ვარლამ კილასონია: მწვრთნელი არასოდეს არის ბოლომდე კმაყოფილი

AutoSharing Option
გნებავთ,  შემადგენლობითა და გნებავთ, თამაშის ხარისხით, "რუსთავი" ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ფავორიტია. ქვემოქართლელებს ამჟამად სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უჭირავთ და მხოლოდ მარტვილის "მერანს" ჩამორჩებიან.

რუსთავურ კლუბს იქაურ ფეხბურთში გამორჩეული პერსონა, ვარლამ კილასონია უდგას სათავეში. გუნდში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ "ლელო" სწორედ მას დაუკავშირდა...

- "რუსთავი" მეორე ადგილზეა ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში. კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგითა და თამაშის ხარისხით?
- ალბათ, არ არსებობს მსოფლიოში მწვრთნელი, რომელიც ბოლომდე კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით და
შედეგით. ასე ვარ მეც. რა თქმა უნდა, შედეგი ცუდი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ ეროვნულ ლიგა 2-ში, რადგან "მერანთან" თითქმის აღარ არის ჩამორჩენა.

ჩვენ არცთუ ისე დამაჯერებლად დავიწყეთ ტურნირი. "რუსთავის" შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ამას ლოგიკური მიზეზებიც ჰქონდა. ტრავმებთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ არაერთი ფეხბურთელი დავიმატეთ და შეთამაშებას დრო დასჭირდა. პირველი წრის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა გამოვასწორეთ.

ამ დროისთვის გუნდი იბრძვის ლიგაში პირველობისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რათა "რუსთავი" ღირსეულად დაუბრუნდეს ქართული ფეხბურთის ელიტას.

- თქვენს გუნდში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში და უცხოეთში თამაშის გამოცდილება აქვს. მოდით, ახლოს გავაცნოთ მკითხველს დღევანდელი "რუსთავი"...
- მეკარის პოზიციაზე ორი შესანიშნავი კადრი გვყავს - ალავიძე და მერლანი. ალბათ, უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი არ იტყოდა უარს ასეთ მეკარეებზე. დაცვაში თამაშობენ ბრაჭული, ნარიმანიძე, აფაქიძე, კილაძე, მინდორაშვილი... მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდათ კილასონიასა და გუჯაბიძეს, რომ არა ტრავმები. "სიონიდან" დავიმატეთ გაფრინდაშვილი, რომელიც გუნდს კარგად მოერგო... ნახევარდაცვიდან ქართველი გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს გოჩა ხოჯავას. მას უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ზურგს რუსეთსა და საქართველოში წარმატებული კარიერა უმაგრებს. ვასაძე, ლობჟანიძე, ცაცკრიალაშვილი - ვფიქრობ, ამ მოთამაშეებს წარდგენა არ სჭირდებათ.

აუცილებლად უნდა ვთქვა სიჭინავაზეც. ის არა მხოლოდ თავისი ჯარიმებით, არამედ თამაშითაც გამორჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ ხოჯავას დარად, მასაც "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. ხელი შეგვიშალა გოგინაშვილისა და ლობჟანიძის ტრავმებმაც. თავდასხმაში თავიდან ჩიმაკაძემ დაიწყო, მერე ისე ვერ წაუვიდა თამაში და მეტრეველით ჩავანაცვლეთ. მერე ის დაშავდა და ისევ ჩიმაკაძე დავაყენეთ შეტევაში. ის ძალიან ნაყოფიერად დაბრუნდა, არაერთი გოლი გაიტანა...

- ზოგადად, როგორ დაახასიათებდით ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებას?
- რა თქმა უნდა, უცებ არაფერი ხდება და მე ვერ ვიტყვი, რომ ხარისხის თვალსაზრისით განსაკუთრებული წინსვლაა, მაგრამ დაძაბულობა ძალიან დიდია. გამორიცხულია, თამაშის წინ გადაჭრით თქვა - აუცილებლად მოვიგებთო.

- მთავარ პრობლემად და დადებით ტენდენციად რა მიგაჩნიათ?
- მთავარი პრობლემა, ალბათ, მაინც მინდვრის საფარია. ეს ეხება როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ საფარს. დადებითი ტენდენციებიდან კი უნდა გამოვარჩიო მსაჯობა. რა თქმა უნდა, არის შეცდომებიც, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინაა, მათ შორის, არც - ფეხბურთელები და არც - მწვრთნელები.

- ალბათ, ახალი ფეხბურთელების დამატებაც დაგჭირდებათ...
- უმაღლეს ლიგაში ღირსეულ ასპარეზობას რომ თავი დავანებოთ, ამ ლიგაშიც გვჭირდება ფეხბურთელების დამატება. ჩვენს სამიზნეშია სამი მოთამაშე... მაგრამ, მოდით, ჯერ ნუ ვიჩქარებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული