშქრეს. გოლებში ისევ უშუალოდ მონაწილეობდა "დილას" ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო, რომელმაც პირველ გოლში ლომის წილი დაიდო.

საერთოდ, რიბეირო ფლანგებს ხშირად იცვლის და მეურვეთათვის გვერდის ავლისას, ტექნიკური არსენალის გარდა, სისწრაფითაც გამოირჩევა. ბრაზილიელის პოტენციალი ამჯერადაც ჩანდა, ოღონდ ფლანგების შესაცვლელად ნაკლებად იზრუნა, რადგან მარჯვნივ ამ სივრცეს საკმაოდ კარგად ითვისებდა დავით კირკიტაძე.

ეს ფეხბურთელი თავის გუნდში თითქმის ყველა მატჩში გამორჩეულია, მეტადრე მაშინ, როცა შეტევაში წასვლას ავალებენ, მაგრამ ზივ არიე ბოლო მატჩებში რატომღაც დაცვიდან ათამაშებდა. ამიტომ იყო, რომ ახლა კირკიტაძემ თავის საყვარელი პოზიციიდან მეტი სარგებელი მოუტანა "დილას".

სტუმრებს დაცვაში ბევრი ხარვეზი ჰქონდათ, რაც გაშვებული გოლებისას გამოჩნდა და იმ ეპიზოდებშიც, როცა მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ შეგდება. გაშვებულ გოლში გაჭირდება "ჩიხურას" კარის ბოსნიელი დარაჯის დადანაშაულება, მეტიც - დინო ჰამზიჩმა კიდევ ორჯერ იხსნა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან.

პირველი ტაიმის მიწურულამდე საჩხერელები უძლურად გამოიყურებოდნენ. მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით ნორმალური იერიში არც განუხორციელებიათ, თუ არ ჩავთვლით შეტევას 45-ე წუთზე, როცა დიმიტრი ტატანაშვილის თავურმა შეაშფოთა მიხეილ მუჯრიშვილი.

ზივ არიეს გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან, რომელიც აქამდე ეროვნულ ლიგა 1-ში მხოლოდ ერთხელ და ისიც თვე-ნახევრის წინათ მოეპოვებინა. შესაბამისად, ძნელია, დაადანაშაულო მწვრთნელი - მეორე ტაიმში შეგირდებს შეტევისკენ რად აღარ მოუწოდაო?!.

დიახ, შესვენების შემდეგ გორელები საკუთარ ნახევარზე გამაგრდნენ, სივრცე სტუმრებს დაუთმეს და თავად კონტრშეტევებზე გააკეთეს აქცენტი. კონტრშეტევა იმადაა მეტოქისთვის საფრთხილო, რომ სისწრაფე უნდა ახლდეს, მაგრამ მეორე ტაიმში "დილას" კონტრიერიშები სისწრაფითა და სიზუსტით ვერ დაიკვეხნიდა. არადა, ამ გზით მათ შეექმნათ ეპიზოდები, როცა ანგარიშის გაზრდა მართებდათ, თუმცა ტაბლოზე ბოლომდე 2:0 დარჩა.

ანგარიშის შეცვლა ვერც სტუმრებმა მოახერხეს. "ჩიხურა" შესვენების შემდეგ გაცილებით მეტ დროს ატარებდა მეტოქის ნახევარზე, მაგრამ რად გინდა? მასპინძელთა დაცვის ხაზი მათთვის გაუვალი გახლდათ. არც მეკარე მუჯრიშვილს ჰქონია საქმე თავზე საყრელად...

სამაგიეროდ, ახლა ფრუიძეს ექნება ბევრი საქმე შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად, არიეს კი - წარმატებული სერიის გასაგრძელებლად, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე გუნდს სეზონის დარჩენილი დროის ცხრილის ქვედა ნაწილში გატარება მოუწევს.

მატჩის სტენოგრამა
3' - გოლი! ლეანდრო რიბეირო ფლანგიდან შეიჭრა სტუმართა საჯარიმოში, ისე, რომ მისი შეკავება სამმა მცველმაც ვერ შეძლო, გადააწოდა კარიდან ხუთიოდ მეტრში მდგარ დერეტის, რომელსაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია - 1:0!
8' - კიდევ ერთი გოლი! მარცხენა ფლანგიდან მასპინძლების კიდევ ერთი შეტევა აღმოჩნდა სახიფათო. საჩხერელმა მცველებმა სიტუაცია განმუხტეს, მაგრამ დროებით - კირკიტაძემ შეაბრუნა ბურთი კარის გასწვრივ, რომელსაც ტარავალიემ ბადეში მიუჩინა ადგილი - 2:0.
26' - კირკიტაძეს მიეცა მეტოქის დამწუხრების შანსი, მაგრამ ჰამზიჩმა გამოსვლაზე ზუსტად ითამაშა და თავისიანები გადაარჩინა.
30' - წიქარიძე საშუალო დისტანციიდან გზავნის ბურთს კარისკენ, თუმცა მცირეოდენ არაზუსტად.
45' - საჩხერელთა იშვიათი შეტევა დიმიტრი ტატანაშვილის თავურით სრულდება, რომელიც მცირე მანძილით სცდება "დილას" კარს.
48' - საჯარიმოში შეჭრილ ტარავალიეს რიბეირომ კარგად შეაყოლა ბურთი, ოღონდ პირველმა კომბინაციას სათანადო გაგრძელება ვერ მოუძებნა.
70' - დერეტის გადაცემით კირკიტაძემ კარგი პოზიციიდან ვერ იხეირა.
78' - გიორგი ივანიშვილს მიეცა საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმის საშუალება, მაგრამ მეკარე მუჯრიშვილისთვის მის მიერ გაგზავნილი ბურთი რთული ასაღები არ აღმოჩნდა.
82' - კონტრშეტევისას ტარავალიე-ფლავიოს კომბინაციას თითქოს ხეირი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ დაიმორჩილა ბურთი.

ეროვნული ლიგა. X ტური
05.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ჩიხურა 2:0
გოლები: 1:0 დერეტი (3. რიბეიროს პასით), 2:0 ტარავალიე (8. კირკიტაძის პასით)
დილა (4-1-4-1): მუჯრიშვილი - მაჩაიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ეტუ - პაპავა - კირკიტაძე, წიქარიძე (63. მათიაშვილი), დერეტი (74. რაზმაძე), რიბეირო (77. ფლავიო) - ტარავალიე.
სათადარიგოები: ხაინდრავა, გაგოშიძე, აბუბაქარი, ლეონარდო
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - გრიგალაშვილი (59. კორიფაძე), კაშია, ჭელიძე, ჩიკვაიძე - დეკანოიძე (59. ლექვთაძე/70. გორგიაშვილი), ივანიშვილი, დობროვოლსკი, განუგრავა, სარდალიშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ქავთარაძე, მირცხულავა, გეგეჭკორი, კაკუბავა
გაფრთხილება: დობროვოლსკი (13), გრიგალაშვილი (45+1), ჭელიძე (56), ივანიშვილი (85)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბ. არაბული (დინამო თბ) 6
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5.

მომდევნო ტური
9 მაისი
საბურთალო-კოლხეთი
ტორპედო-შუქურა.

10 მაისი
დინამო (ბთ)-დილა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ჩიხურა-სამტრედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიკერძოებული და თანაც მშიშარა- აქაოდა შედეგს მთხოვენო ფრუიძე გაუშვით!!!
საჩხერე
13:15 08-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული