ახალი ასიანი - დიმიტრი ტატანაშვილის გამორჩეული მონაგარი

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის "ასიანთა კლუბს" ახალი წევრი შეემატა.

16 ივნისს საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად ფოთის "კოლხეთი" 3:1 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი დიმიტრი ტატანაშვილმა დაიდო. ზემოიმერელთა 33 წლის ფორვარდმა 67-ე წუთზე ანგარიში გახსნა და სწორედ ეს იყო მისი მეასე გოლი საქართველოს ჩემპიონატებში.

ტატანაშვილი არც ამას დასჯერდა და მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. შესაბამისად, "ასიანთა კლუბის" ახალ ბინადარს უკვე 102 გოლი მოუგროვდა.


"სულ ახლახან გავიგე, "ასიანთა კლუბის" წევრი რომ გავხდი
და საოცარი შეგრძნება დამეუფლა. საქართველოს ჩემპიონატში არაერთ გამორჩეულ თავდამსხმელს უთამაშია და მოხარული ვარ, მათ შორის რომ დავიკავე ადგილი. სტატისტიკით დეტალურად არასდროს ვინტერესდებოდი და არც ჩემს გოლებს ვითვლიდი, ამასობაში კი თურმე ამხელა მონაგარის ავტორი გავხდი. იმის გათვალისწინებით, რომ კარიერის ნაწილი უცხოეთშიც მაქვს გატარებული, საქართველოს ჩემპიონატში გატარებული 102 გოლი კიდევ უფრო კარგ შედეგად მოჩანს", - განაცხადა ტატანაშვილმა.

ამ 102 გოლიდან რომელიმეს გამორჩევა უჭირს, ამბობს, რომ მისთვის მთავარი ყოველთვის გუნდის ინტერესებია, თუმცა მისი, როგორც ფორვარდის უშუალო მოვალეობა სწორედ გუნდის გოლების რაოდენობაზე ზრუნვაა.

"ვფიქრობ, რომ საინტერესო კარიერა გავიარე და ჩემი გუნდებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. გამოვარჩევდი თბილისის "ამერში" გატარებულ პერიოდს, რომლის შემადგენლობაშიც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარე შიდა ასპარეზზეც და ევროტურნირებზეც", - აღნიშნა ფორვარდმა.

ტატანაშვილსა და "ჩიხურას" მორიგი ევროგამოცდა ელით. ევროპა ლიგაზე საჩხერელთა მეტოქე ავსტრიული "ალტახი" იქნება.

"ჩიხურამ" ევროტურნირებზე უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვა. გუნდი მზად არის იმისთვის, რომ საერთაშორისო არენაზე ქართული ფეხბურთი დადებითი კუთხით წარმოაჩინოს. პირადად მე ევროთასებზე უკვე არაერთ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა და ყველანაირად ვეცდები, რომ "ჩიხურას" ჩემი გამოცდილება გამოადგეს.

რაც შეეხება მეტოქეს, გამორიცხულია, ავსტრიის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ცუდი გუნდი იყოს, მაგრამ თუ ჩვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა შევძელით, ამ ბარიერის გადალახვა სრულიად შესაძლებელი იქნება".

ევროთასების პარალელურად კი, ტატანაშვილისა და მისი თანაგუნდელების ამოცანა შიდა ასპარეზზე პოზიციების გაუმჯობესებაა.

"საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ვართ და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი ვერაფრით დაგვაკმაყოფილებს. შეიძლება ითქვას, სეზონის პირველ ნახევარში ჩემპიონატის ახლებურ ფორმატთან გავდიოდით ადაპტაციას, მესამე და მეოთხე წრეში კი, დარწმუნებული ვარ, შედეგებს საგრძნობლად გავაუმჯობესებთ. ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გვაქვს, ყველა თამაშში ბრძოლაა და იმედია, სეზონის ბოლომდე ჩვენს სათქმელს ვიტყვით, უიმედოდ ნამდვილად არ ვართ", - ამბობს ჩვენი ჩემპიონატის ახალი ასიანი.

მომზადებულია Eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული